რაზე ოცნებობენ ქუჩის ბავშვები - კვირის პალიტრა

რაზე ოცნებობენ ქუჩის ბავშვები

"კანფეტებზე ფიქრის დრო არასდროს მქონია... ფული საჭიროა იმისთვის, რომ სახლი ვიყიდო, სადაც თბილად დავიძინებ, მერე კი გემრიელად შევჭამ... "

ახალი წელი ბევრისთვის ახალ ცხოვრებასა და მომავლის იმედთან ასოცირდება, თუმცა ეს ყველას არ ეხება - ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც წლებია, ქუჩაში ცხოვრობენ, მძიმე ყოველდღიურობას ვერც ლაპლანდიელი სანტა კლაუსი შეუცვლის და ვერც - ახალწლის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი...

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გაეგო, რა განწყობით შეEხვდნენ ახალ წელს მოზარდები, რომლებიც ამ დღესასწაულს ქუჩაში ხვდებიან...

"მინდა, დედა დაბრუნდეს"

იაკობი, 12 წლის: - მინდა, სახლიდან წლების წინ წასული დედა დაბრუნდეს, ის კი სხვა კაცთან ცხოვრობს და არასდროს დაბრუნდება. რამდენიმე წელია, ქუჩაში ვცხოვრობ. ერთ დღეს დედა სახლიდან წავიდა. მამამ გვითხრა, რომ ის არასდროს დაბრუნდებოდა... მაშინ არ მესმოდა, რა ხდებოდა ჩვენს სახლში. მერე უფროსმა ძმამ ამიხსნა. რაიონიდან ვარ... დიდი სახლი გვქონდა და მამაჩემმა ორ უცხოელ კაცს ერთი ოთახი მიაქირავა. რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ. მერე ჯერ ერთი წავიდა, მერე - მეორე, მას გაჰყვა დედაც... ამის შემდეგ მამა სახლში ყოველდღე მთვრალი მოდიოდა და მე და ჩემს ძმას გვეჩხუბებოდა. ერთხელ ვიღაც ქალი მოიყვანა, ლია, და გვითხრა, ეს დედათქვენი იქნებაო. კარგი ქალი იყო, გვივლიდა, საჭმელს გვიმზადებდა, სახლს ალაგებდა... მაგრამ მალე მამამ ისევ სმა დაიწყო და ლიას სცემდა. რამდენჯერმე ჩემი ძმა ჩაერია, მაგრამ მასაც სცემა და სახლიდან წავიდა. მერე ლიამაც მიგვატოვა... ჩემი ძმის მოსაძებნად თბილისში წამოვედი. მანამდე მხოლოდ სამჯერ ვიყავი ნამყოფი - დედამ წამოგვიყვანა, სასკოლო ტანსაცმელი რომ ეყიდა. ჰოდა, დავრჩი...

- ნათესავები არ გყავთ? - კი, მაგრამ იმათ უნდათ, შეშა დავჩეხო, მიწა დავბარო, წყალი ვათრიო...

- ალბათ, რთულია ქუჩაში ცხოვრება... - სახლში დარჩენას მირჩევნია. აქ თავისუფალი ვარ... პირველად გამიჭირდა. მერე ჩემმა ძმამ მიპოვა. ბიჭებს უთქვამთ, სადაც ვიყავი. ქუჩაში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ახალი რომ მოდის, იმაზე ყველაფერს იგებენ...

- გოგონები არიან? - კი, ოღონდ ქართველები ცოტა, უფრო აზერბაიჯანელები და ქურთები. ისინი ჩვენს წრეში არ არიან და ბევრი არაფერი ვიცი. უფრო მეტროებში "მუშაობენ"... ბიჭებმა მათთან რამდენჯერმე ვიჩხუბეთ. ერთი ხანობა დაიკარგნენ, მერე ისევ გამოჩნდნენ. ძალიან ამტანები არიან. სიცივეში შეუძლიათ შიშვლები იწვნენ ქუჩაში. ყინვაში ფეხშიშველები დადიან...

- თქვენ? - მე და ჩემს ძმას რამდენიმე ადგილი გვაქვს. ხანდახან მტვირთავებადაც ვმუშაობთ. რაღაცებიც გამიყიდია - ხატები, სანთლები, საჩუქრები, მაგრამ ცოტას გვიხდიდნენ - დღეში 3-4 ლარს.

- ქუჩაში მეტს შოულობთ? - კი... 200 ლარზე მეტიც კი მქონია დღეში.

- ახალი წლის დღეებში რა ხდება? - არის უბნები, სადაც ძალიან ბევრის შოვნა შეიძლება და ამიტომ ჩვენ შორის ამ ადგილების (თავისუფლების მოედანი, რუსთაველი, გლდანი, ვარკეთილი, ასევე დიდი რესტორნების შესასვლელები) გამო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. როცა ცივა, მეტროს ჩასასვლელებში ჩავდივართ... ახალი წლის ღამეს ფულს რომ ვიშოვით, ცოტას დავლევთ. ჩემი ძმა მიშლის, თუმცა თვითონ ხშირად სვამს...

- რა გეგმები გაქვს, რაზე ოცნებობ? - გეგმები არ მაქვს. რაზეც ვოცნებობ, ალბათ, არასდროს ამისრულდება - დედა არასდროს დაბრუნდება. კიდეც რომ დაბრუნდეს, არ ვიცი, რა ვუთხრა. დარწმუნებული ვარ, რომ არ წასულიყო, მე და ჩემი ძმა ქუჩაში არასდროს აღმოვჩნდებოდით...

"მინდა ჩემს პატარა დას ქუჩაში ყოფნა არ უწევდეს"

აჩი, 13 წლის: - ხანდახან, როდესაც გავცივდები ან ცუდად ვარ, სადღეღამისო ცენტრში მივდივარ. იქ თბილა და ცხელი საჭმელია... მერე კი ისევ ქუჩაში ვბრუნდები, რადგან ფული მჭირდება.

- ფული რისთვის გჭირდება?

- რისთვის სჭირდება ადამიანს ფული? ყველაფრისთვის - ჭამისთვის, ტანსაცმლისთვის, გართობისთვის...

- რით ერთობით? - ბევრი რამით...

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ახალ წელს ყოველთვის იქ მივდივართ, სადაც კონცერტები ტარდება. თან მუსიკას ვუსმენთ, თან ფულს ვშოულობთ. ცოტა ფული სახლში წავიღე, დედასთან, მერე ბიჭები შევიკრიბეთ და კარგად გავერთეთ... ახალ წელს რა ჩავიფიქრე? ის, რაც ყოველთვის, მინდა, ჩემი სახლი მქონდეს, ის სახლი, რომელიც მამამ გაგვიყიდა.

- რატომ გაყიდა? - არ ვიცი... ითამაშა, ვალები დაედო, დალევა უნდოდა... დედა ამბობს, რომ ჯერ სარდაფი გაყიდა, შემდეგ - სახლი.

- დედა არ მუშაობს? - ხანდახან... მე და ჩემი პატარა და ვმუშაობთ. ბინის ქირას ვიხდით და დედას ფულს ვაძლევთ. მამა სვამს და ფული სჭირდება. ხანდახან დედაც სვამს, ოღონდ ხანდახან.

- სკოლაში არ დადიხარ?

- დავდიოდი, ახლა აღარ დავდივარ. მეზარება და არ მიყვარს. ჩემი და დადის. მერე ისიც აქ მოდის.

- დედ-მამა ქუჩაში ყოფნას არ გიშლის? - მათთან მიგვაქვს ფული, რომელიც სჭირდებათ და ამიტომაც არაფერს მიშლიან. დამიშლიან და ფულს არ მივუტან...

- რაზე ოცნებობ ახალ წელს? - მინდა მქონდეს ბევრი ფული, მაგრამ ამას ოცნება არ შველის, მუშაობა უნდა. ახალ წლამდე და შემდეგაც ხალხი უფრო კეთილია. ერთხელ ვიღაც გოგონამ დიდი ყუთით ნამცხვრები მოგვიტანა, შენს დაიკოსაც აჭამეო... მინდა ჩემს პატარა დას ქუჩაში ყოფნა არ უწევდეს. მე მისთვის ყველაფერს ვყიდულობ, საჭმელი და ჩასაცმელი არ აკლია, მაგრამ მინდა, სხვა გოგონებივით სახლში იყოს და სწავლობდეს, ის კი სახლში ვერ ჩერდება, რადგან მშობლები სულ ჩხუბობენ.

"მე არაფერზე ვოცნებობ"

გიორგი, 12 წლის: - აქ ყველა ფულისთვის მუშაობს. არ დაიჯეროთ, რომ ვინმე დედის ან შვილის წამლისთვის ფულს აგროვებს. ეს ფული იმისთვის სჭირდებათ, რომ იცხოვრონ. აქ ბევრი იტყუება და ეს ყველამ ვიცით...

მშობლები არ მყავს. ბიძაჩემთან ფულის ნაწილი მიმაქვს, რომ ჩემს ცხოვრებაში არ ჩაერიოს... მე არაფერზე ვოცნებობ; კანფეტებზე ფიქრის დრო არასდროს მქონია. ფული საჭიროა იმისთვის, რომ სახლი ვიყიდო, სადაც თბილად დავიძინებ, მერე კი გემრიელად შევჭამ...

ერთხელ მე და ჩემს დას ქუჩის მომღერალმა ბიჭებმა ფული გვაჩუქეს, 53 ლარი იყო... ხანდახან უფრო მეტიც გვიშოვია, მაგრამ ის დღემდე მახსოვს. სამნი იყვნენ, უკრავდნენ და მღეროდნენ. მერე თავიანთი ნაშოვნი ფული გვაჩუქეს და ცხელი ყავაც გვიყიდეს... ზოგი ძალიან კეთილია...