"გაყიდულ სახლებს შორის ყველაზე იაფი 1500 ღირდა" - მიტოვებულ ოდებს პატრონი მართლაც გამოუჩნდა - კვირის პალიტრა

"გაყიდულ სახლებს შორის ყველაზე იაფი 1500 ღირდა" - მიტოვებულ ოდებს პატრონი მართლაც გამოუჩნდა

"კვირის პალიტრა" უკვე წერდა ლექსო ჩარკვიანზე, რომელიც ხალხს მიტოვებული სოფლის სახლების ყიდვისკენ მოუწოდებს. აი, რას სთხოვდა ის ინტერნეტმომხმარებლებს:

"იყიდეთ, გთხოვთ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უთქვამს, ნეტა მომწყვიტა ყველაფერს და სადმე წყნარ ადგილას დამაგდოო. "თაკვერი", ალბათ არ

გეცნობათ, ეს ლეჩხუმია. და რა მინდა ვთქვა, ამ ფოტოებში რასაც ხედავთ, ეს ყველა ლეჩხუმური ოდები და ქილიქიანი სახლებია, რომლის ფასები მერყეობს 2 000 ლარიდან 8 000 ლარამდე. მაგალითად 2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში. ნატური ხილი ეზოში, კარგი ჰაერი, წყალი, ზამთარშიც მშვენივრად გაატარებთ რამდენიმე დღეს. ქუთაისიდან 62 კილომეტრი, ასფალტის საფარია ისეთი წვერს გაიპარსავს კაცი ზედ. მოკლედ, თუ ვინმე დაინტერესდით კონსულტაციას გაგიწევთ, და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ კუთხეზე, სოფლებზე და სახლებზე."

როგორც ირკვევა ლექსო ჩარკვიანი დიდი ძალისხმებით, 2018 ივნისიდან დღემდე რაჭა-ლეჩხუმში უკვე 19 მიტოვებული სახლი გაიყიდა.

„დაკარგული სამოთხე“ - ეს ის სოციალური კამპანიაა, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ „გაცოცხლებას“ ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრი აგროვებს. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს კი მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ.

თუმცა, როგორც იდეის ავტორი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღმოჩნდა, რომ სახლების შესახებ ინფორმაციას ე.წ მაკლერები „უსაფრდებიან“ და ფინანსური სარგებლის ნახვის მიზნით თავად უკავშირდებიან მეპატრონეებს - „ამას უკვე ვეღარ გავაკონტროლებ, რადგან მე მხოლოდ ინფორმაციის გამავრცელებელი ვარ. უბრალოდ, ცოტა უხერხული მგონია, როდესაც სახლი ისედაც ძალიან დაბალ ფასად, მაგალითად, 2000 ლარად იყიდება და აქედან ვიღაცას საკუთარი ფინანსური საგებლის მიღება სურს“,- აღნიშნავს ლექსო ჩარკვიანი.

რაც შეეხება თავად კამპანიის იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.

აღსანიშნავია, რომ გაყიდულ 19 სახლს შორის ყველაზე იაფი - 1500, ხოლო ყველაზე ძვირი - 8 000 ლარი ღირდა. იხილეთ სრულად