რქაწითელი წითელ პლანეტაზე? - ქართველი მეცნიერები მარსზე ვენახების გაშენებისთვის ემზადებიან - კვირის პალიტრა

რქაწითელი წითელ პლანეტაზე? - ქართველი მეცნიერები მარსზე ვენახების გაშენებისთვის ემზადებიან

ამერიკულ გამოცემა «The Washington Post»-ში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? - ქართველი მეცნიერები მარსისთვის ყურძნის ჯიშის შექმნისა და მარსზე ვენახების გაშენების პროექტზე მუშაობენ".

"საქართველო მსოფლიოში ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული. ბუნებრივია, რომ ქართველები ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა ჯიშის ვაზი გაიხარებს მარსზე და შესაბამისად, რომელი სახეობის ღვინის დალევა შეიძლება წითელ პლანეტაზე. მეცნიერული კვლევები პასუხს გასცემს კითხვებს რადიაციის, კოსმოსური მტვრისა და სხვა პრობლემების შესახებ, რომელიც პერსპექტივაში მარსზე სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება. ბოლოსდაბოლოს, საინტერესო იქნება რომელი ღვინით შევსებული ჭიქით წარმოითქმება სადღეგრძელო მარსიული ახალი წლის დადგომისას, რომელიც მიწიერი 383 დღის ნაცვლად, 687 დღე გრძელდება", - ნათქვამია სტატიაში, რომელშიც განხილულია კოსმოსური სოფლის მეურნეობის საკითხი და მათ შორის, ქართველი სპეციალისტების მოსაზრებები პლანეტა მარსზე ვენახის გაშენების იდეასთან დაკავშირებით. სსტატიის ავტორია ემი ფერის-როტმენი.

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება საქართველოს კოსმოსური კვლევების სააგენტოს დამაარსებელ ნიკოლოზ დობორჯგინიძეს, რომელიც იმავდროულად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მრჩევლად მუშაობს.

"თუ ჩვენ მარსზე ცხოვრებისათვის ვემზადებით, მაშინ ამ საქმეში საქართველომაც უნდა შეიტანოს თავისი წვლილი. ჩვენმა წინაპრებმა დედამიწაზე ღვინო შექმნეს და კარგი იქნება, თუ მარსზეც იგივეს გავაკეთებთ", - ამბობს იგი. მარსზე ვენახის გაშენების იდეა 2016 წელს დაიბადა, როცა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX 20124 წლისათვის მარსზე კოსმოსური ექსპედიციის მოწყობას აპირებს. პერუელმა მეცნიერებმა წარმატებით გამოიყვანეს კარტოფილის ახალი ჯიში, რომელიც შერგუებული იქნება მარსის ნიადაგს. ამერიკის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოს (NASA) უკვე აქვს მარცვლეული კულტურები, რომლებიც სამომავლოდ მარსის საერთაშორისო სადგურზე დაითესება. მიდის მუშაობა პომიდორებისა და წიწაკების სპეციალური ჯიშების შექმნის მიმართულებით. როგორც NASA-ს კვების პროდუქტების წარმოების პროექტის მენეჯერი რალფ ფრიჩი ამბობს, კოსმოსისთვის კვების პროდუქტების წარმოება უმეტესად კალორიებზეა გათვლილი და მენიუში დღემდე არც ყურძენი და არც ღვინო არ შედის. მისი თქმით,"ჩვენ უმეტესად ეკიპაჟის ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ მათთვის კარგი განწყობის შექმნაზე. ალბათ, სამომავლოდ ამ მიზნით ალკოჰოლსაც გამოვიყენებთ". მარსი - წითელი პლანეტა

საქართველოში მეცნიერთა ჯგუფი მარსის მსგავს ნიადაგზე ვაზის გაშენების მიზნით გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებს. თბილისში განზრახულია შეიქმნას "კოსმოსური ფერმა" - სპეციალური ლაბორატორია, სადაც გამოკვლეული იქნება შეზღუდულ გარემოში რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურა შეიძლება გაშენდეს, ადამიანის მინიმალური ჩარევით.

თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაგეგმილია ჩატარდეს ცდები სხვადასხვა ნიადაგების მოდელირების მიზნით, რომლებიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული მარსის კლიმატურ გარემოს - დაბალი ტემპერატურებით, ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობით და ატმოსფეროს მაღალი წნევით. პროექტის მიხედვით, 2022 წლისათვის უკვე ცნობილი იქნება, თუ რომელი ქართული ჯიშის ვაზი გაშენდება და როგორი ღვინის დალევა შეიძლება მარსზე.

თუმცა ვარაუდები უკვე ცნობილია: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ზოგიერთები უპირატესობას წითელ ღვინოს ანიჭებენ, მაგრამ ქართველი მეცნიერების მტკიცებით, მარსზე თეთრი ღვინის ვაზის ჯიშები უფრო გაიხარებს. "თეთრი ღვინის ვაზი უფრო მედეგი და გამძლეა ვირუსების მიმართ", - ამბობს ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს მეღვინეობის ლაბორატორიის დირექტორი. მას ხელში თეთრი ღვინით სავსე ბოკალი უჭირავს, რომელიც მზის სხივებითაა გაბრწყინებული. "ჩემი აზრით, თეთრი ჯიშის ვაზი რადიაციის მაღალ დონესაც ადვილად აიტანს, რადიაცია ყურძნის მარცვლის კანში ვერ შეაღწევს".

მარსზე ვენახების გაშენების ერთ-ერთი კანდიდატი შეიძლება იყოს "რქაწითელის" ჯიშის ვაზი, რომლის ნაყოფისგანაც მაღალი მჟავიანობის მქონე ღვინო მზადდება. სხვათა შორის, ჩერნობილის ატომური სადგურის ავარიის დროს საბჭოთა მეცნიერები რადიაციის საწინააღმდეგოდ მოსახლეობას ქართული ღვინისა და არაყის დალევას ურჩევდნენ. აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, მათი საბჭოელი კოლეგები სწორ რჩევას იძლეოდნენ: ქართული თეთრი და წითელი ღვინოები შეიცავენ ნივთიერება რესვერატროლს, ნატურალურ ანტიოქსიდანტს, რომელსაც შეუძლია ადამიანის უჯრედები რადიაციული დაზიანებისაგან დაიცვას.

როცა საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო, ქართული ვენახების ყურძნით დამზადებული ღვინით მთელი საბჭოეთი მარაგდებოდა, მაგრამ იმ დროს კომუნისტური ხელისუფლება ვენახებში ძირითადად მხოლოდ 20 ჯიშის ვაზს აშენებდა. დღეს ქვეყნის მთავრობის ძალისხმევით, ვაზის გენოფონდის აღდგენა მიმდინარეობს. დავით ლორთქიფანიძე

2017 წლის გამოკვლევების თანახმად, საქართველოში არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნ 8 ათასი წლის ქვევრებში ღვინის კვალი იქნა აღმოჩენილი. "ეს ისტორია იმას ადასტურებს, რომ ჩვენ მარსზე ღვინის წარმოების უფლება დავიმსახურეთ", - ამბობს დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი.

საერთოდ კი, რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, საქართველოს ნაწილი კოსმოსში მუდამ იქნება: 1977 წელს NASA-მ კოსმოსში გაუშვა ორი თანამგზავრი - კოსმოსური ხომალდები"ვოიაჯერ-1" და ვოიაჯერ-2", რომელთა ბორტზე "ოქროს ფირფიტებია" - დედამიწის ცოცხალი სამყაროს ხმები, სხვადასხვა ხალხთა ენებზე ჩაწერილი მისალმებები და მუსიკალური ნაწარმოებები.

ფირფიტებზე 27 მუსიკალურ ნაწარმოებიდან, ვოლფგანგ მოცარტსა და ჩაკ ბერისთან ერთად, ქართული საგუნდო სიმღერა "ჩაკრულოც" არის ჩაწერილი. თავის დროზე მოსკოვი კატეგოიული წინააღმდეგი იყო და ითხოვდა, რომ NASA-ს რუსული სიმღერა ჩაწერილიყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ქართული ამჯობინეს."ამიტომაც ქართველებმა კოსმოსში პირველობაზე ფიქრი დავიწყეთ", - ამბობს ტელერეჟისორი რამაზ ბლუაშვილი, "ჩაკრულოს" გუნდის ერთ-ერთი მომღერლის შვილი. - "მეცნიერებს შთაგონება სჭირდებათ, შთაგონების წყარო კი ღვინოა. როგორც კი მარსზე ღვინო გაჩნდება, ყველა მოგვბაძავს". წყარო

იხილეთ ასევე: ვაზს მთვარესა და მარსზე გაახარებენ?!

მოამზადა სიმონ კილაძე