როცა ზურგზე წაწერილი "რასია" გაწუხებს... - კვირის პალიტრა

როცა ზურგზე წაწერილი "რასია" გაწუხებს...

ჯერ კიდევ გამოყოლილი აქვს დიდ გზაზე მგზავრობის თანმდევი დაღლილობა და უღონობა. სულ რამდენიმე დღეა, რაც ინგლისიდან თბილისში ჩამოფრინდა. ამბავი კი, რომელიც იქიდან ჩამოიტანა, ისეთი სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ უნდა მოვაყოლო...

ღიმილით მხვდება მარინა ჯანაშია. თვალის უპეებში ჩამჯდარ გადაღლას არ იმჩნევს და მიყვება, რა წარმატებული აღმოჩნდა სპექტაკლი "ვგავარ ახლა მე ლტოლვილს?", როგორი აღტაცებით შეხვდნენ მას ედინბურგში, ფესტივალზე, როგორ ტიროდნენ დარბაზში და როგორ ეტირებოდათ სცენაზე მდგომებს...

 - ერთი წლის წინ რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრსა და ლონდონის ნაციონალურ თეატრს შორის დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, - მიამბობს მასპინძელი, - პირველივე სპექტაკლი, რომელიც ამ თანამშრომლობის შედეგად მომზადდა, ძალიან უცნაური იყო, ამ ტიპის სპექტაკლებს თურმე "ვერბატინი" ჰქვია. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს სცენარი, უფრო სწორად, უკვე ჩაწერილ ტექსტს ყურსასმენით ვისმენთ და ხმამაღლა ვიმეორებთ.

არ უნდა გამოგრჩეს არა მარტო სიტყვა, არამედ შეძახილი, შორისდებული, ამოოხვრა. მოკლედ, ჩაწერილ ტექსტს სინქრონულად უნდა მისდიო. სპექტაკლი ძალიან საინტერესოდ მომზადდა. საქართველოში ჩამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორი ალეკ ბლეითი. წავიდა წეროვანში, დევნილებისაგან აიღო ინტერვიუ და შექმნა ასეთი პიესა.

სწორედ დევნილების სიტყვები იყო ჩვენი ტექსტი. ერთადერთი სპექტაკლი ვითამაშეთ თბილისში. სპექტაკლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ ექსპერიმენტულ დადგმაში ვმონაწილეობდით, ძალიან სათუთ - დევნილების თემას ვეხებოდით... პრემიერას ესწრებოდნენ უცხოელები - ალეკ ბლეითის მეგობრები, და როგორც მოგვიანებით გავიგე, დარბაზში წეროვანიდან ჩამოსული დევნილებიც ისხდნენ. კიდევ კარგი, მათ შესახებ არაფერი ვიცოდი, თორემ ძალიან ვინერვიულებდი... სპექტაკლმა დიდი ემოციები გამოიწვია, მაყურებელიც ტიროდა და ჩვენც.

როცა გავიგეთ, რომ ედინბურგში, თეატრალურ ფესტივალ Fringe-ზე უნდა წაგვეღო ეს სპექტაკლი (ფესტივალი Fringe უკვე 30 წელია არსებობს, წელს მისი საიუბილეო წელი იყო), ცოტა შევშინდით, ვფიქრობდით, ჩვენს პრობლემებს იქ ვერავინ გაიგებდა. თანაც ფესტივალში მონაწილეობდა 2000 სპექტაკლი და ასეთი კონკურენციის პირობებში გამარჯვებაზე არ გვიფიქრია.  მართლაც, პირველ ორ დღეს ნახევრად სავსე დარბაზში მოგვიხდა თამაში.

KvirisPalitra.Geარ გვესიამოვნა, მაგრამ ამისთვის მზად ვიყავით. ალეკმაც გაგვაფრთხილა, ეს ისეთი სპექტაკლია, ისეთი ჟანრია, რომელიც მაყურებელს დიდად არ უყვარს. სამ ვარსკვლავზე მეტს ნუ ელოდებითო... ვარსკვლავების რაოდენობა ამ ფესტივალზე შეფასების კრიტერიუმია პრესაში დაბეჭდილი სტატიების მიხედვით. თითოეული სტატია სპექტაკლს თავის წილ ვარსკვლავს ანიჭებს. საოცარი იყო, რომ ჩვენ ოთხჯერ ოთხი ვარსკვლავი მივიღეთ და ოთხჯერ - ხუთი, ანუ მაქსიმალური შეფასება.

ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დაგვაჯილდოეს Fringe first-ით. ეს ამ ფესტივალის პირველი პრემიაა. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ჯილდო მიღებული აქვს მიხეილ თუმანიშვილს სპექტაკლისთვის "დონჟუანი". ძალიან გამიხარდა, რომ მე - მისმა მოსწავლემ ათწლეულების შემდეგ მონაწილეობა მივიღე სპექტაკლში, რომელმაც იგივე ჯილდო დაიმსახურა.

- რამდენად გაიგო უცხოელმა მაყურებელმა იმ პრობლემის სიმძიმე, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს და თუ გამოხატეს თანადგომა რაიმე ფორმით?

- ეს ყველაფერი იმ ემოციებით გამოიხატებოდა, რომელიც თან ახლდა ყოველ სპექტაკლს.

ერთ-ერთ სპექტაკლზე, დასასრულს,  ვმღეროდით "შავლეგოს". ფრაზის ბოლოს მე და ქეთი სვანიძეს უნდა მიგვეწოდებინა შეძახილი "ჰეი". უცებ გავიგონეთ, რომ დარბაზიდან რამდენიმე ქალი აგვყვა. ჯერ ვიფიქრეთ, ალბათ ქართველები არიან და ისინი მღერიანო. მერე მივხვდით, რომ ისინი უცხოური აქცენტით მღეროდნენ და სულაც არ იყვნენ ქართველები. შოტლანდიელები აღმოჩნდნენ. ამან ისე იმოქმედა, რომ ქეთის ხმა ჩაუწყდა, ბიჭებიც გაოგნდნენ... ჩემი ხმაც აღარ იყო ხმა - ტირილნარევი კვნესა იყო.

ერთ-ერთ სპექტაკლზე მაღალი სიმპათიური მამაკაცი შევამჩნიეთ, რომელსაც წითელი სპორტული ქურთუკი ეცვა და უკან დიდი ასოებით ეწერა "რასია". ვიფიქრეთ, სპექტაკლს აუცილებლად ჩაგვიშლისო.

ალეკი ინგლისელია, გარედან უყურებს ყველა მოვლენას, რაც ჩვენს თავს მოხდა და ყველაფერი შესანიშნავად ჰქონდა გააზრებული. სპექტაკლით თავისი წილი მათრახი ყველა ქვეყანას გადაუჭირა: რუსეთსაც, საქართველოსაც, ევროპის ქვეყნებსაც და ამერიკასაც. ალბათ, წარმატების მიზეზიც ეს იყო - სპექტაკლით ყველას თავისი მიეზღო.

თვალი გავაპარე იმ რუსისაკენ, წითელი ქურთუკი რომ ეცვა, ვხედავ, ნელ-ნელა იხსნის ელვა შესაკრავს, მერე ფრთხილად იცილებს ჯერ ერთი, მერე მეორე ხელიდან ქურთუკს და ჩანთაში ტენის. მივხვდით, რომ გავიმარჯვეთ. შერცხვა რუსეთის გამო...

სპექტაკლი დამთავრდა, სცენაზე ამოგვიტანეს ჯილდო - The outstanding shou. ქართულად ასე ითარგმნება - ყველაზე წარმატებული სპექტაკლი. ის რუსიც ტაშს გვიკრავდა. წავედით გასასვლელისკენ. უცებ მთელი მარცხენა რიგი ადგა და დაიწყეს ქართული საგალობლის სიმღერა. კიდევ კარგი, ეს ყველაფერი გადაიღო თემიკო ჭიჭინაძის მეგობარმა... 26 სექტემბერს ჩამოვლენ და ჩამოიტანენ.

- სპექტაკლი ინგლისურ ენაზე მიდიოდა?

- მხოლოდ ორი დიდი სცენა იყო ინგლისურად, ის სცენები, რომლებიც საქართველოში დიპლომატების ჩამოსვლას ეხებოდა; ლაშა ოყრეშიძე და თემიკო ჭიჭინაძე თამაშობდნენ ინგლისურად. დანარჩენი ყველაფერი ქართულად იყო. ჩვენ უკან კედელზე იყო დიდი ეკრანი, სადაც გადიოდა 2008 წლის აგვისტოს შემზარავი ფოტოკადრები. ზემოთ კი მიდიოდა ინგლისური სუბტიტრები. მესამედაც დაგვაჯილდოეს, როგორც საუკეთესო არტისტული შემადგენლობა.

მივიღეთ ძალიან სერიოზული მოწვევები. გვთხოვეს, რომ გავაკეთოთ ტურნე სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე არის მოლაპარაკება, რომ წავალთ ლონდონსა და ინგლისის სხვა ქალაქებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ავსტრიამ, გერმანიამ, პოლონეთმა გვთხოვეს, მათთან ჩავიდეთ ამ სპექტაკლით.

პალესტინამ და ზიმბაბვემაც კი მოინდომეს ამ სპექტაკლის მასპინძლობა. ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტური სპექტაკლი, ეს არის დიპლომატიური სპექტაკლი და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენმა ქვეყანამ მიიტანა გულთან ახლოს ჩვენი ნათქვამი სიმართლე. იქნებ ამ ურთიერთობით უფრო მოგვარდეს პრობლემები, ვიდრე მთავრობების განცხადებებით, რომელთაც დასასრული არ უჩანს.