"ხომ ხედავთ, ჩემი რძალი როგორ მანერვიულებს, მაგრამ მე ვითმენ" - კვირის პალიტრა

"ხომ ხედავთ, ჩემი რძალი როგორ მანერვიულებს, მაგრამ მე ვითმენ"

"წლის დედამთილის" წოდება რომ არსებობდეს, ალბათ, მედეა ლორთქიფანიძეს კონკურენციას ვერავინ გაუწევდა - ქალბატონი მედიკო სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" დედამთილის როლს ისე ოსტატურად ასრულებს, რომ საქართველოში ყოველ მეორე ქალს თავისი დედამთილი ჰგონია. "მანანა ბებო" სინამდვილეში თბილი, მზრუნველი და იუმორით სავსე ადამიანია.

- ახალ წელს როგორც ყველა, მეც იმედით ვეგებები. შვილი და შვილიშვილები მესტუმრებიან, ძმისშვილიც მოვა ოჯახით და ეს არის ჩემი ახალი წელი. ძალიან ბევრი საჩუქარი ვუყიდე ყველას, ორი ონავარი შვილიშვილი მყავს - რატი და ნიცა. ყიფიანები არიან, აბა, ლორთქიფანიძის ქალი შვილს ვიღაც ჩიბურდანიძეს ხომ არ გავატანდი.

ჩემმა შვილიშვილებმა ნაძვის ხე უკვე მორთეს. მათ გაბრწყინებულ თვალებს რომ ვუყურებ, ყველაფერი მავიწყდება. ამ საახალწლოდ ერთი ნატვრა და სურვილი მაქვს: შვილიშვილების გაზრდას და დაქორწინებას მოესწროს ყველა - ამაზე მეტი ბედნიერება ადამიანის ცხოვრებაში რა უნდა იყოს?

- თქვენი აზრით, რა არის ნამდვილი ბედნიერება? - სიყვარულზე დიდი ბედნიერება ამქვეყნად არ არსებობს. ყველაზე ბედნიერი ახალი წლის დღეები მაშინ მქონდა, როცა მეუღლე გვერდით მყავდა. ყველაზე სამახსოვრო საჩუქარიც მისგან მახსოვს: მაშინ "დუბლიონკა" იყო მოდაში, მომიტანა და მაჩუქა. ეს "დუბლიონკა" ოცი წელიწადია, მიკიდია კარადაში ისე, რომ ხელი არ გამიყრია. ვერაფრით გავიმეტე გასაჩუქებლად, რადგან ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგ დღეებს მაგონებს. ზოგჯერ ადამიანი ვერც კი ხვდება, რა ბედნიერია, ამიტომ ჩემს ნაცნობებს და ახლობლებს სულ ვეხვეწები, ქალებო, გაუფრთხილდით თქვენს ქმრებს და რაღაც-რაღაცები აპატიეთ, სხვაგვარად ვერც ოჯახს შეინარჩუნებთ და ვერც - სიყვარულს-მეთქი. ოჯახის წევრებთანაც დათმობაა საჭირო: ხომ ხედავთ, სერიალში ჩემი რძალი როგორ მანერვიულებს, მაგრამ მე ვითმენ. რეალურ ცხოვრებაშიც ჩემი სიძისთვის ერთი ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს და მეც არ მახსოვს, მისგან რამე მწყენოდეს. თუ ავურევ, თვითონაც ამირევს და უარესით მიპასუხებს. ოჯახში ყველამ თავისი ადგილი რომ იცოდეს, ამდენი ჩხუბი და უსიამოვნება აღარ იქნებოდა. ჰოდა, თუ გსურთ, 2019-მა წელმა სიმშვიდე და ბედნიერება მოგიტანოთ, "მანანა ბებოს" რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.

- "მანანა ბებომ" თქვენს ცხოვრებაში დიდი სიხარული მოიტანა. რა გასწავლათ ამ როლმა? - უპირველესად ის, რომ ადამიანს ყველა ასაკში შეუძლია, წარმატებული და ბედნიერი გახდეს. გარეთ რომ გავალ, ყველა მეფერება. ამ როლმა პოპულარობაც მომიტანა და დიდი სიხარულიც.

- საქართველოში ყველაზე პოპულარული დედამთილი საახალწლო სუფრას როგორ ამზადებს? - ერთ "საშინელ" საიდუმლოს გაგიმხელთ: ცომეული არასოდეს მიყვარდა და ხაჭაპურსაც იშვიათად ვაცხობდი, სამაგიეროდ, სადილები და მურაბები კარგი გამომდის. ახალგაზრდობიდან მოყოლებული, დღემდე ჩემი საახალწლო სამზადისი ასეთია: ტრადიციულ კერძებთან ერთად ხარჩოს გავაკეთებ, მჭადს დავაცხობ, კარგი ყველი, ხილი, ტკბილეული, ერთ ბოთლ შამპანურსაც დავდებ და სუფრაც მზად არის. ჰო, კიდევ, იმერეთში ასეთი წესი გვაქვს: კვახი აუცილებლად უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე. საცივისა და კვახის გარეშე რა ახალი წელი უნდა გათენდეს, დედიკო?!

მართალია, საახალწლოდ არ გამოდგება, მაგრამ ლობიო ყველაზე მეტად მიყვარს. ისეთი გემრიელი გამომდის, რომ მეზობლები ხელიდან მტაცებენ. სადილს ყოველთვის დიდი ქვაბით ვამზადებ და მერე ვარიგებ - მეზობლებო, გამისაღეთ-მეთქი, ვეხვეწები. თვითონაც მასინჯებენ და თუ კერძი არ მომეწონება, პირდაპირ მივახლი, არ მომერიდება, ამიტომ მეტსახელად "დეგუსტატორს" მეძახიან. ერთიმეორეზე თბილი და ყურადღებიანი მეზობლები მყავს, ყველა ძალიან მიყვარს და მგონი, მათაც ვუყვარვარ.

- დაბოლოს, ახალ წელი მოდის, რას უსურვებთ თქვენს ახლობლებს და მთელ საქართველოს? - ბევრი სიხარული და ბედნიერება აჩუქოს ყველას მომავალმა წელმა! ყველაზე მეტად კი, იცით, რას ვნატრობ? ქართველები ერთმანეთს არ ლანძღავდნენ... თუ ერთმანეთს არ შევიყვარებთ და პატიებას არ ვისწავლით, არაფერი გამოგვივა და თუ ამას შევძლებთ, ეს იქნება ყველაზე ბედნიერი წელი "მანანა ბებოსთვის".