"იუსტიციის სახლში მომილოცეს, თქვენს სახლში ახალშობილია დარეგისტრირებულიო!"
"იუსტიციის სახლში მომილოცეს, თქვენს სახლში ახალშობილია დარეგისტრირებულიო!"
იუსტიციის სახლში უცნობი ახალშობილი გვენეტაძეების სახლში ისე დაარეგისტრირეს, რომ მესაკუთრეს არაფერი უთხრეს. მას შემდეგ გვენეტაძე რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვს, თუმცა ამაოდ...

მურმან გვენეტაძის ამბავი ძალიან ჰგავს კინოფილმ "ცისფერი მთების" სიუჟეტს, სადაც პერსონაჟი საბედისწერო "გრენლანდიის" გატანას ამაოდ იხვეწება. თუმცა ხელოვნება მოვლენებს ხშირად ამსუბუქებს, ბატონ მურმანს კი სიმსუბუქისთვის ნამდვილად არ "სცხელა" - ყოველთვე არაფრის გამო იხდის კომუნალურ გადასახადს, რაც დაახლოებით 7 ლარს შეადგენს, რაც დღეს ბევრი ოჯახის ბიუჯეტისთვის
არც ისე მცირე თანხაა. ესეც არ იყოს, ბატონ მურმანს უმწეობის განცდა უფრო აწუხებს: კაცი, რომელსაც სირთულეების გადალახვა არასოდეს გასჭირვებია, ამ შემთხვევამ უძლური გახადა: პირი, რომელთანაც შეხება არათუ მას, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც არასოდეს ჰქონია, მის საცხოვრებელ სახლში კანონის ძალით დაარეგისტრირეს. ამავე კანონის ძალით, ბინის მესაკუთრეს ამ რეგისტრაციის გაუქმება არ შეუძლია.

მურმან გვენეტაძე:
- შარშან, თებერვალში, კომუნალური გადასახადების ქვითარზე წყლისა და დასუფთავების გაზრდილი გადასახადი მომივიდა. მფრინავი გახლავართ, წესრიგი ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი, ამიტომ გადასახადების გადახდას არასოდეს ვაგვიანებ. ოჯახშიც ეს წესი მაქვს შემოღებული. კომუნალური გადასახადები მხოლოდ ორ სულზე, ჩემი და ჩემი მეუღლის სახელზე მოდის. ამიტომ მეუღლეს დავეკითხე, წინა თვეში გადახდა ხომ არ დაგვავიწყდა-მეთქი. მისგან უარყოფითი პასუხი რომ მივიღე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" დავრეკე, რა ხდება-მეთქი? მითხრეს, ყველაფერი კანონის ფარგლებშია, თქვენს საცხოვრებელ ფართობში მესამე პირია დარეგისტრირებული, მონაცემები იუსტიციის სახლმა გამოგვიგზავნა, იქ გაარკვიეთ ყველაფერიო.

პასუხით გაოგნებულმა ამჯერად ქალიშვილს დავურეკე, ან შენ, ან შენი მეუღლე ჩვენს ბინაში ისე ხომ არ ჩაწერილხართ, რომ მე და დედაშენმა არაფერი ვიცით-მეთქი. მითხრა, რას ამბობ, მამა, ამას თქვენს დაუკითხავად რატომ გავაკეთებდიო! მოკლედ, იუსტიციის სახლს მივაშურე, სადაც მომილოცეს, გილოცავთ, ოჯახის წევრი შეგმატებიათ, თქვენს სახლში ახალშობილი ნინა ტიტვინიძეა დარეგისტრირებულიო!

- რას ამბობთ!
- წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. იუსტიციის სახლის თანამშრომელს გაოგნებულმა ვუთხარი, ბავშვი ღმერთმა გაზარდოს, მაგრამ ცხოვრებაში გვარად ტიტვინიძე ნაცნობიც არასოდეს მყოლია-მეთქი! ჩემი რეაქცია რომ დაინახა, მითხრა, განცხადება დაწერეთ, თქვენი არგუმენტები მოიყვანეთ და პრობლემა გამოსწორდებაო. მეც დავწერე და დაიმედებული წამოვედი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამაოდ - 10 დღის შემდეგ იუსტიციის სახლიდან წერილი მომივიდა: ყველაფერი კანონიერად არის, ვინაიდან საცხოვრებელ ფართობში ჩვილის რეგისტრაცია ხდება ფართობში რეგისტრირებული ერთ-ერთი მშობლის თანხმობით, თქვენს შემთხვევაშიც ასეაო.

შვილი ჩემს ცოლს არ შესძენია, ფეხმძიმედ არ ყოფილა. ანუ მხოლოდ მე ვრჩებოდი და წარმოიდგინეთ, ეს ჩემს მეუღლეს რა ხასიათზე დააყენებდა! ერთი სიტყვით, კვლავ იუსტიციის სახლს მივმართე. იქ დიდი თხოვნის შემდეგ გაარკვიეს, რომ თურმე ჩვილი ჩემი ან ჩემი მეუღლის მიერ კი არ ყოფილა რეგისტრირებული, არამედ ვინმე ტიტვინიძის, რომელსაც იუსტიციის სახლში ორი მოწმე მიუყვანია იმის დასადასტურებლად, რომ ჩემს ბინაში ცხოვრობს, რის გამოც იმის უფლება ჰქონდა მინიჭებული, რომ თავისი ახალშობილი შვილიც ჩემს სახლში დაერეგისტრირებინა. ასე გავარკვიე იმ კანონის შესახებ, რომელიც ორ მოწმეს ანიჭებს უფლებას, პირი კონკრეტულ ფართობში მეპატრონის გარეშე დაარეგისტრირონ.

- მეც შემიძლია იუსტიციის სახლში მივიყვანო ორი ნებისმიერი პირი, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ჩემი ფაქტობრივი მისამართი რომელიმე კონკრეტული ბინაა, სადაც შვილს უპრობლემოდ დამირეგისტრირებენ?
- კი ბატონო, თუ მით უფრო არ გაგაჩნიათ მორალი, შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს გადაუხადოთ თანხა, გამოიყენოთ მოწმედ და შვილს ნებისმიერ ბინაში ჩაწერთ. ასეთია კანონი. რასაკვირველია, არ ვამტკიცებ, რომ ტიტვინიძეებმა და მით უფრო იუსტიციის სახლმა ეს უკანონობა საგანგებოდ დაუშვეს, უფრო მგონია, რომ იუსტიციის სახლში მექანიკური შეცდომა მოხდა, რის შემდეგაც უკვე კანონი აღარ იძლევა ბავშვის სახლიდან ამოწერის საშუალებას: 6 თვის განმავლობაში სახლის მეპატრონეს უფლება არა აქვს, მის სახლში რეგისტრირებული ჩვილი სახლიდან ამოწეროს, 6 თვის შემდეგ კი რეგისტრაციას სხვა მექანიზმები იცავს. სავარაუდოდ, ეს კანონი ბავშვის ინტერესების დაცვის გამო მიიღეს. ხომ დაზარალებული ვარ, მაგრამ განვიცდი, რომ ამ დავის წამოწყება ბავშვის გამო მიხდება, მაგრამ სამართალიც ხომ უნდა ვიპოვო?

იუსტიციის სახლში ბევრჯერ მოვითხოვე, ამ ბავშვის მშობლები მაინც გამაცანით, რომ გავიგო, რა უნდათ-მეთქი და მეუბნებიან, პირადი ინფორმაციის გაცემის უფლება არ გვაქვსო.
რომც ვიჩივლო, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში გაგრძელდება დავა.

თავად იუსტიციის სახლშივე მითხრეს, ვერ მოიგებთ, რადგან კანონი ჩვენს მხარეზეაო.

თურმე ბავშვის სავალდებულო 6 თვის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლი უკვე ბავშვის მშობლებს მიმართავს იმის დასადასტურებლად, მათი შვილი უკვე რეგისტრირებულ მისამართზე ცხოვრობს თუ არა. თუ ეს დაადასტურეს, ბავშვი მესაკუთრის თანხმობის გარეშე ბინაში უვადოდ რეგისტრირებული რჩება. ჩემს შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა. მესაკუთრის უფლებები ამ შემთხვევაში აღარ არსებობს. ამიტომაც მოგაკითხეთ. ეს ერთადერთი ადგილი მგონია, სადაც დამეხმარებიან.

ჩვენც იუსტიციის სახლს მივმართეთ, სადაც დაგვიდასტურეს, რომ მურმან გვენეტაძის საქმეს იცნობენ, და რომ ნებისმიერ მისამართზე ახალშობილის რეგისტრაცია მართლაც ორი მოწმის საშუალებით შეიძლLება, რაც 6 თვის განმავლობაში გაუქმებას არ ექვემდებარება. მესაკუთრის პრეტენზიის შემთხვევაში ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის სახლი მიმართავს ბავშვის მშობლებს, რომლებიც სურვილის შემთხვევაში ბავშვის რეგისტრაციას საცხოვრებლის მესაკუთრის თანხმობის გარეშე უსასრულოდ გააგრძელებენ.
ლილი
29 იანვარი 2019 23:57
კი მარა ასეთი სულელური კანონი ვინ დაამტკიცა?
ნათია
29 იანვარი 2019 16:23
იუსტიციის მინისტრს ფული უყვარს
Tiniko
29 იანვარი 2019 15:17
Es albat marto saqartveloshi xdeba.romel qvekanashi apatieben aset ganukitxaobas.

რუბრიკის სხვა სიახლეები
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები