აკვნების შემგროვებელი - კვირის პალიტრა

აკვნების შემგროვებელი

გოდერძი ჩოხელმა თქვა, ვისზეც დავწერე, ყველანი ჩემ გვერდით ცხოვრობდნენ, მათ შორის დარდების შემგროვებელიცო. ეს ნათქვამი ამედევნა, როცა ქემელ თურმანიძეზე შევიტყვე, აჭარის სოფლებში აკვნებს აგროვებსო. მოვძებნე და ვკითხე, აკვნებს რატომ აგროვებთ-მეთქი. მაგ აკვნებთან ერთად, მთელ ჩვენს ისტორიას ვაგროვებ, სიცოცხლე ხომ აკვნიდან იწყებაო.

ეს ისტორია ქედის სოფელ ნამონასტრევში დაიწყო, სოფელში, საიდანაც თურქეთის მიტაცებულ ჩვენს ერუშეთში ცხენებით მიდი-მოდიოდნენ ფარულად, ნათესავებს ნახავდნენ, ივაჭრებდნენ და უკანვე მალულად ბრუნდებოდნენ. შინისკენ გზას ისევ მთა-მთა შეუყვებოდნენ დაღლილი ცხენებით. როდესაც ქემელი ჯარში წავიდა, მაშინ მამამისი სოფლისთვის ხისგან საოჯახო ნივთებსა და აკვნებს თლიდა.

- ყოველდღე მესმოდა ხის გარანდვის ხმა, არა მხოლოდ აკვნის, იმ საოჯახო ნივთებისაც, რომელსაც მთაში მოვიხმარდით. მამა თლიდა გობებს, კოვზებს... ყველაფერი ნედლი ხის სურნელით იყო გაჟღენთილი... ჯარში ერთი კარგი თერჯოლელი ბიჭი გავიცანი, ხატავდა და ხისგან სუვენირებს თლიდა. თავდაპირველად მის ნამუშევრებს გულგრილად შევცქეროდი. მერე ვუთხარი, აბა, ერთი მეც მომასინჯვინე, იქნებ რაიმე გამომივიდეს-მეთქი. მოვსინჯე და ვეღარც მოვცილდი. გენებმა იყივლა - მამაჩემი ხომ ხეს თლიდა, მისი წინაპრებიც დურგლები იყვნენ. ჯარის შემდეგ მე და ის თერჯოლელი ძმაკაცი თბილისში სასწავლებლად ჩამოვედით და ბინის ქირასაც კი ვიხდიდით ჩვენი ხელნაკეთი სუვენირებით...

მერე სადმე ძველ გობს ან ჩოგანს რომ დავინახავდი, თითქოს იმ ხალხს და იმ დროს შევყურებდი, რომელიც მათ გამოიარეს. ჰოდა, დავიწყე სოფელ-სოფელ სიარული მათ შესაგროვებლად, მათთან ერთად კიA აკვანების. ამ აკვნებში მათი პატრონებიც ვერ ითვლიან, იმდენი სიცოცხლის ნერგი ჰყავთ გამოზრდილი... თავიდან აკვნებს ბათუმის ნაქირავებ ბინაში ვინახავდი, მერე კი იმ ოროთახიანში, რომელიც ცოლის შერთვისას შევიძინე და დღემდე სამი შვილით ვცხოვრობ. კიდევ კარგი, ცოლმა მხარი ამიბა, თორემ ხელფასის ნახევარზე მეტს ამ ნივთების შეძენაში ვხარჯავდი, აბა, ყველა ხომ არ მაჩუქებდა. ბოლოს ეს ნაგროვები მუზეუმად გადაიქცა. მერე მთავრობაც დამეხმარა... ამ მუზეუმში ჩემი და ჩემი ორი ძმის აკვანიც არის. სულ 6 ძმანი ვიყავით და სამი ერთ აკვანში გავიზარდეთ. მოწიწებით წამოვიღე სოფლიდან, მას ჩემი სახლისა და ბავშვობის სითბო გამოჰყვა. კიდევ ერთი აჭარული აკვანი ნათესავმა ჩამომიტანა კოკოტაურიდან, ამაზე კარგ ადგილას ვერსად იქნებაო.

- კოკოტაური ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელია საქართველოში. - ისე როგორც იქიდან ჩამოტანილი მოხატულ-მოჩუქურთმებული აკვანი. აჭარულ აკვნებს ბუნებრივი საღებავებით ხატავდნენ, ჭრელაჭრულა ფერებით ალამაზებდნენ. ჩვილი რომ თვალს გაახელდა და ამ ფერებს შეხედავდა, გაიღიმებდა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომელმაც მაჩუქა აკვანი. მერე და მერე სხვებმაც მომიტანეს...

- ცოტა არ იყოს, ამ ამბავს სევდაც ახლავს, გჩუქნიან იმიტომ, რომ აღარ სჭირდებათ. - აკვანი მომთაბარე მონღოლებმა შემოიტანეს ჩვენთან, ცხენზე გადაკიდებულ აკვნებში აძინებდნენ ჩვილებს. მერე ქართველებმა ისეთ სიმაღლეზე ავიყვანეთ, მონღოლს არც დაესიზმრებოდა: მოვხატეთ, მოვაჩუქურთმეთ, სიწმინდედ ვაქციეთ. ამიტომაც აკვანს ვერავინ შეჰბედავს გადაგდებას.B ბევრმა იმიტომაც ჩამაბარა, რომ იციან, თვალისჩინივით მოვუვლი.

რაც უნდა ლამაზად დახატო ჩვენი ისტორია, უაკვნოდ ცარიელი გამოვა.

აკვნებში მთელი საქართველოს ნენეების ნამღერია. ჩვენი აჭარელი ნენეები ნანას თურქობაშიც მღეროდნენ. იქ მიწის იმედად ყოფნა და შრომა დაისწავლეს, რადგანაც მიწის გარდა, სხვა პატრონი არც ჰყავდათ. შრომას რომ იყვნენ მიჯაჭვული, მგონია იმიტომაც არის განსხვავებული აჭარული აკვნები: ყველა ქართულ აკვანს რწევისას ხელს რომ გაუშვებ, გაჩერდება, აჭარული აკვანი კი ხელგაშვებულიც 35-ჯერ დაირწევა და მერე დადგება. ეგ იმიტომ, რომ დედებს თან აკვანი ერწიათ, თან ეშრომათ.

აჭარული აკვანი ძალიან მჩატე იყო. დედა თოკს ჩააბამდა, ფეხის ცერზე გამოიბამდა და ამ ცერით არწევდა, ხელით კი წინდას ქსოვდა. ექვს თვემდე ჩვილებისთვის სხვა აკვანი გვქონდა, ჩვილს ჩააწვენდნენ, იღლიაში ამოიდებდნენ და ყანაში წაიყვანდნენ. Mმას ხოჩიჩი ერქვა. ეს აკვანი აღარსადაა შემორჩენილი და მანამადე ვეძებე ხოჩიჩის მეაკვნე, ვიდრე 82 წლის კაცს არ გამოვათლევინე.

- გაიხარეთ და ჩვილები გაგიმრავლდეთ, ამაზე უკეთესი საქმე რა უნდა გეკეთებინათ. - საქართველოს გაუმრავლდეს. უაკვნოდაც ნაღდ ქართველებად დაგვეზარდოს.