"ჩემი კოლექცია მაშინ დასრულდა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა" - კვირის პალიტრა

"ჩემი კოლექცია მაშინ დასრულდა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა"

"1976 წელი იყო, პირველკლასელი ვიყავი, მამამ კრასნოდარიდან მე და ჩემს ძმებს "მოსკვიჩის", "ლადას" და "ვოლგის" მოდელები რომ ჩამოგვიტანა. მახსოვს, იმდენად გამიხარდა, რომ მას შემდეგ მანქანების შეგროვება დავიწყე", - მიყვება ლევან კიკალიშვილი, ავტომობილების მინი-მოდელების კოლექციონერი, რომელსაც ამჟამად 59 მანქანა ჰყავს. ნიკოლოზ II-ის, ლენინისა და სხვა ისტორიული ავტომობილების მოდელები პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობის დროს შეიძინა. კოლექციონერი თავისი უნიკალური ავტომობილების შესახებ "კვირის პალიტრის" მკითხველს უამბობს:

- 6-7 წლის ვიყავი, მანქანების შეგროვება რომ დავიწყე. ბუკიას ბაღთან იყო მაღაზია "ელექტრონიკა", ერთადერთი მაღაზია, სადაც მანქანების ორიგინალი მინი-მოდელები იყიდებოდა. ჩემს კოლექციაში ყველა ავტომობილი ხელნაკეთია. მაშინ უცხო ენაზე მხოლოდ ასეთ მანქანებს ეწერა, სხვებზე წარწერა რუსულად და იმ რესპუბლიკის ენაზე იყო, სადაც გამოუშვეს. ზოგი მანქანა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვიყიდე, ზოგიერთი კი გერმანიაში, ჩეხეთში, პოლონეთში და ა.შ.

გერმანიაში წავედი "რუსო-ბალტის" საყიდლად. ეს მოდელი რუსეთისა და ბალტიისპირეთის ერთობლივი საწარმოს გამოშვებაა. ამ ქარხანას სულ 5 მოდელი აქვს გამოშვებული. საბჭოთა კავშირის დროს"მას "რაფს" ეძახდნენ. "რუსო-ბალტის" ამ მოდელით 1910 წელს ნიკოლოზ II დადიოდა. ეს ყველაზე ძველი მოდელია ჩემს კოლექციაში. ბოლო მანქანა, რომელიც შევიძინე, "ლადა 2107"-ია, ბოლო საკოლექციო მანქანის ნიმუში. მას შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა.

ჩემს კოლექციაში არის საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოშვებული ხელნაკეთი მოდელები. დღეს იგივე ქარხნები უშვებენ მანქანებს, მაგრამ მათ უკვე აწერიათ: "დამზადებულია რუსეთში" და ყველას აქვს შტამპი "უმაღლესი ხარისხი".

კოლექციაში საბჭოთა კავშირის თხუთმეტივე რესპუბლიკის მოდელებია თავმოყრილი. ჩემთვის ყველა მათგანი ძვირფასია, მაგრამ რამდენიმე მოდელი მაინც გამორჩეულია, რადგან მათ შესაძენად დიდი ძალისხმევა დამჭირდა.

1980 წელს, როცა მოსკოვში ოლიმპიადა ტარდებოდა, სპეციალურად ოლიმპიადისთვის გამოუშვეს მოდელი "ჩაიკა", უკანა საქარე მინაზე ოლიმპიური დათვი ჰქონდა დახატული. ეს მანქანა შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა, კოლექციონერებში იშვიათ მოდელად ითვლება.

ზოგიერთ მოდელს თვეების განმავლობაში ვეძებდი, მაგალითად, "ზილ 115"-ს. ამ მანქანით კრემლის პირველი პირები დადიოდნენ და სულ რამდენიმე გამოვიდა. ავტომობილების მოდელების ფასი 5-6 მანეთიდან იწყებოდა. ეს ის დრო იყო, როდესაც 120 მანეთი კარგ ხელფასად ითვლებოდა და ოჯახის რჩენა შეიძლებოდა. 1991 წლის შემდეგ ჩემს კოლექციაში არსებული მოდელები აღარ გამოსულა.

ჩემი კოლექცია მაშინ დასრულდა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ამ მანქანების გამოშვება შეწყდა. 90-იან წლებში 2.300 დოლარიც გადამიხდია ზოგიერთ მოდელში. ყველა მათგანი ხელოვნების ნიმუშია, ყველა ის დეტალი აქვთ, რაც ნამდვილს, ბორბლით დაწყებული, სალონის დეტალებით დასრულებული.

კოლექციას დიდხანს შინ ვინახავდი, ჩემს კაბინეტში, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს შენახვას:L ყველას თავისი ყუთი მოჰყვება, რომლის დაზიანების შემთხვევაში მანქანაც შეიძლება დაზიანდეს.

მხოლოდ ძალიან ახლობლებს ვაჩვენებდი ავტომობილებს, მაგრამ ახლახან შოკოლატერია გავხსენი, სადაც მთელი კოლექცია განვათავსე, ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს უსასყიდლოდ დაათვალიეროს. ის, რასაც 42 წელი ვაგროვებდი და ვუფრთხილდებოდი, გადავწყვიტე ყველას ვაჩვენო. დამთვალიერებლებს ხან ბავშვობა ახსენდებათ, ზოგს ყმაწვილკაცობა, ტურისტები კი ამბობენ, სად არ ვყოფილვართ, მაგრამ მანქანების ასეთი უნიკალური კოლექცია არსად გვინახავსო.