"ძალიან მესიამოვნა, როდესაც ჩემი ქვეყნის აფრიალებული დროშა დავინახე" - კვირის პალიტრა

"ძალიან მესიამოვნა, როდესაც ჩემი ქვეყნის აფრიალებული დროშა დავინახე"

თათია ფარადაშვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ინგლისური სექტორის წარჩინებული სტუდენტი და ამერიკის მთავრობის სტიპენდიანტია. ფიქრობს, რომ ჩვენს დიპლომატთა კორპუსს სულ მალე სიამაყით შეუერთდება.

- ჟურნალისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ როდესაც უმაღლესი სასწავლებელი შევარჩიე, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა ინგლისურ ენაზე არ ისწავლება, მე კი საერთაშორისო განათლების მიღება მსურდა. ამიტომ ის პროგრამა შევარჩიე, რომელიც ძალიან დამეხმარებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ ინტერესი ჟურნალისტიკის მიმართ არ გამინელდებოდა.

- როგორ ფიქრობთ, განელდა? - წელს ბაკალავრიატს ვამთავრებ და ვიცი, ჩემი ქვეყნისთვის ამ პროფესიით უფრო მეტს გავაკეთებ. მინდა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოვადგინო - გაეროში, ნატოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტობის ინტერესი გამინელდა.

ახლახან დავამთავრე სტაჟირება ამერიკის საელჩოში, სი-დი-სის ოფისში, ახლა კი მთლიანად სწავლაზე ვარ გადართული, რადგან დამამთავრებელი წელია და საბაკალავრო ნაშრომის დაცვა მიწევს; საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ავირჩიე მთავარ თემად.

- ერთ დღესაც მოვა დრო, რომ თქვენი თაობა პოლიტიკაში, თუნდაც დიპლომატიაში მოვა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს თქვენი პირველი ნაბიჯები? - რეფორმები... უპირველეს ყოვლისა, სკოლაში. უამრავი ახალგაზრდა იღებს ფსიქოლოგიურ ტრავმას ჩვენს სკოლებში, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პრაქტიკული ცოდნის მიღება შეუძლებელია.

- ამას ამბობთ თქვენ, ოქროსმედალოსანი მოწაფე?

- დიახ, ოქროს მედალზე დავამთავრე სკოლა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ დამაკლდა. ჩვენი ახალგაზრდობა იმსახურებს მეტ შესაძლებლობას და თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკასაც. როცა სტუდენტი გავხდი, საკუთარ თავს დავპირდი, რომ არა მარტო განათლებას მივიღებდი, არამედ არაფორმალურადაც განვვითარდებოდი.

- ამიტომ გაჩნდა კლუბის იდეაც? - 2014 წელს, როდესაც კლუბის იდეა გამიჩნდა, ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს სკოლის დანაკლისის შევსების სურვილიც იყო. თათია ფარადაშვილი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი ძალიან მარტივი კონცეფცია აქვს ჩვენს კლუბს, რომელსაც "ყავა პროფესორთან" დავარქვი. ვირჩევთ ჩვენი უნივერსიტეტის ან სხვა რომელიმე უნივერსიტეტის ჩვენთვის საინტერესო პროფესორს და ბიბლიოთეკაში ჭიქა ყავასთან ერთად ვსაუბრობთ. ძალიან საინტერესო შეხვედრები გამოდის. არ მახსოვს, ვინმეს უარი ეთქვას მოსვლაზე ან ჩვენ ჩავტეულიყავით დათქმულ ერთ საათში. ეს კლუბი იმ ურთიერთობის მოდელია, რომელიც უნდა იყოს მოწაფესა და მასწავლებელს შორის.

- ამერიკაში როგორ მოხვდით? - ამერიკის საელჩოს "გლობალ უგრადის" გაცვლითი პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემდეგ გავემგზავრე. გრძელვადიანი, ეტაპობრივი კონკურსი იყო, მთელი წელი გრძელდებოდა. ამერიკელები ძალიან აფასებენ გულახდილობას, მიზანდასახულობას, შრომისმოყვარეობას, კეთილ დამოკიდებულებას და თავადაც ასეთები არიან.

- რა ერქვა სასწავლებელს, სადაც გაემგზავრეთ? - ბოლ სტეიტის უნივერსიტეტია, ინდიანის შტატის ქალაქ მანსიში. იქ ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ არც ერთ ქართველს არ შეუდგამს ფეხი ამ უნივერსიტეტში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, საქართველოდან ჩასული ერთადერთი სტუდენტის პატივსაცემად მათ ქართული დროშაც აღმართეს და ქართულად დაწერილი წარწერაც დამახვედრეს: "მოგესალმებით!""რომ იცოდეთ, როგორ მესიამოვნა, როდესაც ჩემი ქვეყნის აფრიალებული დროშა დავინახე. ვამაყობ იმითაც, რომ პროგრამის ფარგლებში მე ამერიკის მთავრობის სტიპენდიანტიც გავხდი. თათია ფარადაშვილი

ნამდვილი ამერიკა არაფრით ჰგავს საბჭოთა კავშირის დროინდელ მითებს. იქ მეგობრობაც იციან და არც მხარდაჭერა ეშლებათ. სხვათა შორის, რამდენიმე ამერიკელს ვასწავლე ქართული ანბანი, რამდენიმე სიტყვა და ცეკვის ილეთებიც.

- პროფესორების დამოკიდებულებაში თუ დაინახეთ განსხვავება? - არა, განსხვავება არ შემიმჩნევია, თბილისშიც არაჩვეულებრივი ურთიერთობები გვაქვს ჩვენს ლექტორებთან, მაგრამ ამერიკელებს გაცილებით მაღალი შესაძლებლობები აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამო, ბიბლიოთეკაც კი წარმოუდგენლად დიდ მასალას მოიცავს. გარდა ამისა, დიდი განსხვავება იყო სტუდენტურ ცხოვრებაში. არ გვქონდა მოწყენის ან მოცდენის დრო. იყო შეხვედრები, ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები... ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი სასიამოვნოდ გასახსენებელი საქმიანობა იყო ბეისელ ფოინთის მოხუცთა სახლში მოხალისეობა. იქ დავრწმუნდი, თუ როგორი განსხვავებულია ჩვენი და ამერიკელი მოხუცების ცხოვრება. გულდასაწყვეტია, ჩვენს მოხუცებს ასეთი უზრუნველი სიბერე რომ არა აქვთ.

- ამერიკაში ოცნებების ასახდენად მიდიან. თქვენ რომელი ოცნება აიხდინეთ? - მართლაც ავიხდინე ოცნება. შევიტყვე, რომ ჩემთვის საინტერესო საგნებს შორის შემეძლო ტელეჟურნალისტიკის რამდენიმე საგანიც ამერჩია. გავიარე კონკურსი და ჩემი საოცნებო დღეებიც დაიწყო. ხან პროდიუსერი ვიყავი, ხან რეპორტიორი, დიქტორი. შემდეგ ეს მასალები სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა უნივერსიტეტის ახალი ამბების ბრენდის სახელით NEWSLINK INDIANA . სხვათა შორის, მასწავლიდნენ ადამიანები რომელთაგანაც ერთ-ერთი ტეჰ-კუანგ ჩანგი პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი იყო, სხვებიკი CNN -ში მუშაობდნენ. სასაცილო ამბავიც შემემთხვა: უკვე სრულდებოდა ჩემი ამერიკული ცხოვრების ის ეტაპი, როდესაც გავიგე, რომ ჩვენი ტელეჩართვები ყოველთვის პირდაპირი ეთერი იყო. გავოგნდი, ჩემ გარდა, თურმე ეს ყველამ იცოდა. როცა გავიგე, რომ პირდაპირ ვესაუბრებოდი ამერიკელებს, ძალიან კარგი განცდა იყო.

დეა ცუცქირიძე