"არ შაიძლების ახალი წლის მურდლად შახვედრა" - კვირის პალიტრა

"არ შაიძლების ახალი წლის მურდლად შახვედრა"

"ვინც ვისმესთან უნძრახად არი, უნდა შარიგდნენ"

ახალი წლის მოახლოება, ალბათ, ყველაზე მეტად მთაში იგრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ არაგვის ხეობის ერთ ულამაზეს სოფელში არც საგანგებოდ მორთული ნაძვის ხეა და არც განათებული ქუჩები. საკვამურებიდან ამოსული კვამლი და ძაღლის ყეფა იმის ნიშანია, რომ სახლები არ დაცარიელებულა... როგორი იყო წინათ მთაში ახალი წელი, რა სადღესასწაულო ტრადიციები აქვს მთიულეთს და როგორია, ცხოვრობდე იქ, სადაც წლის უმეტეს დროს ზამთარია, დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში მცხოვრები 75 წლის ამირან ბუჩუკური გვიამბობს.

- ადრე სხვანაირი ახალი წელი ვიცოდით. ბალღებისთვის ტყიდან ნაძვს მოვჭრიდით, მოვიტანდით სახლში და დედაკაცები მორთავდნენ. მაშინ სად იყო ან ვინ იცოდა ქარხნული სათამაშოები? ბარში ჩავიდოდით, ვივაჭრებდით და ბაზარზე ნაყიდი ხილითა და კანფეტებით მორთავდნენ ნაძვის ხეს. ხანდისხან დედაკაცები თავიანთ ნაქონ და გამცვდარ ჭრელ თავსაფარს დაჭრიდნენ და იმასაც მაახვევდნენ, ვითომ ბაფთებს შააბამდნენ... მემრე ბალღებს მარხილზე შავსომდით. იმხელა იყვნის, რო მთელი უბნის ქალ-ბალღები ზედ ისხდნენ და თოვლზე ცურაობდნენ. საღამოობით ცეცხლს დავანთებდით, ქალები და ბალღები სათამაშოდ გადმოდიოდნენ, ფანდურზე ვმღეროდით და ისინი თამაშობდნენ მთიულურ ცეკვას. დედაკაცები ხინკალს მაახვევდნენ, ხაჭაპურ-მხლოვანას გამააცხობდნენ. ერბო-ყველი ყველას სახლში გვაქუს და ჟიპიტაურსაც გამავიტანდითკე.

ჩვენსა მეკვლეს მოსვლამდე ოჯახის უფროსი ილოცება, თოვლს შააყრის ყველას და ეტყვის,"ანდე, ეგრე თეთრად დაბერდითო. ხელში წყალ-პური ექნებისკე და იტყვის: "ნუ გამოგვილევს გამჩენი სარჩო-საბადებელს ლომისის მადლმა". მემრე, როცა მეკვლე მოვა და დაილოცება, სუფრას მივუსხდებით და იწყება მხიარულება. მემრე ბედის კვერები დაისერება, ხავიწგულიანს აკეთებენ, ერბოს ქადებს. ვისაც ხურდა ამოუვალის, ის მდიდარი იქნება. ვინც ვისმესთან უნძრახად არი, უნდა შარიგდნენ. ახალი წელი ახალი დასაწყისია და არ შაიძლების მურდლად შახვედრა. როცა პირველი იანვარი გათენდება და ხალხი საქონელს მიხედავს, მემრე ერთიან სუფრას გავშლით და იწყება ლხინი. კაცები ცალკე ვქეიფობთ, ქალები - ცალკე. სუფრას ყმაწვილ ბიჭები ემსახურებიან. ციკანს ხარშვენ და ჟიპიტაურს ჩამაასხამენ.

- რა განსაკუთრებული სადღესასწაულო ტრადიციაა მთაში?

- ჩვენსა შობას უფრო აღვნიშნავთ. ქრისტეშობას სოფლის ბალღები ჭონაზედ დადიან, თუ სოფელს მშვიდობა აქუს, თუ არა და, არ იმღერებენ. ოჯახები ვამზადებთ ამათთვის კვერცხს, თხილს, ტკბილეულს და გავუტანთ. როცა სიმღერას დაამთავრებენ, დავლოცავთ ახალგაზრდობას და მემრე სხვასთან წავლენ, მოაგროვებენ ნაჭონარს და გაიყოფენ. მხიარულობენ ბალღები. როცა დაამღერებენ: "ალათასა, ბალათასა, ხელი ჩავყავ კალათასა, თითო კვერცხი ჩვენც მოგვეცი, ღმერთი მოგცემთ ბარაქასა...", მაშინ ჩირაღდნით გავალთ შავ შუაღამეში და შავხვდებით შობის მახარობლებს.

- ახლა როგორია მთაში ახალგაზრდობა? - ჩემს ბალღობაში დედაი და დიდედაი შაინახვდნენკე პროდუქტებს. მაშინ სად იყო ბაზარი და ბოსტნეული ზამთარს? ახლა სულ გადასხვაფერდა ხალხი. ჩემი რძალი თბილისელია და ავაიმეეე... გამზადილ საჭმელს ერთჯერადი ჯამებით მაიტანს, მაღაზიაში ვიყიდეო. მაშ, ოჯახში დედაკაცი რაღას აკეთებს? მთავარია, ფული გქონდეს და მაიტან ნაძვის ხისთვის პლასტმასის სათამაშოებს, პლასტმასის ნაძვის ხეს. სუნი იმას არ აქუს ნაძვის და არაფერი, რად უნდათ, ვერ გამიგია...

უკუღმართ დროში ვცხოვრობ, რაც დავიბადე. ჯერ ფული გვქონდა და დახარჯვა არ შაიძლებოდა, დაგვიჭერდნენ ბებერძაღლი კომუნისტები, ახლა ფული არ იშოვება და, დახარჯეთო... რა უნდა გაიგოს კაცმა? ადრე, როცა ჯიელი ვიყავ, დავდიოდი ხან შეშაზე, ხან სანადიროდ, ხან სად... ახლა ჩემს შვილიშვილებს სულ მობილური უჭირავთ და ჩასცქერენ. როცა ვეტყვი, ნათესავებში წადით, მოიკითხეთკე, მეუბნებიან, ანდე, იუთბუქიაო თუ რაღაც ეშმაკია - მენ არ ვიცი, რა არი - აქაა და მოვიკითხავთო... უწინ ხალხი უფრო კეთილი, სანდო და მშრომელი იყო. ახლა შაიცვალა. ადრე მთიული მთას იშვიათად დასტოვებდა. ჩვენსა მეცხვარეობას მისდევდნენ და ფული ჰქონდა ყველას, დიდი ჯაფით და შრომით. ეხლა ჯიელები გუდაურში მუშაობენ. ვისაც შრომა უნდა და მივა სამუშაოს სათხოვნელად, უარით არავის ისტუმრებენ. ვინაც ზარმაცია, სახლშია და შასცქერენ მშობლების, პაპა-ბებიების პენსიას.

მთიულნი წმინდა გიორგის ლომისის ყმები ვართ.

ჩვენსა ადრე ღორის ყოლა არ ვიცოდით, უწმინდური როა, იმიტომ. ახლა მოიშენა ხალხმა, არადა, მთიულებს არ უნდა გვყავდეს, ჩვენ გვეკრძალება. ხატის დეკანოზებს არც ახლა ჰყავთ, მაგრამ სხვებმა მაინც მააშენეს სამწვადედ.

არ მინდა, შვილო, ჩვენი სიმღერები და ცეკვა დაივიწყონ, შაირობა და ლექსის თქმა. ანდე, ეგაა ნაღდი მთა, თორო თხილამური და თოვლი სხვაგანაც არის.

- რას ფიქრობთ დღევანდელ საქართველოზე? - უჭირს ქვეყანას. თავისუფლება აღარ გვღირსებია, რა ხანია. ამ მთავრობამ მთის კანონი შამაიღო. ადრეც იყო ეს კანონი, შევარდნაძის დროს. თბილისელ პაპაზე მეტი პენსია მაქუს, გაზიც და დენიც შეღავათითაა, მადლობელი ვარ, მაგრამ არ მამწონს, რომ რუსეთს ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. მტერს მოფერება რად უნდა? გაჭირვებას დაითმენს კაცი, ხელს გაატოკებს და იშოვნის სარჩო-საბადებელს, მაგრა სამშობლოს სხვაგან სად იშოვნის?..

ძნელია, შვილო, ცხოვრება. ბებერი ვხარობ ჩემს ხიზანში, ჩავრთავ ტელევიზორს და გული გასქდომას არი - ქურდვა, ყაჩაღობა, მკვლელობა, ნარკომანია, ჯიელების დანებით სირბილი...

ჩვენსა დარისხება ვიცოდით დამნაშავისა. ხატობაზე კაცები გამოვიყვანდით დანაშაულის ეჭვის შვილს და ისიც ხატის მადლს ხომ არ გაიწყვეტდა? ლაპარაკობდა, რაც რამ მიჰქარა. ძნელია, შვილო, ქართველობა. ჩვენაც რუსები ხო არა ვართ, 100 გრამ არაყზე ყველაფერი გავაკეთოთ. ნუ გაგვიწყრების ლომისის მადლი და დაგვიფაროს მაგ დამპყრობლისაგან. დიდია რუსეთი და იარაღით მდიდარიო, მაგრა მე არ მეშინია. მაგაზე დიდი იმპერიები დანახშირებულან და რუსეთი რა ბედენაა? საბჭოთა კავშირი არ დაიშლებისო, ჯეროდათ. ანდე! რუსეთიც ანდე ეგრე დაიშლება.

- რას ეტყოდით მთიდან ბარს? - კაცები საყურეებით დადიან, გადაჭრილი შარვლებით, შაღებილი თმებით... აბა, მაგათ ვაჟკაცობა ასწავლეს? ვერა. პარლამენტი გამოუვსიათ უკაცური კაცებისნაირი ქალებით. ქალს ქალობა უნდა ემჩნეოდეს. მკითხავი თორღვას გასარჩევი კი არ უნდა იყოს, ქალია თუ კაცი. ხმას რო ამაიღებს, ანდე, ეგეც გაუზრდელია. კაცს ეჭიმება, გამოდი გარეთო. ანდე მაგას მთიული ქალი არ იზამს. თან ამბობენ, მთიული ქალიაო და უფრო ამან გამაბრაზა. ჩვენებური რომ იყოს, შავარცხვენდი, არ დავმალავდი.

უცნაური ხალხია თბილისლები. ტურიზმიო, ნატრობენ და მემრე ხალხს შესახედაობით დასდევენ. როცა ვიკითხე, რად შარობენ-მეთქი, აქაურმა სთქო, ქართველობას გვართმევენო. ვიცინეთ ბირჟაზე. ნაღდი ქართველი იყავ და დასასვენებლად ჩამოსული ან რესტორნის მეპატრონე როგორ წაგართმევის ქართველობას? ჯიბით სატარებელ ხო არაა, რო ჩუმად, მუხთლად ამააცალონ.

საქართველო მაინც გადარჩება. ჩვენი პატარა ქვეყანა არის და იქნება - დალოცოს ლომისის მადლმა საქართველო და ქართველი ხალხი! მთიულეთის სალოცავები ფარვიდეს ყველას, ვინაც ქართველის მიმართ კეთილია.