ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი მოსახლეობას გრიპთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს - კვირის პალიტრა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი მოსახლეობას გრიპთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. როგორც მარიან ივანუშამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "საქართველოში ამ ეტაპზე გავრცელებულია ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება".

მისივე ინფორმაციით, საქართველოში გავრცელებული A ტიპის ვირუსს პანდემიის სახე არ აქვს.

"გრიპი განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით რთული დაავადებაა, შეიძლება ყოველგვარი გართულებების გარეშე წავიდეს. გრიპის გამომწვევი ძირითადად გახლავთ ვირუსი, ამიტომ ადამიანებს არ სჭირდებათ ანტიბიოტიკების მიღება. თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანს შეუძლია მიიღოს თბილი სითხეები და დარჩეს სახლში. თუ ტემპერატურა მაინც აიწევს, მიიღოს აბები სიცხის დასაწევად. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ხანდაზმული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები და ორსული ქალები, ასევე ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები, მათ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.

ჩვენ განვასხვავებთ ოთხ სხვადასხვა ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას - A,B, C,D ტიპის ვირუსებს. ადამიანისთვის სახიფათო გახლავთ მხოლოდ A და B ტიპის ვირუსები. რაც შეეხება პანდემიას, მას მხოლოდ A ტიპის ვირუსები იწვევს. საქართველოში გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, მაგრამ ჩვენ მას ამ ეტაპზე ვეღარ ვუწოდებთ პანდემიურ ვირუსს. პანდემიური ის იყო 10 წლის წინ, როცა ის მსოფლიოში გამოჩნდა. დღეისთვის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაციაა და გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ აზიაში“, - განაცხადა მარიან ივანუშამ.

მისივე განცხადებით, ვირუსებისგან თავის დასაცავად ვაქცინაცია აუცილებელია.

"დაახლოებით, გაზაფხულზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისთვის. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი არის გვიანი შემოდგომა - ოქტომბერ-ნოემბერი. საქართველოში არსებული ვაქცინა არის ძალიან კარგი ხარისხის და სრულად ფარავს ყველა ვირუსს. ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება, თუმცა, არის საშუალება ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ. საქართველოში ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორიც არის უკრაინაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, - განაცხადა ივანუშამ.

მისივე ინფორმაციით, ყოველწილიურად ევროპის რეგიონში 70 ათასი ადამიანი იღუპება გრიპის ვირუსით.

"ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი, ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც“, - აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

"ინტერპრესნიუსი"