"დუმილის სანაცვლოდ 1000 კვმ მიწა შემომთავაზეს" - კვირის პალიტრა

"დუმილის სანაცვლოდ 1000 კვმ მიწა შემომთავაზეს"

"ერთადერთი კაცი აღმოვჩნდი, ვინც ექსპერტიზის ჩატარება და პრინციპული წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა"

საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი სახელმწიფოს ევალება.

საქმე ამჯერად დეველოპერული კომპანიების საქმიანობას ეხება. ფაქტები, რომლებზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი, საგანგაშოა.

ახალი არავისთვის არის, რომ სახელმწიფოში სრულიად მოშლილია სამშენებლო სამუშაოებზე კონტროლის მექანიზმები. შენების უფლებას ულიცენზიო და არაპროფესიონალ პირებს აძლევენ. სახელმწიფომ ლიცენზია იმ მოტივით გააუქმა, რომ თურმე ქრთამით გაიცემოდა და კორუფციის გავრცელებას უწყობდა ხელს.

გიორგი სხირტლაძე: - "წავკისის ველის" პროექტი ფართოდ იყო რეკლამირებული. პროექტი წავკისის ველზე აგარაკების მშენებლობას ითვალისწინებდა. გადავწყვიტე, მეც ამეშენებინა აგარაკი და დეველოპერულ კომპანია "წავკისის ველს" მივმართე. 2008 წლის 28 ივლისს ჩემსა და შპს-ებს "ზევსსა" და "წავკისის ველს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება. საფასურის გადახდის სანაცვლოდ, "ზევსსა" და "წავკისის ველს" ჩემს ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი უნდა აეშენებინათ.

ხშირად ავდიოდი წავკისში და ჩემი  მშენებარე სახლის ფოტოებს ვიღებდი. ფოტომასალის გაანალიზების შედეგად სპეციალისტებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩემი სახლის მშენებლობა საქართველოში არსებული სამშენებლო ნორმების, პროექტის, შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის უხეში დარღვევით მიმდინარეობდა.

იძულებული გავხდი, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება მომეთხოვა. ექსპერტიზის შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა. დადგინდა, რომ მშენებლობის დაწყებამდე არ ჩატარებულა სამშენებლო მოედნის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, საძირკვლის სიღრმე საპროექტო მაჩვენებელთან შედარებით ნახევარი მეტრით იყო შემცირებული.

შენობის საძირკვლის მზიდ კედლებში გამოყენებული არმატურის რაოდენობა ორ-ნახევარჯერ იყო შემცირებული საპროექტო მაჩვენებელთან შედარებით! შეუმცირებიათ არმატურის რაოდენობა შენობის მზიდ მონოლითურ სვეტებსა და კოჭებშიც. შემოწმდა მასალების ხარისხობრივი პარამეტრები და მათი სამშენებლო პროექტთან შესაბამისობა. აქაც იმედგაცრუება მელოდა. რკინაბეტონის კონსტრუქციებში გამოყენებული ბეტონის მარკა მიახლოებულიც კი არ იყო სტანდარტებთან. შემოწმება ორი მეთოდით ჩატარდა და შეცდომა გამორიცხულია.

ორი სხვადასხვა მეთოდით ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში ჩატარებულმა გამოცდამ ერთი და იგივე სურათი აჩვენა, - გამოყენებული ბეტონის მარკა მკვეთრად იყო შემცირებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით.

საცხოვრებელი სახლების გარე პერიმეტრზე კედლები პემზობლოკებით უნდა აეშენებინათ. პემზობლოკს მაღალი თბოიზოლაციური მახასიათებლები, მცირე წონა და მაღალი ეკოლოგიური მაჩვენებლები აქვს. უმრავლეს შემთხვევაში სახლების მშენებლობაში გამოყენებულია არა პემზობლოკები, არამედ ქვიშა-ღორღის ბლოკები.

KvirisPalitra.Ge- ექსპერტიზა კომისიური იყო. მისი წევრები სამშენებლო კომპანიის ნდობით აღჭურვილი ექსპერტები იყვნენ. მათაც იგივე დააფიქსირეს დასკვნებში?

- მათ მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა ბიჭიკო სურგულაძემ და გივი იაშვილმა დაუსაბუთებლად განაცხადეს უარი ერთობლივ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე ხელის მოწერაზე, მაგრამ დოკუმენტებით, ფოტომასალით და სხვა მტკიცებულებებით დადასტურებული დარღვევები მაინც ვერ მიჩქმალეს. იძულებული შეიქნენ საინჟინრო-ტექნიკური დასკვნის მათ ვარიანტში დაედასტურებინათ, რომ სამუშაოები წარიმართა როგორც სამშენებლო ნორმების, ასევე დამტკიცებული პროექტის დარღვევით.

- ამ სკანდალური ბრალდებების შემდეგ არაფერი შემოუთავაზებიათ თქვენთვის?

- ჯერ 1000 კვმ მიწა შემომთავაზეს დუმილის სანაცვლოდ, მაგრამ მერე გადაიფიქრეს. მოკლედ, საქმე თაღLლითებთან მაქვს. გამომიცხადეს, ჩვენ არ ვცნობთ თქვენს დასკვნებს, ეს კერძო პირების მოსაზრებებიაო. იძულებული გავხდი, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთვის მიმემართა უზუსტობისა და შეცდომის გამოსარიცხად. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დასკვნით დადასტურდა, რომ პროექტის ტექნიკური პირობები უხეშად დაირღვა. შენობა საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რათა უსაფრთხო გახდეს.

სხვა სახლების მეპატრონეებმაც არაერთხელ მიმართეს "წავკისის ველსა" და "ზევსს" პრეტენზიებით, მაგრამ უშედეგოდ.

უკვე მივმართე განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ საქმეზე  სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ძიება მიმდინარეობს. როცა სახლს საკმარისი არმატურა არა აქვს, ბეტონი არ შეესაბამება კლასს, დუღაბი, რომლითაც ბლოკებს აწყობდნენ, იფშვნება (ექსპერტებმა მითხრეს, დუღაბში ცემენტი საერთოდ არ არისო), ეს ადამიანების სასიკვდილოდ გაწირვას ნიშნავს.

მე გეოლოგიური კვლევაც ჩავატარებინე გეოლოგს, რომელმაც დაადგინა, რომ "წავკისის ველი" გამოირჩევა ძალზე მაღალი სულფატური აგრესიულობით, ანუ ნიადაგი მარილიანია, ამიტომაც სახლის საძირკველში სულფატმედეგ ცემენტზე დამზადებული ბეტონის ჩასხმა აუცილებელი იყო. სულფატმედეგ ცემენტს ვინ დაეძებს, საძირკველი პროექტით გათვალისწინებული სიღრმითაც არ ჩაასხეს და ნახევარი მეტრი დააკლეს.

ამის შემდეგ წერილით მივმართე გიგი უგულავას. ვაცნობე, რომ "წავკისის ველზე" მიმდინარე მშენებლობა სამშენებლო ნორმების უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა. მეორე დღესვე დამირეკეს ზედამხედველობის სამსახურიდან. ყველა დოკუმენტი წარვადგინე. ერთ თვეში დამიკავშირდნენ და მითხრეს, ჩვენ მივმართეთ "წავკისის ველს" და მოვთხოვეთ, 10 დღეში წარმოადგინოს პროექტის დარღვევით წარმოებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტიო.

- ეს რას ნიშნავს?

- ვერც მე გავიგე... თურმე კანონით, თუU სამშენებლო კომპანიამ კორექტირებული პროექტით მიმართა არქიტექტურის სამსახურს, ხოლო არქიტექტურის სამსახურმა ეს  შეითანხმა, დარღვევების ლეგალიზება ხდება. მივმართე არქიტექტურის სამსახურს და მოვითხოვე, მოეწერათ, შევიდა თუU არა აშენებული სახლების ლეგალიზებაზე "წავკისის ველის" პროექტები. საკმაოდ გრძელი სია მივიღე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიერ აშენებული სხვა სახლებიც ისეთივე დღეშია, როგორშიც ჩემი.

ზედამხედველობის სამსახურის მითითებით, ან უნდა გამოესწორებინათ ხარვეზები და მოეყვანათ პროექტთან შესაბამისობაში, ან წარედგინათ ლეგალიზებული პროექტი, ან დემონტაჟი მოეხდინათ. საამისოდ შეუსრულებლობის შემთხვევაში ათდღიანი ვადა და საჯარიმო სანქცია დაუწესდათ. არაფერი შეასრულეს.

ახლა სასამართლოშიც მაქვს სარჩელი შეტანილი. მოგეხსენებათ, სასამართლო დავა ძვირად ღირებული სიამოვნებაა. უსამართლობასთან ბრძოლა ძალზე რთული გახდა, ამის გამო თაღლითებმა ფრთები  გაშალეს. კარგად იციან, რომ სასამართლო პროცესები ძვირად ღირებული, გაჭიანურებული "სიამოვნებაა" და ამით სარგებლობენ. მხოლოდ სახელმწიფო ბაჟი 3.000 ლარი დაჯდა, ექსპერტიზა - 14 ათასი. ბევრს აქვს ამის საშუალება? "წავკისის ველზე" მე აღმოვჩნდი ერთადერთი კაცი, ვინც პრინციპული წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა.

ჩვენ აზრის გამოთქმა ვთხოვეთ "წავკისის ველის" დირექტორს ვახტანგ გურგენიძეს: - ამჟამად სასამართლო განიხილავს ჩვენ შორის არსებულ დავას, ამიტომ დასკვნის გაკეთებისაგან თავს შევიკავებთ. არის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორი დასკვნა, სხვა დასკვნა არ არსებობს(?!). მართალია, ორივე დასკვნაში ექსპერტი მიუთითებს  ხარვეზებზე, მაგრამ ადგენს, რომ შენობას დაკარგული არა აქვს საერთო მდგრადობა. ხარვეზებისა და დარღვევების გამოსწორება შეიძლება:

- პროექტიდან რატომ გადაუხვიეთ?

- ისეთი მცირე ღირებულების ხარვეზები, რომელზედაც ზემოთ იყო საუბარი, მშენებლობაში ხშირად იჩენს თავს, მთავარია, მათი გამოვლენა და აღმოფხვრა. პროექტიდან გადახვევის სხვა მიზეზი იყო დამკვეთის ინიციატივით დამტკიცებული პროექტის შეცვლა. მისი მოთხოვნით სარდაფის ფართობი 20 კვმ-ით გაიზარდა, სახურავს დაემატა 2 კიბის მარში, რამაც თავისთავად გამოიწვია რკინაბეტონის პარაპეტის გაზრდა. რაც შეეხება პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში მცირე ცვლილებებს, ეს მოქმედი სამშენებლო ნორმებით დაშვებულია დამკვეთთან შეუთანხმებლად.

P.S. მაკონტროლებელ სამსახურებს მშენებლობების გაკონტროლების უფლება შეზღუდული აქვთ. ზედამხედველს უფლება არა აქვს, სასამართლოს უნებართვოდ აიძულოს მშენებელი, უხარისხოდ ნაგები კვანძი ან კონსტრუქცია გაასწოროს. სასამართლოს კი საქმის წარმოებისთვის დრო სჭირდება, რითაც მშენებელი სარგებლობს და თავის დანაშაულს ბეტონით ისე გადაასწორებს, რომ მაკონტროლებელს შენიშვნის მართებულობის დადასტურება უჭირს. ამიტომაც, რეალურად რა პროდუქციას სთავაზობენ დეველოპერული კომპანიები მომხმარებელს, არავინ იცის!