ნაღმის ეფექტი: საშიში ფეიერვერკები - კვირის პალიტრა

ნაღმის ეფექტი: საშიში ფეიერვერკები

ახალი წლის დღეები განსაკუთრებით დატვირთულია ექიმებისთვის, რადგან ამ დღეებში არაერთი ადამიანის დახმარება უწევთ.

სამწუხაროდ, 2019 წლის დადგომას მძიმე შემთხვევების გარეშე არ ჩაუვლია. მიზეზი, უმეტესწილად, პიროტექნიკა იყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ბევრი დაშავებული გადაიყვანეს სხვადასხვა კლინიკაში, მათი უმრავლესობა ბავშვი იყო. იაშვილის კლინიკის ქირურგებმა ამ დღეებში არაერთი ოპერაცია ჩაატარეს. ანალოგიური სიტუაცია იყო დამწვრობის ცენტრშიც, სადაც პიროტექნიკით მიღებული დამწვრობებით არაერთი პაციენტი მოათავსეს. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სამი დღის განმავლობაში კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 366 შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი წლის წინა დღეებში უჩვეულო შემთხვევა მოხდა თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში. დარბაზში, სადაც საახალწლო ზეიმი ჩატარდა, კონცერტის შემდეგ პიროტექნიკა ააფეთქეს. საბედნიეროდ, ბავშვები მძიმე დაზიანებას გადაურჩნენ - მხოლოდ ერთი მოზარდი დაშავდა მსუბუქად. ინციდენტს რეაგირება მოჰყვა - სამსახური დატოვეს ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილემ და ორმა თანამშრომელმა.

შარშან, წლის ბოლოს, მიიღეს კანონი, რომელიც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ახალი კანონით, ბავშვებისთვის ასაფეთქებლების მიყიდვა აკრძალულია.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ სხვა წლებთან შედარებით წელს მათ კლინიკაში მიმართვიანობამ იკლო.

- წელს მხოლოდ ერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა - 8 წლის ბავშვს ასაფეთქებელი სახეში მოხვდა. სხვა პაციენტები ამბულატორიულ მკურნალობას დაექვემდებარნენ. დეკემბრის ბოლოდან დღემდე 70-მდე პაციენტი მივიღეთ. დაახლოებით 50% მოზრდილი იყო, 50% - ბავშვი. დაშავებულებს შორის არიან უცხოელებიც. ერთ დიდ ტალღას ძველით ახალ წელს ველოდებით.

- რა დაზიანებები ჰქონდათ პაციენტებს?

- ძირითადად, ზიანდება მარჯვენა მტევანი, მარცხენა მტევანი, სახე, გულმკერდის არე. 70-80%-ს მაინც მარჯვენა მტევანი აქვს დაზიანებული. ასაფეთქებლები იწვევს ნაკვეთ ჭრილობებს, ექსკორიაციებს, ხშირია თვალის დაზიანებაც. სამწუხაროდ, დაზარალებულები ხშირად ბავშვები არიან.

- ექიმები ყოველ წელს აფრთხილებთ მოსახლეობას, მაგრამ ერთი და იგივე მეორდება. - დიახ, ვაფრთხილებთ, მაგრამ ელემენტარულ წესებს არ იცავენ. ყველას ჰგონია, ჩვენ ეს არ დაგვემართებაო. თუ მაინცდამაინც უნდათ, ამ ხმით გააკვირვონ ერთმანეთი და მიულოცონ ახალი წელი, წესები მაინც დაიცვან, ფრთხილად იყვნენ, მეტი დრო მოანდომონ ბავშვებთან საუბარს, რომ ისინი ფრთხილად მოიქცნენ.

პიროტექნიკა სახიფათოა და მისი გაშვებისას ინსტრუქციის ზუსტად დაცვა აუცილებელია. ზოგიერთს სპეციალური სადგამი სჭირდება; არის ისეთებიც, რომელთა აფეთქებისას 30 მეტრის რადიუსში არავინ უნდა იყოს, მაგრამ ამ წესებს არ იცავენ!

აფეთქებებს სჯობს, ერთმანეთს ჭიქა მიუჭახუნონ, გოზინაყი ჭამონ, ჩურჩხელა დააყოლონ და უსაფრთხოდ შეხვდნენ ახალ წელს. სამწუხაროდ, ეს ახალ წელს და შობას არ მთავრდება - სანამ ბოლო ასაფეთქებელი არ გაიყიდება, ასეთი დაზიანებებით პაციენტების კლინიკებში მოყვანა მანამდე გრძელდება.

ამ პერიოდში ცხელი წყლით დამწვარი მოზრდილებიც მოდიან და მიზეზი კვლავ გაუფრთხილებლობაა.

იაშვილის ბავშვთა კლინიკაში 31 დეკემბერსა და 1-ლ იანვარს 16 პაციენტი შეიყვანეს. მათ უმრავლესობას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ექიმებმა ურთულესი ოპერაციები ჩაატარეს.

მერაბ ვარძუკაშვილი, განყოფილების გამგე:

- ჩვენს კლინიკაში შემოყვანილთაგან ბევრი რეგიონებიდან არის. მძიმე იყო ფოთიდან ჩAამოყვანილი 9 წლის ბიჭის მდგომარეობა და მას სამი თითი ამპუტირებული აქვს.

ეტყობა, პიროტექნიკა უხარისხოა. ფოთელი ბავშვის მამა ამბობს, რომ ხუთლარიანი ასაფეთქებელი იყიდა, ბავშვები ეზოში ჩაიყვანა... უფროს შვილს ეჭირა, უცებ შუაში აფეთქდა და ბავშვს სამი თითი მოაცალა.

შარშან მომართვიანობა მეტი იყო, წელს ოდნავ შემცირებულია. ამ პრობლემას კონტროლი სჭირდება. უპირველესად მშობელი უნდა იყოს ფრთხილად, მაგრამ სახელმწიფომაც ან უნდა აკრძალოს შემოტანა, ან გააკონტროლოს, რა იყიდება.

ორთოპედ-ტრავმატოლოგი ბიძინა კანაშვილი 31 დეკემბრის ღამეს იაშვილის კლინიკაში მორიგე იყო და ურთულესი ოპერაციების ჩატარება მოუხდა.

- თავდაპირველად თბილისიდან შემოჰყავდათ პაციენტები, გამთენიისას კი რეგიონებიდანაც მოიყვანეს. ყველაზე პატარა 6 წლის იყო, ყველაზე დიდი - 15 წლის. ახალი წლის ღამეს შვიდი ოპერაცია გაკეთდა. ძირითადად, დაზიანებული იყო თითები და კიდურები, სახე, ასევე თვალი. ურთულესი ოპერაციები ჩატარდა. ერთმა დედამ ამპუტირებული თითი მოიტანა, მაგრამ უსიცოცხლო იყო და მისი აღდგენა არ შეიძლებოდა. მთელი ღამის განმავლობაში ორთოპედებმა გაუჩერებლად ვიმუშავეთ. ყველა დაშავებული ამბობდა, რომ ძლიერი პიროტექნიკა არ ჰქონიათ და ვერ წარმოედგინათ, პატარა ფეიერვერკს ასეთი ძალა თუ ექნებოდა. მესმის, რომ ეს ვიღაცისთვის გასართობია, მაგრამ ყველას უნდა ვუთხრა: ფეიერვერკისგან დაზიანების სიმძლავრე ჰგავს ნაღმზე აფეთქების სიმძლავრეს, ჩნდება ღრმა ჭრილობები, რომლებიც მაჯის ძვლებამდე ჩადის.

რისი აღდგენაც შეიძლება, ვცდილობთ, აღვადგინოთ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ქსოვილი დაფლეთილი იყო, აღდგა, რისი შენარჩუნებაც შეიძლებოდა, შევინარჩუნეთ, მაგრამ სამწუხაროდ, დაშავებულთა დაახლოებით ნახევარს ამპუტირებული ჰქონდა თითები, რომელთა ნაწილის შენარჩუნება ვერ შევძელით.