"სანტას ეტლით, ფაქტობრივად, დავფრინავდით" - ქართველი გიორგის მოგზაურობა ჩრდილოეთ პოლუსის ჯადოსნურ სამყაროში - კვირის პალიტრა

"სანტას ეტლით, ფაქტობრივად, დავფრინავდით" - ქართველი გიორგის მოგზაურობა ჩრდილოეთ პოლუსის ჯადოსნურ სამყაროში

"გიორგის "პიჟამო" არ ეცვა, რადგან ჩვენ მაინც სხვა ტრადიციის ხალხი ვართ და სახლის გარეთ, თუნდაც "პოლარული ექსპრესი" იყოს, პიჟამოებით სიარულს ვერ ვეჩვევით"

9 წლის გიორგი შუბითიძე ოჯახთან ერთად აშშ-ის ჩრდილოეთში, ნიუ-ჰემპშირის შტატის ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. მისი მშობლები აფხაზეთიდან არიან, სოხუმიდან. მამა - ფრიდონ შუბითიძე პროფესორია, ფიზიკის დოქტორი და სტუდენტებთანაც მუშაობს ჰანოვერის დარტმოუთის კოლეჯში, დედა კი - ირმა შამათავა-შუბითიძე ამავე კოლეჯის ფიზიკის დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელია. უფროსი ძმა - თორნიკე აფხაზეთის ომის პირმშოა - 1994 წელს თბილისში დაიბადა, და - სალომე კი მასავით ამერიკაში დაიბადა. გიორგის ქართული საუბარი კი ესმის, მაგრამ ლაპარაკისგან თავს იკავებს. შესაძლოა, მორცხვობს კიდეც, ამიტომაც სანტას სამყაროში მისი საშობაო-საახალწლო მოგზაურობის შესახებ მისმა დედიკომ, ირმამ მიამბო.

მოგზაურობა პოლარული ექსპრესით

- ამერიკელებს კარგად ეხერხებათ ნებისმიერი იდეის ბიზნესად გადაქცევა. პოლარული ექსპრესით მოგზაურობაც 2007 წლიდან დაიწყეს. მას შემდეგ მთელი ოჯახით ვმოგზაურობთ ამ ექსპრესით, ასე რომ, ჯადოსნური მატარებლის გემო თორნიკემაც კარგად იცის, სალომემაც და გიორგიმაც. მოგზაურობა დაფუძნებულია საბავშვო ფილმ "პოლარული ექსპრესის" სიუჟეტზე.

ამერიკული ვირტუალური მოგზაურობა სანტას ექსპრესით უკვე ძალიან პოპულარულია და მისი ბილეთი სექტემბერში თუ არ შეიძინე, მერე ვერც იშოვი. პოლარული ექსპრესის სადგური ვერმუნტის შტატშია, მოგზაურობა კი ერთსაათიანია. შუბითიძეების ოჯახი

მატარებელი ძველი სტილისაა და ისიც და სადგურიც საშობაო-საახალწლოდაა მორთულ-მოკაზმული და აქ ყველაფერი თითქოს წარსულში გაბრუნებს. სადგურშივე მოგართმევენ ცხელ შოკოლადს, ტკბილეულს. შემდეგ მატარებელში ადიხარ, გამცილებელი უფროსების ბილეთებს ხვრეტს, ბავშვისას კი აწერს - Believe ანუ "გჯეროდეს". მერე საკუთარ ადგილს იკავებ. იქაც ყველა სხვადასხვა კოსტიუმშია გამოწყობილი, ისმის საახალწლო მუსიკა, საჩუქრები ვაგონის თაროებზეა შემოწყობილი. ბავშვების უმეტესობას, და ზოგიერთ მშობელსაც, "პიჟამოები" აცვია, რადგან ფილმშიც ასეა - მატარებელი ხომ ღამით მოდის!

გიორგის "პიჟამო" არ ეცვა, რადგან ჩვენ მაინც სხვა ტრადიციის ხალხი ვართ და სახლის გარეთ, თუნდაც "პოლარული ექსპრესი" იყოს, პიჟამოებით სიარულს ვერ ვეჩვევით. თითოეულ ბავშვს ტანსაცმელზე მიკრული აქვს თავისი სახელი, სანტამ რომ ამოიცნოს. მერე ამოდიან კონტროლიორები და ბილეთებს გვიმოწმებენ. იქვე გვიკითხავენ წიგნებს, შეფ-პოვრებს ცხელი შოკოლადი შემოაქვთ, გვთავაზობენ ნამცხვრებს, შემდეგ მატარებელი ჩერდება სადგურში და ფანჯრიდან ვხედავთ სანტას ვირტუალურ სოფელს, ელფებითა და სხვა პერსონაჟებით. ბოლოს ამოდის სანტა და თითოეულ ბავშვთან მიდის, ესაუბრება, ეკითხება, წლის განმავლობაში როგორ იქცეოდა და ა.შ. სანტას მოჰყვებიან ელფები, სიმღერები და ასე მხიარულად გადის დრო. აქ მატარებლიდან არსად ჩადიხარ, მოქმედება იქვე ხდება. ამ მოგზაურობის მთავარი მიზანია, ბავშვობიდანვე ირწმუნო საკუთარი თავის. თავდაპირველად თუნდაც, სანტა კლასუსისა და მისი გამოგზავნილი საჩუქრის გჯეროდეს ან საშობაო ზარების რეკვის ხმა გესმოდეს, მომავალში ესეც კი რწმენაში გადაიზრდება. მართალია, გიორგი 9 წლისაა, მაგრამ ვფიქრობ, დღესაც სჯერა სანტა კლაუსის არსებობის... ანდა, უნდა, რომ სჯეროდეს და ისე იქცევა, ჩვენც არ შეგვეპაროს ეჭვი. თითქოს, საშობაო ზარის რეკვაც ესმის და რომ გვეკითხება, ხომ გესმითო, რასაკვირველია, ვეთანხმებით. სხვათა შორის, ფილმის ბოლოს ამბობენ, უფროსებს იმიტომ არ ესმით ზარის ხმა, რომ ბევრი რამის აღარ სჯერათო... იქნებ, მართლაც ასეა...

საშობაო-საახალწლო ნაძვის ხე, "ელფი თაროზე" და სანტას წერილები

საშობაოდ მე, ფრიდონი და გიორგი, ტრადიციულად, წავედით ფერმაში, სადაც ცოცხალი ნაძვის ხეებია დარგული. ავიღეთ ხერხი, მოვძებნეთ უზარმაზარი - 4-მეტრიანი, ნაძვის ხე, მოვნიშნეთ, მერე მოგვიჭრეს ჩვენი რჩეული, ლამაზად შეგვიხვიეს და შინ წამოვიღეთ. ამ პროცესში განსაკუთრებით გიორგი იყო ჩართული, ძალიან ხალისობს ხოლმე, ნაძვი თოვლიდან რომ გამოგვაქვს. ნაძვის ხე, სახლი და ეზო ერთად მოვრთეთ გიორგიმ ნაძვის ხე აარჩია

გიორგის ვუთხარით: ნაძვის ხეს რომ დავდგამთ, აუცილებლად მოვა ელფი - სანტა კლასუსის მესაიდუმლე, რომელიც დღისით მუდამ იმალება ნაძვის ხის რომელიღაც კუნჭულში, ღამ-ღამობით კი მიფრინავს სანტასთან და ყურში უჩურჩულებს, მთელი დღის განმავლობაში შენ როგორ იქცეოდიო. ყოველ დილას ელფი სხვადასხვა ადგილას უნდა იჯდეს, ამით მივხვდებით, რომ წინა ღამით ის წასული იყო. უნდა ნახო, რა დღეში ვართ - ღამით მე და ფრიდონი ერთმანეთს ვეკითხებით, ელფის გადაადგილება ხომ არ დაგვიწყნიაო?! ერთ ღამეს მართლაც დაგვავიწყდა და მეორე დილით დიდი ტრაგედია გვქონდა. გიორგიმ ძალიან ინერვიულა, ელფი არ წავიდა და რა მეშველებაო! ბოლოს ფრიდონმა გიორგი დაამშვიდა, ოთახში სინათლე დაგვრჩა, ელფი დაიბნა, ეგონა, ისევ დღე იყო, ამიტომაც ვერ წავიდა სანტასთანო. გიორგი სანტას წერილების ყუთთან

ქალაქში ფოსტის ყუთიც დაგვიდგეს და გიორგიმ დიდი ამბით დაუწერა თოვლის ბაბუას ანუ სანტას წერილი, როგორ იქცეოდა და რა სურვილები ჰქონდა. ფოსტალიონმა ჩუმად მკითხა, ბავშვების წერილებს მე ვპასუხობ და წელს რა დავწერო გიორგისთვისო? შარშან, იცი, რა დაწერა? - მათემატიკისა და ინგლისურის დამატებით სასწავლებლად გიორგისთვის კერძო მასწავლებელი ავუყვანეთ, ამას აქ "კუმანი" ჰქვია, ჰოდა, სანტას მისწერა, "კუმანი" აღარ მინდა და როგორმე მიშველეო. წლევანდელ წერილში კი, თავის სურვილებთან ერთად ჩაუწერია: მინდა, დედიკომ ზაფხულში ბაჰამის კუნძულებზე დაისვენოსო. თანაც 3 ბილეთი შეუკვეთავს სანტასთვის - მე, ფრიდონი და გიორგი რომ წავიდეთ, ასე რომ, ფრიდონს სხვა გზა არ აქვს - დედიკო უნდა დაასვენონ.

სანტას სოფელი

ამ სოფელში წელს პირველად ვიყავით, თანაც - ორჯერ და სალომეც წავიყვანეთ. იქაურობა "დისნეილენდივითაა", ატრაქციონებითა და უამრავი გასართობით, ოღონდ ყველაფერი სანტა კლაუსს უკავშირდება. სათამაშოების დასამზადებელი ადგილიც კი დავათვალიერეთ. ყველაზე მიმზიდველი მაინც სანტას ეტლია, რომელშიც ჩავსხედით, თავზე სანტას ქუდები დავიხურეთ და მთელი სოფელი ზემოდან დავათვალიერეთ, ფაქტობრივად - დაფრინავდით. ზემოდან ვიდეოც გადავიღე, ოღონდ თავად არ ვჩანვართ, მაგრამ რაღაც მომენტში ჩვენც გადაგვიღეს სამახსოვრო ფოტო. სანტას ოთახშიც მივედით. გიორგიმ სანტას ორი კომპიუტერული თამაში სთხოვა. სანტამ უთხრა, ორს - ვერა, ერთს უნდა დამჯერდეო. სხვა რა გზა ჰქონდა და, გიორგიც დათანხმდა. მის შემდეგ სანტამ სალომესაც დაუძახა, შენ რა გინდაო? სალომემ უპასუხა, არაფერიო და სანტამ შეაქო, რა კარგი გოგო ხარო... ძალიან ხალისიანი მოგზაურობა გამოგვივიდა. გიორგიმ ელფის უნვერსიტეტის დიპლომიც აიღო და უსაზღვროდ ბედნიერი იყო. სალომე და გიორგი სანტას სოფელში

ჩვენი მოგზაურობის ბოლო "სადგური" კი, ტრადიციულად, შინ, ჩვენებური, მართლმადიდებლური საშობაო სუფრა იყო - ფრიდონის დაკლული და მეგრულად შემწვარი გოჭით, ჩემი გაკეთებული საცივით, მეგრული სიმინდის ფქვილით გამომცხვარი ჭადებით, კახეთიდან ჩამოტანილი ბადაგის ჯანჯუხებით - მეგრული ჩურჩხელებით. მთელი ოჯახი გილოცავთ შობა-ახალ წელიწადს. მშვიდობა ჰქონოდეს მთელ საქართველოს და ყველა ქართველი ბავშვის თვალებიც ისე გაბრწყინებულიყოს, როგორ ჩემი გიორგის თვალები ბრწყინავდა საშობაოდ.

იხილეთ ასევე: "გვინდა ჩვენი მიღწევებით საქართველოს გამოვადგეთ" - რა მეცნიერულ მეთოდს მიაგნო სიმსივნის დასამარცხებლად აშშ-ში მოღვაწე სოხუმელმა ცოლ-ქმარმა?

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო სანტას სოფლიდან