"აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. მე ხომ საოცრად მეამაყება, რომ ქართველი ვარ!" - კვირის პალიტრა

"აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. მე ხომ საოცრად მეამაყება, რომ ქართველი ვარ!"

"გამარჯობა, რამდენიმე დღის წინ სტატია ვნახე ჩემი წინაპრის, კოლა ქვარიანის შესახებ და სურვილი გამიჩნდა თქვენთვის მომეწერა. მე კარლო მარია ველარდი ვარ, 26 წლის, ვსწავლობ ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში, იქ, სადაც ადრე ალ პაჩინო, დასტინ ჰოფმანი, რობერტ დე ნირო და ანჯელინა ჯოლი სწავლობდნენ. მე ქართული ფესვები მაქვს! კოლა ქვარიანი დედის მხრიდან ნათესავი იყო. დედა ქვარიანი მყავს და მეამაყება ჩემი წარმომავლობა" - რედაქციაში ამ შინაარსის წერილი მივიღეთ.

ვინ იყო კოლა ქვარიანი? კოლა ქვარიანი 1903 წელს ქუთაისში დაიბადა. მსახიობი აკაკი ვასაძე მოგონებებში წერდა, რომ კოლა მილერის სისტემით ვარჯიშმა ათლეტად ჩამოაყალიბა, მან პირველმა გადაცურა რიონის რთული უბანი, რომელსაც "ქვარიანის ჩქერები" უწოდეს. კოლა ქვარიანი 1927 წელს მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, მოგვიანებით კი მეგობარმა სტალინთან უშუამდგომლა და რინგზე გასასვლელად ლონდონში გაემგზავრა. როცა იქ ფალავანი აღარ დარჩა ქვარიანის წაუქცეველი, კანადაში მიიწვიეს, მაგრამ კანადელ მეტოქეებსაც იგივე ბედი ეწიათ, დაამარცხა ცნობილი ფალავნები: ჟოზეფ ტოტა, მონდი ბერვიკი, "მახრჩობელად" ცნობილი ედი ლუისი და სხვები.

30-იან წლებში კოლა ევროპიდან ამერიკაში გაემგზავრა, 50-იან წლებში საჭიდაო სარბიელს ჩამოშორდა და საჭადრაკო კლუბი გახსნა. ემიგრაციის ისტორიის მკვლევარი რუსუდან დაუშვილი განმარტავს, რომ კოლა იყო ერთადერთი მოჭიდავე, რომელსაც თანრიგი ჰქონდა ჭადრაკში

...იტალიელი ქართველი, კარლო მარია ველარდი დიდი წინაპრის მსგავსად ნიუ-იორკში დასახლდა, ის მსახიობობაზე ოცნებობს. ველარდი სახელგანთქმული წინაპრის კვალდაკვალ ნიუ-იორკიდან "კვირის პალიტრის" მკითხველს საკუთარი ემიგრაციის ისტორიას უამბობს.

კარლო მარია ველარდი: - მილანში დავიბადე და გავიზარდე, ერთხანს მოსკოვსა და ლონდონში ვცხოვრობდი, გასული წლის სექტემბრიდან კი ნიუ-იორკში დავიდე ბინა. მამაჩემი სამხრეთ იტალიიდან, აპულიის რეგიონიდანაა. დედ-მამა ერთმანეთს 90-იან წლებში მოსკოვში შეხვდა, მაშინ დედა უკვე რუსეთში ცხოვრობდა. დედა გვარად ქვარიანია, მისი მამა, ჩემი ბაბუა, შალვა ვასილის ძე ქვარიანი, კოლას ენათესავებოდა. კარლო მარია ველარდი სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ საქართველოში, არც დედაჩემი. ვიცი, რომ ბაბუა თბილისში, ცენტრალურ სასაფლაოზეა დაკრძალული, ერთ დღეს აუცილებლად ჩამოვალ და მოვძებნი მის საფლავს, რომ პატივი მივაგო.

- რა იცით კოლა ქვარიანის შესახებ?

- პუბლიკაცია კოლა ქვარიანის შესახებ ჩემი დაბადების დღის საჩუქარი იყო, აქაურმა ქართველმა მეგობრებმა დაბადების დღეზე მითხრეს. ვიცი, რომ კოლა სტენლი კუბრიკთან მეგობრობდა და მის ფილმშიც ითამაშა, ფოტოც მაქვს. ძალიან მეამაყება, ამ ფაქტს ლექტორებსაც ვუყვები.

- საქართველოს შესახებ რა იცით?

- ვიცი, რომ საოცარი სამზარეულო გვაქვს. ხარჩოს, ლობიოს, ხაჭაპურის, საცივის, ტყემლისა და აჯიკის დიდი მოყვარული ვარ. სულ ვცდილობ საქართველოზე მოვიძიო ინფორმაცია და ჩემს მეგობრებს ქართული კერძები გავასინჯო.

აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. მე ხომ საოცრად მეამაყება, რომ ქართველი ვარ! იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "აი, ხომ ხედავთ, ჩვენი ცოლები გავაქართველეთ" - ქართველების უჩვეულო შეხვედრა ოკეანის გაღმა...