"მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა "ავტობუსი" - კვირის პალიტრა

"მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა "ავტობუსი"

ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათიღა რჩება. ავტობუსის გაჩერებაზე სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები შეკრებილან, ყოფით პრობლემებში ჩაძირულების ერთადერთი სურვილი შინ დროულად მისვლაა - ასეთია ფილმ "ნეილონის ნაძვის ხის" შინაარსი. გადაღებიდან რამდენიმე ათეული წელი გავიდა, მაგრამ დღესაც არა აქვს ფილმში დასმულ ყველა კითხვას გაცემული პასუხი.

ამირან დოლიძე, სცენარის ავტორი:

- კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რედაქტორად ვმუშაობდი. ერთ დღეს ფილმში ასახულ ამბავს მოვუყევი რეჟისორ რეზო ესაძეს. მითხრა, დაწერეო.

საბჭოთა პერიოდში სიმართლის თქმა, განსაკუთრებით ხელოვნებაში, ძნელი იყო, ამიტომ მოვიგონე მოდელად ავტობუსი, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა სოციალური ჯგუფი, რომელსაც შინ მიეჩქარება და გზაში წინააღმდეგობა ხვდება. ავტობუსის დახშული სივრცე იყო იგავური ფორმა სახელმწიფოსი, რომელიც არსაითკენ მიექანება. მძიმე ბედი ჰქონდა სცენარს, არ იღებდნენ. ცეკაში დაგვიბარეს მე და ესაძე, სადღაც სარდაფში გვატარეს, ვიფიქრე, გვიჭერენ-მეთქი, ბოლოს შევედით დარბაზში, იქ ისხდნენ მოხელენი და დაგვიწყეს გაკრიტიკება. რეზომ უარი განაცხადა რომელიმე მომენტის ამოჭრაზე. მერე მოსკოვში წავედით გასახმოვანებლად. იქ ვნახეთ ჩემი მეგობარი მერაბ ჭიბოშვილი, რომელიც იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრ შევარდნაძის რეფერენტი იყო. რეზომ სთხოვა, ეგება ფილმი შევარდნაძეს აჩვენოო... ამის შემდეგ სასიკეთოდ შეიცვალა ყველაფერი, სახელმწიფო პრემიაც კი მოგვანიჭეს.

გურამ პეტრიაშვილი, მწერალი და მსახიობი: - გახსოვთ, ალბათ, როგორ მღერიან ბოლოს და ყველაფერი გადადის მსუბუქ ნოსტალგიაში, რომელიც ყოველთვის ახლავს ახალ წელს. ქართველები როდესაც ვმღერით, მაშინ ვართ კარგები. ნაკლი იმდენი გვაქვს, ვერც დაითვლი, მაგრამ ვინმემ რომ მითხრას, ხვალ ქართველებს ნაკლი აღარ გექნებათ, იცხოვრებთ არხეინად, მაგრამ ქართველები აღარ იქნებითო, უარს ვიტყვი.

რეზო ესაძე იხსენებდა:""როდესაც დაიწყო ფილმის ჩვენება ბერლინის უზარმაზარ ეკრანზე, თავში შემოვირტყი ხელი, ვფიქრობდი, რა დამიშავა ჩემმა ერმა ისეთი, რომ ამ ევროპის ცენტრში ასეთ მდგომარეობაში ვაშუქებ-მეთქი. ასე გავატარე მთელი ჩვენება. თავი რომ ავწიე, ტაში ატყდა. ერთი მეკითხება, ყველანი ასეთი ლამაზები ხართ საქართველოშიო? გადავირიე... ერთმა ამერიკელმა კი: "ეტოტ ავტობუს ნე ტოლკო ვაშ ავტობუს. ვ ეტომ ავტობუსე ვსე მი სიდიმ ი კატიმსია ...ო" - საშინელი სიტყვა თქვა, იმას ვერ ვიტყვი".

"იცით, როგორი სახეა? - ცივ წყალში გამდნარ ფოლადს რომ ჩაასხამ, ზედ დაუმატებ კვაწარახს, მარილს და ჭინჭარს მოაყრი, აი, ეს არის ზურა ყიფშიძე", - "ნეილონის ნაძვის ხეში" განსახიერებული როლის გამო ასე ახასიათებს რეზო ესაძე ზურა ყიფშიძეს, თვითონ მსახიობი კი იხსენებს: "როლზე მუშაობისას ბატონი რეზო მეუბნებოდა, გამიკეთე ღორის თვალებიო. დავდიოდი და ვუყურებდი, როგორი თვალები აქვთ ღორებს - მაზალო თვალები აქვთ, ახლო-ახლო. ჩემს ჭკუაში მე ღორს ვთამაშობდი... თვითონ ბატონი რეზო გამვლელს თამაშობს. ხავერდით გაწყობილი პალტო აცვია, თავზე - შლაპა. გაყინული სახით დააბიჯებს. თურმე გადასაღები ჯგუფის წევრებს ეკითხებოდა, ვის ვგავარო და, ისინიც, ილია ჭავჭავაძეს გვაგონებო. ეს ძალიან ახარებდა... ეს ფილმი ყველაფერზე ერთადაა: იმაზე, რომ მიმტევებლები უნდა ვიყოთ, სოფლიდან კი არ უნდა გამოვრბოდეთ, უნდა გავრბოდეთ, სიკეთეზეა, მშვიდობაზე, რომ ნეილონის კი არა, ნამდვილები უნდა ვიყოთ".

ბაია დვალიშვილი, მსახიობი: - გული მწყდება, რომ ის სიტუაცია, რაც ფილმშია: გაჭირვება, ზედახორა, მოწყენილი სახეები დღემდე არ შეცვლილა. არადა, 30 წელი გავიდა. ბევრი ადამიანი, რომლებიც ამ ფილმში თამაშობენ, აღარ არის, მსახიობების ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა "ავტობუსი", რომელიც დაგვატარებს.

დათო დვალიშვილი, მსახიობი: "გახმოვანების დრო რომ დადგა, საქართველოში არ ვიყავი, ამიტომ ჩემი პერსონაჟი რეზო ესაძემ გაახმოვანა. ზუსტად დაასვა ჩემს ხასიათს თავისი ხმა. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდი სიყვარულით მივულოცავ "კვირის პალიტრასა" და მის მკითხველს ახალ წელს."