"ნაძვის ხე რომ შეძლებული ოჯახის საკუთრება გახლდათ, იმითაც ეტყობა, რომ მდიდრულ ოთახში დგას, თანაც ხალიჩაზე" - კვირის პალიტრა

"ნაძვის ხე რომ შეძლებული ოჯახის საკუთრება გახლდათ, იმითაც ეტყობა, რომ მდიდრულ ოთახში დგას, თანაც ხალიჩაზე"

ახალი წელი საახალწლო ნაძვის ხის გარეშე ხალისს კარგავს, არადა, თბილისში პირველი ნაძვის ხე მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს გაიყიდა ე.წ. სალდათის ბაზარზე და ის სწორედ სალდათებმა - რუსმა ჯარისკაცებმა გაყიდეს, მასში აღებული ფულით კი, სავარაუდოდ, არაყი იყიდეს. მყიდველიც ევროპაში ნამყოფი მდიდარი თბილისელი უნდა ყოფილიყო - ამ დროისთვის უცხო "წიწვებიან მეკვლეს", ევროპამოვლილის გარდა, შინ ვინ შეიტანდა, არ დავითარსოო! მართალია, მაშინ ნაძვის ხის მოსართავები მხოლოდ ბაფთები და მინის ბრჭყვიალა მძივები იყო, თუმცა, ულამაზესი.

სალდათის ნაძვის ხე უმოკლეს ხანში გაევროპელებულმა თბილისმა იმდენად სწრაფად აიტაცა, რომ უკვე XX საუკუნის დამდეგიდან მდიდარი თბილისელები ნაძვის ხის გარეშე ახალ წელს აღარც ითენებდნენ. მეტიც, ერთმანეთს იმაში ეჯიბრებოდნენ, ვისი უფრო მაღალი და ლამაზი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე ჩანს გიგლო ყარალაშვილის 1913 წელს გადაღებულ ფოტოზე. გიგლო ყარალაშვილი გამოჩენილი სამხედრო პირი და ფოტოგრაფიით გატაცებული თბილისელი გახლდათ, რომელიც უბრალო ნაძვის ხის გადასაღებად "ხელს არ გაისვრიდა". ქიქოძის ქუჩაზე ნანახმა ნაძვის ხემ კი, ჩანს, იმდენად მოხიბლა, გადაიღო და დაბეჭდა კიდეც, თან წარწერაც გაუკეთა: "თბილისი, პასკევიჩის (ქიქოძის) ქუჩა #9. მ.ტ.-ს ბინა, 1913 წელი".

ნაძვის ხე რომ შეძლებული ოჯახის საკუთრება გახლდათ, იმითაც ეტყობა, რომ მდიდრულ ოთახში დგას, თანაც ხალიჩაზე. ეს სახლი ქიქოძის ქუჩაზე ახლაც დგას.

რაც შეეხება სილამაზეს, თავადაც ხედავთ, როგორი ალვისტანა ნაძვია მოჭრილი ვინმე მ.ტ.-ს ოჯახის გასახარებლად, რაც, მე თუ მკითხავთ, მათზე ალალი უნდა ყოფილიყო, რადგან იმდროინდელი თბილისელები ხეებს მხოლოდ კი არ ჭრიდნენ, ყველგან რგავდნენ, სადაც ხელი მიუწვდებოდათ.

ამ დროიდან ძალიან მალე ნაძვის ხის მოსართავებად უკვე ბრჭყვიალა კაცუნები შემოდის. ისინი მალე ჩაანაცვლა ფერად-ფერადმა ბურთებმა და ოჯახებში სიხალისე შეიტანა ახალი წლის ღამეს. თუკი ნაძვის ხის ბურთულებზე მიხატულ დიქტატორებს არ ჩავთვლით, მაგალითად, სტალინის სახე დიდხანს ამშვენებდა საბჭოთა ნაძვის ხეების ბურთულებს. ბოლოს კი ნაძვის ხის მოსართავად ციმციმა ელექტრონათურებიც გამოჩნდა - ანთებ და ზღაპარიც იწყება...

მთავარი მაინც ის არის, რომ ბედნიერი და მდიდრული ახალი წელი გაგვთენებოდეს - ისე, როგორც 1913 წელს ვინმე მ.ტ.-ს ოჯახში გათენდა...