რომელი ცნობილი რესტორნები დაჯარიმდა თბილისში დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის გამო? - კვირის პალიტრა

რომელი ცნობილი რესტორნები დაჯარიმდა თბილისში დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევის გამო?

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, თბილისში, თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა და დაჯარიმდა 9 დამრღვევი სამასპინძლო დაწესებულება: "მარანი", "ჰუკა", "მოეტი", "ბლუმი", "კორა", "ალადინი", "ორანჟერეა", "საჰარა", ბლექ ბული". ჩამოთვლილი რესტორნები განლაგებულია ცინცაძის, აღმაშენებლის, გრიშაშვილის, შარდენის, მოსაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩებზე. დახურულ სივრცეში თამბაქოს ნაწარმის და ჩილიმის მოხმარება დაფიქსირდა, ასევე, არ ჰქონდათ თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები. აღნიშნულ ობიექტებში რიგითი მოქალაქეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მივედით და როგორც მონიტორინგის ჯგუფის, ასევე საპატრულო პოლიციის მიერ დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები დადასტურდა. მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე “კორა“ უკვე მესამედ დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით არის, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარს შეადგენს, ყოველ შემდგომ ჯერზე კიდევ 1000-1000 ლარი ემატება. ცინცაძის ქუჩაზე მდებარე "ლაუნჯი ბარს“ "ჰუკას“ მეორედ დაეკისრა ჯარიმის გადახდა.

აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას მდედრობითი სქესის წარმომადგენლები (განურჩევლად ასაკისა) არ ემორჩილებიან.

8 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომელიც ფიზიკური პირის დაჯარიმებასაც ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, დახურულ სივრცეში ფიზიკური პირი ეწევა და არ ემორჩილება კანონს, პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით 200 ლარით, ყოველ შემდეგ ჯერზე კი 100-100 ლარით მეტი თანხით დაჯარიმდება.

მხოლოდ ფიზიკური პირი იმ შემთხვევაში ჯარიმდება, თუ დაწესებულების ადმინისტრაცია მოწევის შეწყვეტისკენ მიუთითებს, ის კი არ დაემორჩილება. ადმინისტრაციის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება ფიზიკური პირი. თუ ადმინისტრაცია ფიზიკურ პირს არ მოუწოდებს მოწევის შეწყვეტისკენ, ან მოუწოდებს, მაგრამ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არ გამოიძახებს საპატრულო პოლიციას, სხვა ინიციატორის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევაში დაჯარიმდება როგორც ფიზიკური, ისე, იურიდიული პირი, ანუ დაწესებულების ადმინისტრაცია.

8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. ამ დრომდე საფერფლის დაფიქსირება დარღვევად იმ შემთხვევაში ითვლებოდა, თუ მასში ფერფლი ან ნამწვი აღმოჩნდებოდა.

8 იანვრიდან ასევე ძალაში შედის მუხლი, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს.

სამწუხაროდ, ასევე ძალაში შედის ცვლილება კანონში, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება. თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი.

მოქალაქეების მხრიდან გვაქვს ინფორმაციები დამრღვევი კაფე-ბარების, რესტორნების და ღამის კლუბების შესახებ, რომელთა სივრცეში მხოლოდ დაცვის ან "ფეის-კონტროლის“ შედეგად შეიძლება შესვლა, შიდა სივრცეში მოწევა თვითნებურად დაშვებულია და თუ არამწეველი სტუმარი აპროტესტებს, ადმინისტრაცია უცხადებს, რომ მათ მოწევის უფლება ნაყიდი აქვთ. ეს არის სრული სიცრუე. არანაირი კანონი არ ცნობს მსგავს მცნებას ან ლიცენზიას, მოწევის უფლება არ იყიდება.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თუ თქვენ დააფიქსირებთ დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტს, შეგიძლიათ მშვიდად გადაიღოთ ფოტო ან ვიდეო და დარეკოთ 112-ზე, ან სპეციალური აპლიკაციის საშულებით, ჩათში მიწეროთ 112-ს დარღვევის და დამრღვევი ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ, ზუსტი მისამართი. კანონი არ გავალდებულებთ, თუ თქვენი სურვილი არ არის, შეხვდეთ საპატრულო პოლიციას. თქვენ შეგიძლიათ, საჭიროების შემთხვევაში პოლიციელს, მოწოდებულ სატელეფონო ნომერზე, ვაიბერის საშუალებით გადაუგზავნოთ დარღვევის დამადასტურებელი ვიდეო ან ფოტომასალა. ამ ტიპის აქტიურობით მნიშვნელოვნად დაეხმარებით კანონის აღსრულებას და საზოგადოებაში კულტურული და ეთიკური ნორმების დამკვიდრებას. გახსოვდეთ, როდესაც დახურულ სივრცეში ეწევიან, არღვევენ კანონს, თქვენ კი არ გაქვთ ამ დარღვევის თმენის ვალდებულება.