"მჯერა, დადგება წელი, ჩემი კატარღით სოხუმის პორტშიც შევალთ!" - კვირის პალიტრა

"მჯერა, დადგება წელი, ჩემი კატარღით სოხუმის პორტშიც შევალთ!"

2018 წელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისთვის საიუბილეო წელი იყო. დანაყოფს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა და იუბილეს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდა. მათ შორის ორს გამოვყოფთ: ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში დაფიქსირდა საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის გაძლიერება, ოქტომბერში კი აშშ-ის მთავრობამ საქართველოს სანაპირო დაცვას "აილენდის" კლასის 2 ხომალდი - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" გადასცა. "ოჩამჩირე" ახალ წელს ღია ზღვაში შეხვდება. ხომალდის მეთაური, სასაზღვრო პოლიციის მესამე რანგის კაპიტანი გიორგი სიორდია 10 წელია საქართველოს სანაპირო დაცვაში მსახურობს.

- 2008 წლის ბოლოს სამხედრო-საზღვაო ძალები სანაპირო დაცვის შემადგენლობაში გაერთიანდა, შესაბამისად, 2009 წლიდან საქართველოს სანაპირო დაცვაში ვარ. სანამ ამერიკული გემები საქართველოში ჩამოვიდოდნენ, ხომალდების ეკიპაჟმა ათკვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორში, სანაპირო დაცვის ბაზაში გავიარეთ.

- ახალ წელსაც ზღვაში შეხვდებით? - დიახ, სხვათა შორის, პირველად. ახალ წელს უმეტესობა ოჯახში ხვდება, თუმცა ეკიპაჟიც ხომ ერთი დიდი ოჯახია.

- გიორგი, რა სურვილები გაქვთ? - ჩემთვის ძალიან სიმბოლურია გემის სახელწოდება - "ოჩამჩირე" და ცხადიც არის, რას ვისურვებ - საქართველოს სანაპირო დაცვის მცურავი ერთეულები აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტშიც რომ იდგნენ და იცავდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვარს.

ბადრი შენგელია, სასაზღვრო პოლიციის კაპიტან-ლეიტენანტი, ხომალდ "დიოსკურიის" მეთაური: - ახალ წელს არაერთხელ შევხვედრივარ ზღვაში. როცა ასეთ საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურები, იცი, რომ შეიძლება ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან წუთებში ოჯახის გვერდით არ იყო. ისეთი შემთხვევაც მქონია, შვილის დაბადება სხვა ქვეყანაში აღმინიშნავს.

- რაიმე განსაკუთრებული საზღვაო ტრადიცია ხომ არა გაქვთ ეკიპაჟის წევრებს? - ყოფილა შემთხვევა, ზღვის წყლით მიგვილოცავს ერთმანეთისთვის ახალი წელი.

გემზე "ნათლობა" ჩვენი პატარა ტრადიციაა - ვინც გემზე პირველადაა, ზღვის წყალს ვასმევთ, ახალ წელს კი ჩვენ თვითონვე შევსვით ზღვის წყლით ახალი წლის სადღეგრძელო. პატარა სუფრასაც ვშლით, ძალიან მეგობრული გარემოა და სადღესასწაულო განწყობაც არის, მაგრამ პირველი ამოცანა მაინც უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.

- რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? - ჯერ კიდევ მოსწავლე ვიყავი, როცა საქართველოში ნატოს ხომალდები პირველად შემოვიდა. სკოლის მოსწავლეები ამ ღონისძიებაზე წაგვიყვანეს. იმდენად შთამბეჭდავი მოვლენა იყო, რომ ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი როლი ითამაშა.

ჯუმბერ ბერიძე, სასაზღვრო პოლიციის მესამე რანგის კაპიტანი, საპატრულო კატარღა "მესტიის" მეთაური: - 24 წელია ამ საქმეს ვემსახურები და

თითქმის არ მახსენდება ახალი წელი, რომელსაც მიწაზე შევხვდი. ჩემს მეუღლესა და შვილს გააზრებული აქვთ ჩემი სამსახურის მნიშვნელობა. მეტიც, ჩემი ვაჟი 16 წლისაა და უკვე აირჩია პროფესია, მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში სწავლობს და ეს ძალიან მეამაყება.

- რომელიმე განსაკუთრებულ შემთხვევას ხომ არ გაიხსენებთ?

- ზაფხულობით ძალიან ხშირია სამაშველო ოპერაციები. ამ ზაფხულსაც კატარღის ეკიპაჟმა ზღვაში ორი ახალგაზრდა შენიშნა, რომლებიც ნაპირზე გასვლას ვერ ახერხებდნენ. შტორმი იყო, ამ დროს სამაშველო ოპერაციის ჩატარება მარტივი არ არის, თუმცა ორივე გადავარჩინეთ.

გივი გორგოშაძე, სასაზღვრო პოლიციის მესამე რანგის კაპიტანი, საპატრულო კატარღა "ბათუმის" მეთაური: - ერთი შემთხვევა მახსენდება, 1-ლ იანვარს დავასრულეთ გეგმური ორდღიანი პატრულირება და შინ დავბრუნდი. რამდენიმე საათში დამირეკეს, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში შესულა და შტორმის გამო ვეღარ ბრუნდებოდა ნაპირზე. ამ დროს ყოველი წუთი გადამწყვეტია, ჩემს ეკიპაჟთან ერთად გავედი ზღვაში და გადავარჩინეთ. მერე გამოვკითხეთ, რატომ მოინდომა ზღვაში შესვლა მაინცდამაინც 1-ლ იანვარს და შეყვარებულზე გულგატეხილი აღმოჩნდა.

- თქვენ თუ შეხვედრიხართ ახალ წელს ზღვაში? - დიახ. განსაკუთრებით ერთს გამოვყოფ: საქართველო-თურქეთის საზღვართან, სარფში ვპატრულირებდით, მოულოდნელად ჩვენი ხელმძღვანელი, გურამ ყამარაული მოვიდა და ახალი წელი მოგვილოცა.

- რას უსურვებთ თქვენს კოლეგებს ახალ, 2019 წელს? - ჩემს კოლეგებს და ყველას, ვისაც პოლიციის მუნდირი აცვია, მშვიდ მორიგეობას ვუსურვებ ახალი წლის ღამეს. 2019 წელი მშვიდობის, წარმატებების წელი ყოფილიყოს. მჯერა, დადგება წელი, როცა ჩემი კატარღით, ეკიპაჟთან ერთად, გეგმური პატრულირებისას სოხუმის პორტშიც შევალ!

პ.ს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს. ბედნიერი ახალი წელი, მშვიდობა, სურვილების ასრულება ვუსურვოთ მათ და პოლიციის თითოეულ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ ვუთხრათ მადლობა სამსახურისთვის.