"ახლა სიყვარული აღარ არის ხალხში, ბატონო, არადა, სიყვარული გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი" - კვირის პალიტრა

"ახლა სიყვარული აღარ არის ხალხში, ბატონო, არადა, სიყვარული გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი"

ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე სამი წელია, მედიასთან არ ჩანს, მაგრამ ახლა გამონაკლისი დაუშვა და თხოვნაზე, ჩვენი მკითხველისთვის დამდეგი ახალი წელი მიელოცა, უარი არ გვითხრა...

- ახალ წელს ვულოცავ მთელ საქართველოს! გაძლებას ვუსურვებ ჩვენს მრავალჭირნახულ ხალხს, მხოლოდ და მხოლოდ გაძლებას! და გვირაბის ბოლოს სინათლეს!

მალე 87 წლის გავხდები, რაღა დროს ჩემი ბავშვობის მოგონებებია, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ახალი წელი ძალიან გვიყვარდა. მაშინ ძალიან დიდი სითბო და სიყვარული იყო ხალხში. მხოლოდ ეკონომიური გაჭირვება, თორემ სხვა არაფერი გვაწუხებდა. ახალ წელს განსაკუთრებით თოვლის მოსვლა გვიხაროდა. ბავშვების ჟრიამული ისმოდა ყველგან... ახლა სიყვარული აღარ არის ხალხში, ბატონო, არადა, სიყვარული გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი! სიტყვა ბევრი ისმის სიყვარულზე, მაგრამ ეგ არ შველის საქმეს!

გამთლიანებულ საქართველოს ვნატრობ! რა არის სამშობლო - ეს დიდხანს სალაპარაკოა და მე ამის თავი აღარ მაქვს, მაპატიეთ! მთელ საქართველოს ძალიან კარგად ვიცნობ, სულ ფეხით მაქვს მოვლილი რამდენჯერმე სიგრძე-სიგანეზე; კავკასიონზეც ვყოფილვარ, აქეთაც და იქითაც... არასოდეს დამიკარგავს იმედი, რომ ჩვენს სამაჩაბლოს და აფხაზეთს დავიბრუნებთ. უიმედოდ ყოფნა არ შეიძლება! მარტო რუსეთს და სხვებს ნუ დააბრალებთ, იქ რაც ხდება, ჩვენი სიგლახეც არის, ბატონო! რაც ხდება და რაც მოხდა, ჩვენი ბრალია ყველაფერი! ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ დავუშვით შეცდომა და აბა, ვინ გამოგვისწორებს?! ლაპარაკი არ შველის საქმეს! თქვენ გგონიათ, რაც მეტს ილაპარაკებთ, ეს საკითხი გადაწყდება?! ენას ძალიან დიდი გასაქანი და მნიშვნელობა მიეცა. უსასრულოდ ლაპარაკობენ და მთავარ სათქმელს არ ამბობენ! ლაპარაკი ლაპარაკსა, ცხენი გაჰყვა ამხანაგსაო, ხომ გაგიგონიათ?! წელს ყველაზე დიდი სიძულვილი ჩანდა ამ უსარგებლო საუბარში, რაც, იმედი მაქვს, აღარასოდეს იქნება!

ხვალინდელი დღის, უკეთესის იმედით გემშვიდობებით. ახალ წელს გილოცავთ!

იხილეთ ასევე: "სასტიკი გაუცხოება დამკვიდრდა... უმეტესად უგუნებოდ ვარ. აგვისტოს ომმა სულ გამანადგურა"