"ბავშვი ორივეს ძალიან გვინდოდა" - როგორ მიდის თაკო გაჩეჩილაძის ოჯახური ცხოვრება ვენაში - კვირის პალიტრა

"ბავშვი ორივეს ძალიან გვინდოდა" - როგორ მიდის თაკო გაჩეჩილაძის ოჯახური ცხოვრება ვენაში

მისი სოციალური ქსელის ქრონიკას მუდამ თვალს ვადევნებ, რადგან ამ ძალიან ნიჭიერ, ლამაზ, ხუჭუჭთმიან და მხიარულ გოგონას, უფრო ზუსტად - უკვე ახალგაზრდა ქალს, ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ. ცხადია, მის ბავშვობას ვგულისხმობ, იმ პერიოდს, როდესაც "ქართველი ფერიების" კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ამას მის ოჯახთან დაახლოება და ჩვენი ბორჯომული თავგადასავლები მოჰყვა - ტკბილი დღეები ზამთარ-ზაფხულ, წლიდან წლამდე, არდადეგებ-შვებულებების პერიოდში, მუდამ ბორჯომში და, რატომღაც - არასდროს თბილისში. ოდესღაც ამიტომაც დავირქვით "ბორჯომის მეგობრები".

ფოტოგალერეა

გასაოცარიც კი არის, მაგრამ ფერიების ამბის შემდეგ მისგან ინტერვიუ არც ამიღია. როგორც ვიცი, დიდად არც უყვარს პრესასთან ურთიერთობა, მაგრამ... ამ ადამიანისთვის ახალი - 2019 წელი მართლაც ძალიან გამორჩეული აღმოჩნდა და ძალიან მომინდა, მისი სიხარული პროფესიული თვალსაზრისითაც გამეზიარებინა. ცნობილი მუსიკალური ოჯახის - კომპოზიტორ და დირიჟორ გივი გაჩეჩილაძისა და სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ "რეროს" ყოფილი სოლისტის, მომღერალ თინა გაჩეჩილაძის უმცროსი ქალიშვილი, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე უკვე თამარა გაჩეჩილაძე-მილანოვაა.

თაკო მეუღლესთან ერთად იგი გათხოვდა და... მის ფოტოებს რომ ვათვალიერებ, მართლაც შევხარი, ისეთი ბედნიერი და გაცისკროვნებული ჩანს. ასე მხოლოდ ძალიან შეყვარებული ქალები გამოიყურებიან, კიდევ უფრო მეტად კი - ძალიან შეყვარებული ფეხმძიმე ქალები. თაკოს მეუღლე ცნობილი ბულგარელი მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია. წყვილმა ჯვარი შემოდგომაზე, თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერა, ახლახან კი თამარამ და ბორისმა ქორწინება ხელმოწერითაც დაადასტურეს. თამარა მეუღლესთან ერთად ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცხოვრობს და მეც სწორედ იქ დავუკავშირდი.

- თაკო, როგორია შენი სიყვარული, რომელმაც ასე გაგაბედნიერა?

- ჩემი მეუღლე ევროვიზიის დამსახურებით გავიცანი, თუმცა თავიდან არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა, მხოლოდ ეგ იყო - ბობი არ მალავდა, გაცნობისთანავე რომ მოვეწონე. მაშინ მხოლოდ ევროვიზიის კონკურსზე ვფიქრობდი და ამის გარდა ამ ქვეყნად არავინ და არაფერი მაინტერესებდა. ამიტომ თავიდან ბობის გრძნობები მხოლოდ ცალმხრივი იყო. ხელისმოწერის ცერემონიალი კონკურსის დამთავრების მერეც ბობი არ მომეშვა და ჯიუტად მწერდა - ძალიან მიზანსწრაფული და ჯიუტი აღმოჩნდა (იცინის). ბოლოს, თანამშრომლობა შემომთავაზა, რასაც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან იგი ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორია და მისი სიმღერები მომწონს. მუშაობის პროცესში, კარგად რომ გავიცანი, მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო.

- მალე დედა გახდები. მეუღლეს რომ უთხარი, როგორ შეხვდა ამ ამბავს? და კიდევ, როდის ელოდებით ბავშვს, თუ საიდუმლო არ არის, ვის ელოდებით - გოგონას თუ ვაჟს?

- ბავშვი ორივეს ძალიან გვინდოდა და ოჯახის შექმნის მთავარი აზრიც ეს იყო. ბობიმ ჩემი ფეხმძიმობის ამბავი რომ შეიტყო, ისეთი რეაქცია ჰქონდა, ასე ადვილად, სიტყვებით ვერც გადმოგცემთ. ფეხმძიმე თაკო ერთი სიტყვით, მისი ერთადერთი ოცნება იყო, მამა გამხდარიყო და თებერვალში აუსრულდება კიდეც ეს ოცნება, ოღონდ... ვის ველოდებით, ამას საიდუმლოდ დავტოვებ...

- მესმის შენი... ისე, ბობი როგორ ზრუნავს შენზე, რით გიმსუბუქებს ცხოვრებას? - ბობის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა მზრუნველობა. როდესაც საქმე მის ცოლსა და შვილს ეხება, რა თქმა უნდა, ეს თვისება გაასმაგებული აქვს, ვფიქრობ, ისევე, როგორც ყველა ნორმალურ მამაკაცს.

- ფოტოებით ისიც კარგად ჩანს, რომ შენი მშობლებიც ძალიან ბედნიერები არიან შენი არჩევნით. მაგრამ მაინც, რთული არ არის მათგან და შენს განუყრელ დასთან - ნინოსგან, თუნდაც - სამშობლოსგან ასე შორს ყოფნა?

- რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვქნა? - ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. ღმერთმა უკეთ იცის, სად ჯობია ჩემი ყოფნა. მითუმეტეს, რომ საქართველო ნამდვილი - მზრუნველი და ყურადღებიანი მამაკაცების დიდ ნაკლებობას განიცდის.

- საშობაო-საახალწლოდ რა გეგმები გაქვთ? შენს მეუღლეს რაიმე, განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ აქვს ამ მხრივ... ან შენ? ან იქნებ ახალ ტრადიციას უყრით საფუძველს?

- არაფერი - განსხვავებული. ყველაფერი იგივეა. ერთადერთი, ბულგარული საეკლესიო კალენდრით, შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ. დანარჩენად, ყველაფერი იგივეა. ბობის ოჯახი საკმაოდ ტრადიციულია, ამიტომ შობას შინ, ოჯახთან ერთად შევხვდებით და მერე სადმე წავალთ.

- საერთოდ, რა მნიშვნელობის დღესასწაულია პირადად შენთვის შობა-ახალი წელი და, თუ არ ჩავთვლით ამ ახალ წელს, შენი ლამაზი ბავშვობის წლებიდან მოყოლებული, რომელი საშობაო-საახალწლო ამბავი დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად, რა დაგრჩა შთამბეჭდავად იმ წარსულიდან? - შობა-ახალი წელი გამორჩეულად მიყვარს, ეს წლის საუკეთესო პერიოდად მიმაჩნია, რადგან საოცრად ლამაზიცაა და თანაც - ძველის დასასრული და ახლის დასაწყისია! სიახლე და ახალი ფურცელი ჩემთვის ყოვეთვის მიმზიდველი და საინტერესოა. თაკოს ნაძვის ხე თანაც, ამ დღესასწაულზე, თითქოს, ყველა ერთიანდება - ოჯახიც და მეგობრებიც... და ბოლოს, ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნაძვის ხესა და საახალწლო აქსესუარებს. ნაძვის ხეზე ვგიჯდები და ნოემბრიდან ვდგამ ხოლმე, ვაწყობ და თებერვლამდე არ ვიღებ. ბოლოს დედაჩემი შლის, თუმცა ამის გაკეთება დიდ ძალისხმევად უჯდება (იცინის).

- და ბოლოს, რას ნატრობ ამ საახალწლოდ თავად და რას უსურვებ სხვებს - შენს ოჯახს, ახლობლებს, სამშობლოსა და ქვეყანას, რომელიც, ფაქტობრივად, მეორე სამშობლოდ გექცა, რომელიც შენი შვილის სამშობლო უნდა გახდეს?

- პირველ რიგში, ჩემი ნატვრა-ოცნება-სურვილია, ბავშვი მშვიდობიანად გაჩნდეს და ჯანმრთელი იყოს! ამასთან შედარებით, სხვა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანია. თუმცა, ეს "მეორეხარისხოვანიც" ძალიან მნიშვნელია. ამიტომ... კიდევ რას ვისურვებ? - ჩემი ოჯახის ბედნიერებას! საქართველოში მშვიდობას და ჩემი ქვეყნის გამთლიანებას. თუკი ეს ოდესმე გვეღირსება, უბედნიერესი ვიქნები!

ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელსა და შობას და ჩემი ოჯახით დაწყებული, ყველას საუკეთესო სურვილებს გიგზავნით!

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალურად საიტისთვის)