ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან - კვირის პალიტრა

ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან

ძველ აღთქმაში სამოთხე იყო ღვთისგან ადამიანისთვის ბოძებული შეუფასებელი სიმდიდრე, რომელშიც იგი ღვთის მოწყალებით ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანმა ვერ შეიფერა ეს საოცარი საჩუქარი და იგი თავისი ყოფის აუცილებლობად და უფლებად მიიჩნია, რის გამოც ამპარტავნობით შეპყრობილი მწარედ დაისაჯა. გაძევებული ადამიანის ცხოვრება იმდენად დასცილდა თავის პირველ მდგომარეობას, რომ სამოთხისეულ ყოფასთან შედარებით, სრულიად მიუღებელი გახდა. ამიტომაც კაცთათვის გაქრა, დაიფარა ედემი და იგი ზეცაში იქნა გადატანილი, ადამიანის სამყოფლად კი იქცა მიწა, სადაც ბუნებაცა და ცხოველებიც პირველქმნილი ცოდვის ბეჭდით დაიდაღნენ.

სამოთხე დაიკარგა და ძველი სახით მისი დაბრუნება შეუძლებელი გახდა. მიწიერმა ედემმა ადამიანის სულში გადაინაცვლა და ზეციური სამშობლოს ანარეკლად იქცა. ამიტომაც უგუნურებაა საზოგადოების ნაწილის დაუსრულებელი მცდელობა, ხელოვნურად შექმნას სამოთხე დედამიწაზე. რამდენი რევოლუცია ახსოვს კაცობრიობის ისტორიას, მაგრამ ყოველი მათგანი წარუმატებელი იყო. ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ადამიანის ბუნების დაცემამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, მიწიერ სამოთხეზე ფიქრიც დაუშვებელი ცოდვაა და თუ მსგავსი მსჯელობა მაინც სადმე თავს იჩენს, ის აუცილებლად გულისხმობს"სამოთხეს, ოღონდ უღმერთოდ.

ნამდვილი სამოთხის კარი კი არა თვითდამკვიდრების მოსურნე ადამიანის მცდელობით გაგვეღო, არამედ ამქვეყნად ჩვენი ხსნისთვის განხორციელებული ღმერთის, იესო ქრისტეს თავგანწირული სიყვარულის წყალობით.

შობა ქრისტესი არის უმთავრესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა. პატარა ქალაქი ბეთლემი იქცა არა მარტო ქრისტიანთა, არამედ მთელი სამყაროს ცენტრად. აქ საფუძველი ჩაეყარა ახალ ედემს, ზეციურ სამოთხეს დედამიწაზე, რომლის პატრონიც არის არა ადამი - პიროვნება, არამედ ახალი ადამი - ღმერთკაცი იესო ქრისტე.

ახალშობილი მარადიული ყრმის დაბადებით ღმერთმა კვლავ დაიწყო ცხოვრება კაცთა შორის. ბეთლემში შეერთდა ცა და დედამიწა, მოხდა შერიგება შემოქმედთან და ამის წყალობით ერთი შეხედვით ღვთისგან მიტოვებულ და დაბინძურებულ ჩვენს ხორციელ სამოსში ნათლისღებით განახლებულმა სიცოცხლემ იფეთქა; ამ სასწაულს მეორედ შობა, ანუ ჩვენს სულში ქრისტეს დაბადება ჰქვია.

მწყემსთა ველი - ადგილი, სადაც უფლის ანგელოზმა აცნობა მწყემსებს უფლის შობის შესახებ

შობის ღამეს მთელ სამყაროში დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს კი, რომში, მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა, ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ. სახარებაშიც არის აღწერილი:

გამოქვაბულის მოპირდაპირედ, რომელშიც მაცხოვარი იშვა, მაღალი კოშკი იდგა. კოშკში მწყემსები ცხოვრობდნენ. სამ მათგანს იმ ღამეს არ ეძინა, ვინაიდან ფარას მწყემსავდნენ. სწორედ მათ გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი ზეციური ბრწყინვალებით. მის დანახვაზე მწყემსები ძალიან შეშინდნენ, მაგრამ გაბრიელმა უთხრა მათ: "ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულს, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე". ამ სიტყვებით მთავარანგელოზმა მესიის ჭეშმარიტ დანიშნულებაზე მიანიშნა, რომელიც არა მარტო ებრაელთათვის მოვიდა, არამედ ყველა ხალხისთვის, რამეთუ სიხარული იქნება ყველასთვის, ვინც მას მიიღებს როგორც მხსნელს. გაბრიელმა ისიც უთხრა მწყემსებს, თუ სად იპოვიდნენ ახალშობილ ყრმას.

მოგვთა თაყვანისცემა, ფრესკა, პანაგია ელეუსას (მოალერსე ღვთისმშობლის) მონასტერი, საბერძნეთი

იმ დროს, როცა გაბრიელმა ამის შესახებ მწყემსებს აუწყა, ზეციდან მრავალი ანგელოზის გალობის ხმა მოისმა, რომლებიც ასე ადიდებდნენ ღმერთს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

რატომ აირჩია ანგელოზმა უბრალო მწყემსები და არ აუწყა ქვეყნად მესიის მოვლინება იუდეველ უხუცესებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს? იმიტომ, რომ "ბრმების ბრმა წინამძღოლებმა" დაივიწყეს მესიის შესახებ წინასწარმეტყველების ჭეშმარიტი არსი.

ერთმანეთში მოთათბირების შემდეგ, მწყემსებმა გადაწყვიტეს ახალშობილის დაბადების ადგილას მისვლა და ნახვა, მართალი იყო თუ არა, რაც მათ მთავარანგელოზმა უთხრა. მისულებმა ნახეს საქონლის ბაგაში მწოლიარე ყრმა და ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც მათ ეუწყა. მწყემსებმა ირწმუნეს, რომ ის იყო მესია, რომელსაც ამდენ ხანს ელოდნენ და რომ იგი მოვიდა, რათა იხსნას კაცობრიობა.

ახალშობილი მხსნელისთვის თაყვანის საცემად შორეული აღმოსავლეთიდან მისულმა მოგვებმა იესოს ძღვნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს.

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა, ცოტა ხნით ადრე მის მიძინებამდე, მოგვების მიერ მაცხოვრის შობისას მირთმეული ეს ძღვენი იერუსალიმის ეკლესიას გადასცა. სიწმინდეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა. 400 წელს ბიზანტიის იმპერატორმა არკადიმ ისინი კონსტანტინეპოლში, ახალ დედაქალაქში გადაიტანა. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე სიწმინდეები ბიზანტიის იმპერატორების პირად საგანძურში ინახებოდა.

1433 წელს სერბეთის მთავარი გიორგი ბრანკოვიჩი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი ასული მარა (მარიამი) მურად II-ისთვის, თურქეთის სულთნისთვის, მიეცა ცოლად. სწორედ ამ სულთნის ვაჟმა, მეჰმედ II-მ დაიპყრო კონსტანტინეპოლი. მარამ კი, რომელსაც უფლება ჰქონდა, თავის ღმერთზე ელოცა, მრავალი სიწმინდე გადაარჩინა დაპყრობილ მართლმადიდებლურ ქალაქში.

კონსტანტინეპოლის დაცემიდან ოციოდე წლის შემდეგ მარა ათონის მთაზე გაემგზავრა, რათა მოგვთა ძღვენი წმინდა პავლეს ტაძრისთვის გადაეცა. ეს სიწმინდეები დღესაც ამ მონასტერში ინახება. ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 7X5 სანტიმეტრის ზომის კვადრატული და სამკუთხა ფირფიტების სახით მოაღწია. ეს ფირფიტები ერთმანეთს ჰგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდება, გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ბურთულის სახით არის შენახული. ოქროს წყლის კურთხევისთვის იყენებენ. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მოგვების ძღვენი ათონიდან გააქვთ, ამ სიწმინდეების საშუალებით ეშმაკეულებს დევნიან.

რატომ ვერ იცნეს იუდეველებმა მაცხოვარი

იუდეველთა და წარმართთა მხოლოდ მცირე ნაწილი მოელოდა ისეთ მხსნელს, როგორზეც წერდნენ წინასწარმეტყველები. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ თავიანთ ცოდვებს და შინაგანად სჭირდებოდათ ცოდვისგან გამომხსნელი, ხოლო იუდეველთა და წარმართთა უმრავლესობა მოელოდა არა სულიერ მეუფეს, არამედ ამქვეყნიურ გვირგვინოსანს, რომელიც მათ ჩაგვრისა და ტირანიისგან იხსნიდა და მათ კეთილდღეობაზე იზრუნებდა. კაცობრიობის დიდი ნაწილი თავს ცოდვილად არ ცნობდა და, ამდენად, არც სულის მხსნელი სჭირდებოდა. სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ როცა მაცხოვარი მოევლინა ქვეყანას, ის ვერ იცნეს და ჯვარს აცვეს.

ქრისტეს შობით იწყება კაცობრიობის ისტორიის ახალი ეპოქა. ქრისტემდე სჯული ბატონობდა ადამიანზე, მას აქეთ კი ადამიანი, პავლე მოციქულის სიტყვით, მადლის მეუფების, ღვთის წყალობის სხივებქვეშ იმყოფება. ამიტომ მაცხოვრის შობა ადამიანისადმი ღმერთის სიყვარულის უდიდესი გამოხატულებაა.

თამარ მამაცაშვილი