"ნიკა ამეირკავკასიაში პირველი აუტისტი სტუდენტია" - როგორ დაამარცხა დედამ 12-წლიანი ბრძოლის შემდეგ შვილის აუტიზმი - კვირის პალიტრა

"ნიკა ამეირკავკასიაში პირველი აუტისტი სტუდენტია" - როგორ დაამარცხა დედამ 12-წლიანი ბრძოლის შემდეგ შვილის აუტიზმი

"აუტიზმი - პაზლი, რომელიც ერთად უნდა ავაწყოთ!" - გამონათქვამი, რომელიც ჩვენმა ეპოქამ აუტიზმის შესახებ ისევე შექმნა, როგორც აუტიზმი (სინდრომი გასულ საუკუნეში აღმოაჩინეს). ვერავინ ასახავს მშობლის იმ განცდას, როცა მისი პატარა გარემოსთან ურთიერთობას წყვეტს, ვერც საზოგადოების იმ შიშს, რომელიც აუტისტი ბავშვების რაოდენობის მკვეთრ ზრდას მოსდევს და რომელთა მომავალი გაურკვეველია: სახელმწიფო მათზე მხოლოდ 15 წლამდე ზრუნავს და კაცმა რომ თქვას, თითქმის უშედეგოდ. ამასობაში არსებობს დედა, რომელმაც აუტიზმის შესახებ ყველა წარმოდგენა ყირაზე დააყენა, 12-წლიანი ბრძოლის შემდეგ შვილის ჩაკეტილ სამყაროში შეაღწია და აუტიზმზე გაიმარჯვა. დღეს მისი ვაჟი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტია. ხათუნა ნადარეიშვილი ამბობს, რომ მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, მე კი მგონია, რომ ის ძალიან მამაცი და ჭკვიანი ქალია და მისი გამოცდილება აუცილებლად სხვებმა უნდა გაიზიარონ. გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც უმძიმესი "ომი" დედის გამარჯვებით დამთავრდა.

- დედისთვის შვილის აუტიზმი ტრაგედიაა და ამას ვერაფერი შეცვლის. საშინელებაა, როცა შენი გარეგნულად სრულიად საღ-სალამათი შვილი ნელ-ნელა სხვა სამყაროში გადადის და უცნაურობები ემართება, არავისთან ურთიერთობს, დედასაც კი გაურბის. როცა სხვა ბავშვები ლექსებს სწავლობენ, მან სიტყვაც არ იცის და თუ მაინც ცდილობ რაიმე ასწავლო, გარბის და "არა-არას" გაიძახის. თავდაპირველად, როგორც წესი, ამას ჩვეულებრივ უცნაურობად მიიჩნევ, დაშვებაც კი არ გინდა, რომ რაიმე სერიოზული სჭირს და ასე გრძელდება მანამ, სანამ არ შეეჩეხები იმ სინამდვილეს, რომელსაც აუტიზმი ჰქვია.

ნიკამ სამი-ოთხი წლისამ ამოთქვა რაღაც სიტყვები, ოღონდაც წინადადებების გადაბმა არ გამოსდიოდა. მითხრეს, საბავშვო ბაღში წაიყვანე, ბავშვებთან ურთიერთობაში ყველაფერი გამოსწორდებაო, მაგრამ ოთხი თვე ისე გავიდა, ოდნავადაც ვერ მიეჩვია ბავშვებს. მთელი დღე მშიერი განმარტოებით იჯდა და მელოდებოდა. მასწავლებელმა ფრთხილად მითხრა, იქნებ ბავშვი ფსიქოლოგს აჩვენოთო. მოკლედ, ბაღიდან წამოვიყვანე. ამასობაში ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტი ტკივილის წინაშე დავდექი - ბავშვს თითქოს სახლში უცნაურობა ნაკლებად ეტყობოდა, მაგრამ ხალხში გავიყვანდი თუ არა, დაიძაბებოდა, ძალიან აგრესიული ხდებოდა. სკოლაში რომ შევიდა, სულ მარტო იჯდა. მათემატიკის გარდა, ყველაფრის სწავლა კოშმარი აღმოჩნდა, განსაკუთრებით ქართულის.

- მათემატიკა მოსწონდა? - მასწავლებელს ამოცანა ბოლომდე არ ჰქონდა დაწერილი, რომ ნიკას უკვე ამოხსნილი ჰქონდა, ქართულის სწავლა კი წამება იყო. ვიცოდი, რატომაც, - ჩემს შვილს ხომ საუბარი უჭირდა, ქართულის სწავლა კი საუბარს მოითხოვს. ერთ დღეს უცნაური რამ მოხდა - ნიკას ძალიან მარტივი წინადადება ჰქონდა ამოსაკითხი: "ის კაცი იყო კოჭლი", რომელიც უნდა გაემეორებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება ოცდაათჯერ მაინც წავაკითხე, ვერაფრით გაიმეორა. ვეღარ გავუძელი და ხმას ავუწიე, რა უნდა ამის გამეორებას-მეთქი და უცებ სიტყვა "კოჭლის" წარმოთქმისას ისეთი თვალებით შემომხედა, რომ მივხვდი, რაც ხდებოდა, მან სიტყვა "კოჭლის" მნიშვნელობა არ იცოდა. ეს იმდენად უცნაური განცდა იყო, რომ გავშეშდი. ამ დროს იქვე ჩემი უფროსი ვაჟი, ლევანი თამაშობდა, რომელმაც იყვირა, ნიკა, კოჭლი აი, ეს არისო და კოჭლობით გაიარა. ლევანმა გაიარა თუ არა, ნიკამაც იმავე წამს გაიმეორა მთელი წინადადება, მე კი უცებ გონება გამინათდა და მივხვდი, რა უნდა მექნა, თუ მინდოდა, რომ ნიკას ესწავლა! ყველა სიტყვაზე პატარ-პატარა "სპექტაკლები" უნდა დამედგა და ნიკა მხოლოდ მაშინ ისწავლიდა. იმ დღიდან, სკოლის დასრულებამდე, 12 წლის განმავლობაში, მე "სპექტაკლებს" ვდგამდი, თანაც ყველა საგანში.

ნიკა ვერ იმახსოვრებდა, მაგალითად, წინადადებას: "პეპელა ყვავილზე დაჯდა", რადგან არ იცოდა სიტყვა "პეპელას" ან "ყვავილის" მნიშვნელობა. თუ მინდოდა, ეს წინადადება ესწავლა, ესე იგი, მოქმედებით უნდა ამეხსნა, როგორია პეპელა ან ყვავილი. ნიკას იმდენად უნდოდა სხვა ბავშვებს დამსგავსებოდა, გაშლილი წიგნით მხვდებოდა. მათემატიკა ან ქიმია ბრწყინვალედ აითვისა. ერთხელ ფსიქოლოგმა ამოსახსნელად ლაბირინთი მისცა და რომ ამოხსნა, კაცი შოკში ჩავარდა, ამის ამოხსნა მოზრდილებსაც კი უჭირთ, ამან რაღაც სხვა განზომილებიდან შეხედაო.

- აუტისტი ბავშვის ასე გადაღლას ფსიქოლოგები არ გიშლიდნენ? - ფსიქოლოგებს ამ საკითხში ომი გამოვუცხადე, ისევე როგორც ოჯახის წევრებს. მე გავიმარჯვე. სკოლაში ლაპარაკი მხოლოდ იმაზე იყო, რომ ნიკას მეცხრე კლასამდე მიეღწია, მაგრამ მეცხრე კლასში, როცა ზოგიერთი მასწავლებელი ნიკას შედეგებმა გააკვირვა, ამაზე საუბარი შეწყდა. დღეს კი, როცა მრავალი აუტისტის დედა წუხს, რომ მის შვილს ლაპარაკი და სწავლა არ შეუძლია, მინდა ავუხსნა, რომ გამოსავალი არსებობს.

- თუ არ ვცდები, ჩვენს ქვეყანაში თქვენი შვილი ერთადერთია, რომელიც სტუდენტი გახდა. - როგორც სპეციალისტები მეუბნებიან, ამიერკავკასიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ აუტისტი სტუდენტი გამხდარიყო. ნიკამ ჩვეულებრივად ჩააბარა მისაღები ტესტები. ერთადერთი შეღავათი ის ჰქონდა, რომ 10 წუთი დრო დაუმატეს.

სამწუხაროდ, არც სკოლას და არც სახელმწიფოს, პრაქტიკულად, არა აქვს იმის რესურსი, რომ აუტისტ ბავშვებს მომავალი ჰქონდეთ. დაჰყავთ რაღაც სკოლებში, სადაც 15 წლამდე რაღაც ჩვევებს უმუშავებენ, ამის შემდეგ კი მათთვის ყველაფერი მთავრდება. მე ბედმა გამიღიმა, მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონდა და ნიკასთვის ყველაფერს ვაკეთებდი, პირველ კურსზე სწავლების თანხაც გადავიხადე, მაგრამ ახლა დაბალანაზღაურებადი სამსახური მაქვს და ვშიშობ, თუ სწავლის ფულს ვერ გადავიხდი, ნიკამ სწავლას თავი უნდა დაანებოს.

- ანუ შეღავათს არ გაუწევენ? მისი შემთხვევა ხომ ერთადერთია? - არა. ჩვენს ქვეყანაში არც არასოდეს ყოფილა იმაზე საუბარი, რომ აუტისტმა ბავშვებმა უმაღლესში ისწავლონ. იმისთვის, რომ ჩემს შვილთან ერთად ოდესმე სხვა აუტისტ ბავშვებსაც შესძლებოდათ უნივერსიტეტში სწავლა, უკვე 4 განცხადება მაქვს დაწერილი და ოთხივე უშედეგოდ!

- იმედია, ეს ინტერვიუ დააფიქრებს ვინმეს. - ვნახოთ. გონიერი ხალხი უნდა ხვდებოდეს, რომ აუტისტი ბავშვებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.