ილია II - "გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ" - კვირის პალიტრა

ილია II - "გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელიც 41 წელია საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელია, დაბადებიდან 86 წელი შეუსრულდა. ურთულეს დროში მოუწია ამ მძიმე ჯვრის ტარება ჩვენს ბრძენ პატრიარქს. ვულოცავთ მას იუბილეს და ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ერის საიმედოდ.

გთავაზობთ მცირე ამონარიდებს პატრიარქის სხვადასხვა წლების ქადაგებებიდან - ვუსმინოთ მას, შევასრულოთ მისი ლოცვა-კურთხევანი:

"ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი"

ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანები მომავლის იმედს კარგავენ, რაც სასოწარკვეთილების ცოდვაა. გახსოვდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამოსავალი და უფალმა ყოველთვის შეიძლება ისეთი სასწაული მოგვივლინოს, რომ გაოცებულნი დავრჩეთ. ამიტომ მომავლის იმედს ნუ დაკარგავთ. მართალია, დღეს საქართველო განსაცდელშია, მაგრამ ღვთის მადლითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წყალობით, აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სასოება და სიყვარული ღვთისა და ადამიანისა...

...უხვი სიყვარული უნდა გქონდეთ და უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ სიყვარულს, სიკეთეს და მოწყალებას გასცემთ, მით უფრო მეტს მოგანიჭებთ უფალი; ასმაგად მოგეზღვებათ ყოველივე, რასაც იქმთ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გქონდეთ იმედი ერთმანეთისა და იმედი ღვთისა.

"ესაა ერთადერთი გზა სასუფევლისაკენ"

ღვთისმეტყველებაში არსებობს ასეთი ტერმინი: "სული წინააღმდეგობისა". ეს ბოროტი სულია. განგიმარტავთ, თუ როგორ ვლინდება ეს სული. ვთქვათ, საუბრობს ადამიანების ჯგუფი რაღაც სასიკეთო საკითხზე და ყველანი დადებითად აფასებენ ამ საქმეს, მაგრამ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ რაზედაც ესენი მსჯელობენ, ყველაფერი სიყალბეა და მხოლოდ რასაც თავად ამბობს, ის არის სწორი. ასეთ ადამიანზე ამბობენ, რომ მასში შევიდა ბოროტი სული წინააღმდეგობისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ამის საპირისპირო სულიც - სინანული და განცდაი თვისთა ცოდვათა. ეფრემ ასური ამბობს: "ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა." იმას კი არ ითხოვს, სხვისი ცოდვების ხედვა მომეციო, არამედ საკუთარი ცოდვები დამანახეო და დასძენს: მომანიჭე "არა განკითხვად ძმისა ჩემისა". აი, ეს ორი რამ: "განცდაი თვისთა ცოდვათა" და "არა განკითხვად ძმისა ჩემისა" უნდა ახასიათებდეს ყოველ მორწმუნე ადამიანს, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს. არაა საკმარისი მარტო ეკლესიაში მოსვლა და გარეგნულად აღიარება მართლმადიდებელი სარწმუნოებისა, აუცილებელია შინაგანი განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ესაა ერთადერთი გზა სასუფევლისაკენ.

"უფალი ძალიან ახლოსაა და მუდამ ჩვენთანაა"

ბედნიერია ის, ვინც არის ტაძარი სულისა წმიდისა. ასეთი ადამიანი მადლითაა აღვსილი და ეს მადლი არა მარტო მისთვისაა განკუთვნილი, არამედ მის გარშემო მყოფთათვისაც. როგორც ამბობს ღირსი მამა სერაფიმე საროველი, ადამიანი, რომელიც მოიპოვებს მადლს სულისა წმიდისა, ცხონდება და მის გარშემო სხვა მრავალსაც აცხოვნებს. სწორედ ამისთვისაა მოწოდებული თითოეული ჩვენგანი. ამიტომაც უნდა განვასხვაოთ, სადაა სული ბოროტი და სად - სული ჭეშმარიტებისა. ცნობილია, რომ ხშირად ბოროტება სიკეთით ინიღბება და ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას, სინამდვილეში კი ბოროტებასა და განხეთქილებას, უნდობლობას, ღვარძლსა და შურს თესავს. ხოლო სული ჭეშმარიტებისა თესავს სიკეთეს, სიყვარულს, ურთიერთშენდობასა და პატიებას. სამწუხაროა, რომ ბუნებით მიმნდობი ქართველი კაციც ხშირად სიფხიზლეს კარგავს და ბოროტი სულის ცდუნებით ბოროტებას სჩადის. თქვენ იცით, ბოროტი სული - ეს არის მკვიდრი სატანჯველისა, ეს არის ის სული, რომელიც უფალმა ანგელოზად შექმნა, მაგრამ ამპარტავნებამ დაღუპა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე და ყველაზე მძიმედ განსაკურნებელი სენი სწორედ ამპარტავნებაა. ამ ცოდვის გამო დაეცა ანგელოზი და ბოროტ სულად იქცა. ასევე ამპარტავნების გამო დაიღუპა ადამიანიც და სამოთხიდან განიდევნა.

ჩვენ დღეს მომსწრენი ვართ მძლავრი დაპირისპირებისა ბოროტებასა და სიკეთეს შორის. ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჭეშმარიტების მხარეზე, უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ, რისთვის მოვედით და რა გზით უნდა ვიაროთ. ჩვენი მიზანი ერთია - მოვიპოვოთ ნეტარება და დავიმკვიდროთ სასუფეველი ღვთისა. ძველად ქართველები ამბობდნენ: "იხარეთ ორსავე სოფელსა შინა", ე.ი. ამქვეყნადაც და იმ ქვეყნადაცო. აი, ამისთვისაა მოწოდებული ადამიანი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ამქვეყნად, როცა გარშემო ამდენი წინააღმდეგობა ხვდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ძალიან ახლოსაა და მუდამ ჩვენთანაა. და როცა გვიმძიმს იმ ჯვრის ტარება, რომელიც ღმერთმა მოგვცა, გულით ვითხოვოთ უფლისაგან შემწეობა და ის აუცილებლად დაგვეხმარება. მთავარია, ჩვენ უარი არ ვთქვათ და ბოლომდე ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი.

"ღვთის სიყვარული აღემატება ყოველ ცოდვას, თუ ადამიანს გააჩნია სინანული"

ადამიანი არის საოცარი ქმნილება ღვთისა. შეიძლება ის შთავიდეს ჯოჯოხეთამდე და ასევე, შესაძლოა, აღვიდეს ზეცად უფალთან. მაცხოვარი ბრძანებს: "იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს." რა თქმა უნდა, ადამიანი ვერასდროს მიაღწევს ისეთ სრულყოფას, როგორიც მამაზეციერს აქვს, მაგრამ ეს ჩვენ იმაზე მიგვითითებს, რომ სრულყოფა ადამიანისა დაუსრულებელია, იგი არ უნდა შეწყდეს. ყოველი ადამიანი დგას იმ კიბეზე, რომელიც ზეცად ადის, მაგრამ ადამიანი ამ კიბეზე ან ზემოთ მიიწევს, ან დაბლა ეშვება, რადგან არავის შეუძლია, იდგეს ერთ ადგილზე. ღმერთმა ინებოს, რომ მთელმა საქართველომ ზესვლით იაროს. რა არის ამისთვის საჭირო? ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ჭეშმარიტი სარწმუნოება და იმედი. არასდროს უნდა დავკარგოთ იმედი ღვთისა და მუდამ გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული აღემატება ყოველ ცოდვას, თუ ადამიანს გააჩნია სინანული.

"ჩვენი ხვალინდელი დღე დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებთ"

საუკუნეთა მანძილზე საქართველო გადაარჩინა მოყვასის, ღვთის და მამულისადმი თავდადებულმა ქრისტიანულმა სიყვარულმა, რისი მაგალითიც აურაცხელია ჩვენს ისტორიაში. როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ როგორ არჩევანს გავაკეთებთ - მივიღებთ ბოროტის მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით სიყვარულსა და ცრუ ღირებულებებს, თუ ცოდვასა და სიკვდილზე გამარჯვებული ღმერთის მხარეზე დავდგებით. ჩვენი ადგილი რომ კარგად გავაცნობიეროთ, უნდა გავარჩიოთ, ჩვენი მისწრაფებანი და ქმედებანი შეესაბამება თუ არა უფლის სწავლებას.

"ღმერთი გაიღებს მოწყალებას და ეს ტერიტორიები კვლავ დაუბრუნდება საქართველოს!"

ჩვენი ქვეყანა დღეს განსაცდელშია, გაჭირვების ჟამი უდგას, რადგან დარღვეულია მისი ტერიტორიული მთლიანობა. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი. მიმაჩნია, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მიწები ჩვენთვის დაკარგულია! ჩვენ უნდა მიგვაჩნდეს, რომ დროებით ვერ ვაკონტროლებთ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მაგრამ გვწამს, რომ ღმერთი გაიღებს მოწყალებას და ეს ტერიტორიები კვლავ დაუბრუნდება საქართველოს!

ვფიქრობ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს წიაღში დაბრუნება, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა თვითონ აფხაზებისა და ოსებისათვის, მათი ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის.

"რომელი საზომითაც განვიკითხავთ სხვებს, იმ საზომით განგვიკითხავს უფალი"

ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროში, როცა ადამიანი თავის ფასს კარგავს. ის აღარ არის დაფასებული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს სამი სიწმინდე - მამული, ენა, სარწმუნოება და მათგან გამომავალი სამი უდიდესი და შეუდარებელი საუნჯე: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი!

ყოველი ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყნად და მან თავისი დანიშნულება უნდა აღასრულოს. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ცოდვებს ხედავენ და სიხარულსა და მადლს ვერ განიცდიან. ასეთებისთვის სხვა ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს. სინამდვილეში ეს არის უდიდესი ფასეულობა, ფიზიკურიც და სულიერიც. ადამიანმა არ უნდა აღმართოს ხელი სხვა ადამიანზე და არავინ უნდა განიკითხოს. გვახსოვდეს, რომელი საზომითაც განვიკითხავთ სხვებს, იმ საზომით განგვიკითხავს უფალი.

"ნათქვამია, ვინც ღმერთს უყვარს, უფრო მეტ განსაცდელს უგზავნის ხოლმე მას"

შეიძლება ხშირად ფიქრობთ, რატომაა სულ განსაცდელში საქართველო. ნათქვამია, ვინც ღმერთს უყვარს, უფრო მეტ განსაცდელს უგზავნის ხოლმე მას: გვწვრთნის, გვზრდის და გვაძლიერებს, რომ უკეთესები ვიყოთ! უფალი განსაცდელს იმიტომ გვიგზავნის, რომ თანდათანობით, სულ უფრო და უფრო ავმაღლდეთ სრულყოფილების საფეხურებზე!

ალბათ, ყველას მოგისმენიათ ძალიან უბრალო სიტყვები უბრალო ჰანგზე: "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო". რა გვინდოდა ამით გვეთქვა? ის, რომ ადამიანი უძლურია, მას

თავისი ცოდვები და ვნებები გააჩნია. ნათქვამია: "არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს!" ჩვენ წინ ცხოვრების გზაა და ამ გზაზე ადამიანს ხშირად ხვდება ხოლმე განსაცდელი. ამ დროს მძიმდება მისი ჯვარი და ზოგჯერ ადამიანი ეცემა, აღარ შესწევს ძალა, გზა განაგრძოს. ის აღიარებს თავის უძლურებას უფლის წინაშე და შესთხოვს შემოქმედს:

"უფალო, აღარ მაქვს წინსვლის ძალა, ვერ მოვდივარ შენთან, ამიტომ შენ თვითონ მოდი ჩემთან და მიხსენი!" და უფალი მოდის, ხელს გვიწვდის, აღგვადგენს და ძალას გვანიჭებს, რათა სვლა განვაგრძოთ. ასე რომ, თუკი ვიუნჯებთ სულიერს და ვეძიებთ მადლს სულისა წმინდისასა, უფალი გვიცავს და გვიფარავს!

დღეს მატერიალური საუნჯის საყოველთაო ზეიმია! მთელი მსოფლიო ცდილობს, იშოვოს რაც შეიძლება მეტი ფული, სიმდიდრე და ნაკლებად ფიქრობს სულიერზე. კვირის ბოლოს ადამიანები სადმე დასასვენებლად და გასართობად გადიან. მათ არ აგონდებათ უფალი, არ ფიქრობენ არც წირვა-ლოცვაზე, არც ეკლესიაზე - მთავარია, კარგად ატარონ დრო.

მადლობა უფალს, რომ ქართველი კაცი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და იმედით დააჯილდოვა! სამი სათნოება: ჩვენი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და ადამიანისა, ჩვენი სასოება, იმედი ღვთისა და ადამიანისა, მოგვცემს ძალას, რომ ვიაროთ წინ და ბოლომდე ავიდეთ სრულყოფილების კიბეზე!

იხილეთ ასევე: "დაბრუნება" ედემში - რეპორტაჟი პატრიარქის ზამთრის ბაღიდან