"ყოველი წლის 31 დეკემბერს მეგობრები აბანოში მივდივართ" - ცნობილთა საახალწლო ტრადიციები - კვირის პალიტრა

"ყოველი წლის 31 დეკემბერს მეგობრები აბანოში მივდივართ" - ცნობილთა საახალწლო ტრადიციები

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული პერიოდია, მას დიდი სიხარულით ველოდებით. ამ დღესასწაულებისთვის სამზადისსა და ფუსფუსს დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვიწყებთ. ყველა ოჯახს ახალ წელთან დაკავშირებული თავისი ტრადიცია აქვს. "კვირის პალიტრა" ცნობილ ადამიანებს დაუკავშირდა, მათ ახალ წელთან დაკავშირებული სახალისო ისტორიები გაიხსენეს.

"ცუდი ფეხი გაქვსო, ჯერჯერობით არავის უთქვამს"

სალომე ჭაჭუა: "ნაძვის ხის მორთვა დედას უფრო უყვარს, ვიდრე მე. უკვე წლებია, ჩვენს ნაძვის ხეს ორი ანგელოზი ალამაზებს და ეს სათამაშოები ძალიან მიყვარს. ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები. სალომე ჭაჭუა ახალი წლის დადგომისთანავე, ზუსტად 12 საათზე, ჩემი ძმა ოჯახის წევრებს თავისი ხელით თაფლს გვაჭმევს და ტკბილად გვაბერებს. ადრე ამას მამა აკეთებდა, ახლა ტრადიციას ჩემი ძმა აგრძელებს... მიყვარს ახალი წელი. გარეთ რომ გავდივარ, ყველა ბედნიერია, ამიტომ უფრო მიხარია ეს დღესასწაული.

ერთი ამბავი მახსენდება: ჩემი მეგობარი მეკვლედ გვესტუმრა. ერთ ხელში ნამცხვარი ეჭირა, მეორეში - კანფეტი. შემოვდგი ფეხი, ხვავი და ბარაქა გქონოდეთო, დასჭექა და კანფეტების ნაცვლად ზემოთ ნამცხვრები აყარა... მეც ვყოფილვარ მეკვლე და ჯერჯერობით არავის უთქვამს, ცუდი ფეხი გაქვსო".

"ჩვენს ნაძვის ხეს სამი თაობის სათამაშოები ამშვენებს"

ქრისტი ყიფშიძე

კრისტი ყიფშიძე: "ყოველ წელიწადს ოჯახში ვხვდები. ჩემი შვილი 6 თვის იყო, როდესაც პირველად შეხვდა ახალ წელს და მთელი ოჯახი ბავშვზე გადავერთეთ - საჩუქრები დავუწყეთ ნაძვის ხის ქვეშ, ბუხარში... მანამდე სულ მე ვიყავი ბავშვი და ეს ახალი წელი განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

მეკვლეს ტრადიციას ვიცავთ. შარშან ჩემი დისშვილები იყვნენ მეკვლეები. მთავარია, კარგი განწყობით შეხვდეთ ახალ წელს და მთელი წელი ბედნიერი იქნება.

ახალ წელს აუცილებლად უნდა მეცვას ახალი კაბა.  ძალიან ლამაზია, ხელებზე ბუმბულით. უზარმაზარი და ძალიან ლამაზი ნაძვის ხე გვაქვს. დედაჩემის, ჩემი და ნატალიას ბავშვობის სათამაშოები დღემდე შემოგვრჩა. ჩვენს ნაძვის ხეს სამი თაობის სათამაშოები ამშვენებს".

"ახალ წელს ზოოპარკში შევხვდით"

ნატუკა გულისაშვილი: "ყოველ წელიწადს ჩემს ნაძვის ხეს ახალ სათამაშოს ვამატებ. უკვე 12 წელია, ერთი ნაძვის ხე მაქვს. იმ წელს ძალიან კარგი წელი მქონდა და ახალს არ ვყიდულობ. მხოლოდ შარშან შევცვალე ცოცხალი ნაძვით და ეს წელი ჩემთვის ცუდი გამოდგა, ამიტომაც ტრადიციას აღარ დავარღვევ. ნატუკა გულისაშვილი

ბავშვობიდან მე ვარ მეკვლე. სადაც უნდა ვიყო, 12 საათისთვის შინ მოვრბივარ, რომ პირველმა შემოვდგა ფეხი, მერე უკან ვბრუნდები...

ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ქალაქში საცხობები არ იყო და ნამცხვრებს დაკვეთით ამზადებდნენ ოჯახებში, ჩვენც შევუკვეთეთ ვაჟა-ფშაველას გამზირზე. 31 დეკემბერს, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე მივედით მე და ჩემი ძმა წამოსაღებად, მაგრამ უკან წამოსვლისას ტრანსპორტი ვეღარ გავაჩერეთ. ფეხით ვიარეთ ვაჟას ძეგლიდან გმირთა მოედნამდე. ზუსტად 12 საათზე ზოოპარკთან ვიყავით. რა უნდა გვექნა? ჩამოვსხედით ჩვენი ნამცხვრებით ლომებს შორის ზოოპარკის კიბეზე და მივულოცეთ ერთმანეთს. ნამცხვარიც გემრიელად მივირთვით.

ერთი ტრადიცია გვაქვს - გოზინაყს ყოველთვის დედა აკეთებს; როცა პროცესი სრულდება, ოჯახის თითოეული წევრი სამჯერ ვურევთ ხის კოვზით და სურვილებს ჩავუთქვამთ".

"ყოველი წლის 31 დეკემბერს მეგობრები აბანოში მივდივართ"

ეკა კახიანი: "ტრადიციად გვაქვს - მე, მაია ჯაბუა და ლელა წურწუმია 31 დეკემბერს მივდივართ გოგირდის აბანოში და ყველაფერ ცუდს წყალს ვატანთ... უკვე მერამდენე წელია, ახალ წელს სახლში არ შევხვედრივარ. მთელი ოჯახი სადღაც ვიფანტებით. ვინც შინ პირველი დაბრუნდება, მეკვლეც ის არის. ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი

განსაკუთრებული ახალი წელი მაშინ მქონდა, როდესაც ნინი გავაჩინე და ახალ წელს სამშობიაროში შევხვდით. ეს იყო 1985 წლის 27 დეკემბერი. ბევრჯერ ახალი წლის კონცერტზე დამიგვიანია და 12 საათს მანქანაში შევხვედრივარ. ერთხელ მატარებელშიც შევხვდი ბავშვებთან ერთად..."