კაკოია ცოლს ეძებს... - კვირის პალიტრა

კაკოია ცოლს ეძებს...

"არა შეჯდა ცოლი ხესა", ანუ მეწიეთელ გურულს ხეზე საცხოვრებლად არავინ მიჰყვება

53 წლის კონსტანტინე ლომთათიძე თხემლის ხეზე რომ ცხოვრობს და აქამდე ცოლი ვერ მოუყვანია, მარტო ჩოხატაურში იცოდნენ, ახლა კი მთელმა ქვეყანამ გაიგო. მისი დამხმარე რომ არავინ აღმოჩნდა, კაკოიამ (ასე ეძახიან სოფელ მეწიეთში) ჟურნალისტებს მიაკითხა, - არც სახლი მაქვს, არც კარი, მიშველეთ რაცხა, ხეზე არავინ მომყვება და იქნება მთავრობამ სახლი ამიშენოსო! ცოლის მოყვანისთვის ხეს რა მნიშვნელობა აქვს, მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ცულის ტარზეც დაეტევაო, ნათქვამია, მაგრამ ამ ამბიდან მაინც არაფერი გამოვა! ახლა ქალმა ისე გაიწია, ჩოხატაურიდან ჩიკაგოშიც კი გათხოვდება და ვითომ კაკოიას ხეზე რატომ უნდა გაჰყვეს?! ჩემი აზრით, ამ საქმიდან ერთადერთი გამოსავალია - კეთილინებოს ჩოხატაურის ხელისუფლებამ და კაკოიას პატარა სახლი აუშენოს. არ არის ეს დიდად ძნელი საქმე, მაგაზე კარგს, სულაც თავი რომ მიაკლან, მაინც ვერაფერს იზამენ!

რაც შეეხება კეთილ სიტყვას, ჩვენც შევაწევთ მეწიეთელ გურულს: ქალებო, არ არის კაკოია ურიგო სასიძო, ეს კაცი დღედაღამ შრომობს და მეოჯახე ქალის ხელში მავთულებით დაბმულ თავის ქოხს კი არა, მთელ ქვეყანას გადადგამს! მავთულებზე არაფერი გაიკვირვოთ, კაკოიას მამაპაპისეული ხის ქოხი მართლა "კატანკა სინებით" (თავად ასე ეძახის) არის მიბმული ხეზე.

"კვირის პალიტრა" წლის სასიძოს, კონსტანტინე ლომთათიძეს დაუკავშირდა:

- რა მექნა, სახლს საძირკველი დაულპა, მეწიეთში კიდე იმფერი ქარი იცის, თავზე ჩამომამხობდა! მაქანე მაინც მძინავს წყნარად. მაგი საწოლი ხეზე იმფერი მავთულებით მაქვს დაბმული, რაც გინდა კრაოტში ვიტრიალო, მაინც არ გადმოვვარდები.

- ამდენ ხანს ცოლმოუყვანელი რომ შემორჩი, ალბათ, წუნია ხარ. ვინ იცის, იმისთანა "სტანდარტები" გაქვს შერჩეული, ვერც ერთ ქალს ვერ მოარგე. - კი მაქვს: ქალი უნდა იყოს პატიოსანი, მაღალი, ასე, 35 წლამდე, ბაღანა რომ გამიჩინოს, თანაც განათხოვარი არ მინდა!

- მაგისთანა ვინ გეგულება? - რაფერ არ მეგულება, მარია შარაპოვა მომწონს ძალიან.

- და მჭადსაც შენ გამოუცხობ, ხომ? - მაგის ხათრიზა კი გამოვაცხობ.

- უმჯობესია, ახლომახლო სოფლებში ეძებო საცოლე, იქნებ ვინმე სახლკარიანი და ჩასასიძებელიც იპოვო. - სიდედრთან ჩემი მტერი და დამაწყევარი იყოს. მაგას მირჩევნია, ისევ მთავრობას დოვუწერო განცხადება სახლის აშენებაზე, 200 კი მაქ დაწერილი და პაწას კიდო დოვუმატებ, - მითხრა, კონსტანტინემ და მეც აღარ ვუთხარი, ჩვენი მთავრობის იმედზე მტერი იყოს-მეთქი!

მართლაც რა გახდა ერთი ადამიანური სახლი ამ კაცისთვის, ხელისუფლებას მეტი რაღა ევალება? თუ ჩოხატაურის ხელისუფლება კაკოიასთვის პატარა თავშესაფარს ჩადგამს მეწიეთში, ჩემი ღრმა რწმენით, აქაურებში ლეგენდად დარჩება. თავადაც ხომ იციან, რომ კეთილად მოგონების სხვა შანსი ისევე არ გააჩნიათ, როგორც კაკოია ვერ მოიყვანს ცოლს უსახლოდ.

ანა რამიშვილი