სიყვარულით დამარცხებული მტრობა - კვირის პალიტრა

სიყვარულით დამარცხებული მტრობა

შვილმკვდარ დედას საზარელი ამბავი ამცნეს: ცხედარი საფლავიდან ამოიღესო...

აფხაზი სერგო ბებია ომის მსხვერპლია. მან უარი თქვა ძმათა კვლაზე და ღირსეული გამგრძელებელი აღმოჩნდა ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობისა.

მსხვერპლია ქართველი ჯამბულ წურწუმიაც, ასობით ადამიანის სიცოცხლე რომ იხსნა და მშობლიური ვარჩედან წასვლა არ მოისურვა. ორი ოჯახის მძიმე ისტორია ერთი დიდი ტრაგედიაა, რომლის სათავეებთან იმპერიული რუსეთი დგას.

...თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ქუჩის განაპირას, სვეტზე მიკრული ლითონის ფირფიტა იუწყება, რომ ეს ქუჩა კოდორთან გმირულად დაღუპული ახალგაზრდა პოეტისა და ჯარისკაცის, ჯამბულ წურწუმიას სახელს ატარებს.

ქუჩის ბოლოს, მათ ახალ სამოსახლოში, ჯარისკაცის მშობლები მელიან. იქ ყველაფერი ისევ მისით სუნთქავს. "...და მაინც მარად ცოცხლები დავრჩეთ", "დედის ცრემლები", "სიცოცხლე არ მთავრდება" - მისი ნაწერები რუდუნებით აუკინძავთ მშობლებს. კედლებზე შეჩერებულ კადრებში აფხაზეთი, სოხუმი და ვარჩეა, დაუმარცხებელს სიკვდილითაც რომ ვერ დაათმობინეს.

ჯამბულ წურწუმია 1961 წლის 10 დეკემბერს დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში. როგორი იყო თქვენი შვილი-მეთქი, ვეკითხები ბატონ სერგოს. ისეთი, როგორიც ყველა მისი თანატოლი, ვინც კი ომის დროს აფხაზეთში დარჩა და თავისი სახლ-კარი, ოჯახი, ახლობელ-ნათესავი, თავისი კუთხე, აფხაზეთი დაიცვაო...

ვარჩე კოდორს გადაღმაა, გამოღმა აფხაზები ცხოვრობდნენ.

ურთიერთობები იმდენად ახლობლური, მოყვრული იყო, რომ გაღმელებში ბევრ აფხაზ რძალს ნახავდით, გამოღმელებში - ქართველს. ქორწილებში - "მრავალჟამიერს" "ვარადა" ცვლიდა, ქართულ ცეკვებს - აფხაზური ენაცვლებოდა.

ვარჩეში წურწუმიების ოჯახში  რჩეული ადამიანები იყრიდნენ თავს. აქ ხშირად ნახავდით ნოდარ დუმბაძეს, ევგენი ევტუშენკოს, ზურაბ წერეთელს, მიხეილ ბღაჟბას, ბორის ადლეიბას, გიორგი ფილიას, ვანო თარბას...

პოლიციის გენერალმა სერგო წურწუმიამ და პედაგოგმა ციალა ჯომიდავამ ორი ვაჟი აღზარდეს - ჯამბული და ჯემალი. ძმებს ბევრი მეგობარი ჰყავდათ, მათ შორის აფხაზები. გამორჩეულად დედის სისხლისმიერი ნათესავი სერგო ბებია უყვარდათ.

გავა დრო, აზვირთდება ძმათა მტრობა. დაიწყება ომი და ძმებივით შეზრდილ ქართველ და აფხაზ ბიჭებს გამოცდის წინაშე დააყენებს!..

KvirisPalitra.Ge1993 წლის 16 სექტემბერს, გამთენიისას, რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრება "მითი", თითქოს სოხუმი ისეა გამაგრებული, რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება. ქალაქი შიშმა მოიცვა. მოსახლეობა პასუხს ითხოვს, - დატოვონ თუ არა ქალაქი! 27 სექტემბრამდე ამ კითხვის პასუხი არ არსებობდა.

23-ე ბრიგადის მე-5 ბატალიონის ფიზიკური მომზადების უფროსმა, მაიორმა ჯამბულ წურწუმიამ იგუმანა მოსალოდნელი საფრთხე და ჰაუბიცა და სხვა იარაღიც გადამალა. ამ იარაღმა იხსნა სოფლის მოსახლეობა გაჟლეტისგან. როდესაც მომხდურმა ქვა-ქვაზე არ დატოვა და ვარჩეს მოადგა, მეომარი ბიჭები სოფლის კარში დადგნენ. თუ ვარჩეს აიღებდნენ, გზა სოხუმისკენ ხსნილი იყო.

მთელმა სოფელმა აისხა იარაღი და მებრძოლებს შეუერთდა. აქვე იყო ჯამბულის უმცროსი ძმა ჯემალი (დღეს იგი გენერალია). როდესაც მოწინააღმდეგემ იძალა, ჯამბულმა ძმას უთხრა: - წადი შინ, მშობლებსაც შენ გაბარებ და ჩემს შვილებსაცო. როდესაც თხოვნამ არ გაჭრა, უბრძანა, - უნდა წახვიდეო! ასე გადაარჩინა ძმა, თავად კი კოდორის პირას, ვარჩეს შესასვლელთან დაეცა და სამუდამოდ დარჩა აფხაზეთში.

ჯამბულის გარდაცვალებიდან მეორე დღეს მისი მეოთხე შვილი, პატარა ცირა მოევლინა ქვეყნიერებას. ჯამბულის გადასვენება აფხაზთაგან დაკავებული ტერიტორიიდან ოთხი დღის შემდეგ მოხერხდა და მას შვიდი ვარჩელი ბიჭი შეეწირა.

ოჯახმა აფხაზეთი დატოვა და თანასოფლელებთან ერთად სვანეთის გზას დაადგა.

გმირის სახელი მერე მოვიდა. მისი მცირე, უპრეტენზიო შემოქმედებაც მოგვიანებით აიკინძა.

...წლების შემდეგ სოხუმიდან ჩამოტანილი ავი ამბავი ამცნეს შვილმკვდარ დედას: გაძარცვის მიზნით ცხედარი საფლავიდან ამოიღესო. შინ რომ არაფერს მიმხვდარიყვნენ, ამაზე სიტყვა არ დაუძრავს. ქალბატონმა ციალამ, დასთან გამგზავრება მოიმიზეზა და ენგურის ხიდს მიადგა. იქ ნათესავი აფხაზები დახვდნენ.

საფლავი ხელუხლებელი ჩანდა, მაგრამ დედის გულის დასამშვიდებლად, მეორე დღეს, გამთენიისას, აფხაზების დახმარებით საფლავი გაიჭრა... სასახლე ხელუხლებელი იყო... ქართველი და აფხაზი დედები საფლავთან ჩამოსხდნენ, წლობით შეგუბებული ცრემლები ალბობდა მიწას...

წურწუმიების ტრაგედიას მიერთვის აფხაზ სერგო ბებიას ოჯახის უბედურება.

კოდორის ნაპირებზე გაზრდილმა ქართველმა და აფხაზმა ბიჭებმა ბოლომდე ვერ ირწმუნეს, რომ ისინი ერთმანეთის მტრები იყვნენ. სერგო ბებიამ ომს გარიდება და რუსეთში გადამალვა ვერც ძმადშეფიცულ ბიჭებს და ვერც საკუთარ თავს აკადრა. თუმცა ამას დედა დაჟინებით სთხოვდა... იმ ბოროტ ძალას შეებრძოლა, რომელიც საუკუნეებით ნაშენები ერთობის კედელს ანგრევდა, ვინც მისი ქართველი ძმობილების გასაჟლეტად გადამთიელებს ქირაობდა.

მშვიდობიან მოსახლეობას კი - განურჩევლად ეროვნებისა, გულის სითბო უწილადა. გადარჩენილებს დღესაც ახსოვთ პურსაცხობ "კოლოსიდან" დატვირთული პურის მანქანა და აფხაზი სერგო ბებია...

ომის შემდეგ სერგო ბებია წურწუმიების ოჯახმა შეიფარა და დაღუპული შვილის ადგილი მიუჩინა. აფხაზებმა კი "ურჩობის" გამო იმით დასაჯეს აფხაზი ჭაბუკი, რომ დედა მოუკლეს...

შვილდაღუპულმა მშობლებმა უმაღლესი განათლება მიაღებინეს და დააოჯახეს აფხაზი შვილობილი.  ქართულმა ოჯახმა სიყვარულით მიიღო გულნატკენი აფხაზი სასიძო. ასე შეიქმნა ენგურგამოღმა კიდევ ერთი ქართულ-აფხაზური ოჯახი. სერგოს და ნანას კი ანა და ოთარი ეზრდებათ.