"შეწყვიტოს თბილისის მერმა შვეიცარიაში პოზირება და ჩინოვნიკებმა, რომლებსაც საცივიდან თავი არ ამოუღიათ, შეიმუშაონ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გეგმა" - კვირის პალიტრა

"შეწყვიტოს თბილისის მერმა შვეიცარიაში პოზირება და ჩინოვნიკებმა, რომლებსაც საცივიდან თავი არ ამოუღიათ, შეიმუშაონ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გეგმა"

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის ხელმძღვანელობისგან გრიპის ვირუსზე იმ პირთა სასწრაფოდ აცრას ითხოვს, რომელთა შემოსავალი 40 ათას ლარზე ნაკლებია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, გრიპის ეპიდემიის შედეგი უფრო სავალალო იქნება, ვიდრე დღეს არის.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ერთი ვაქცინის ღირებულება 30–50 ლარამდეა. შესაბამისად, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, დედაქალაქის მერიას ამ მიზნით 30 მლნ ლარის გამოყოფა მოუწევს.

ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მზად არის ამ საკითხზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართოს და ბიუჯეტის კორექტირება მოხდეს.

"მაშინ, როდესაც ათობით ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით, ლაბორატორიულად დადასტურებულია გრიპის ვირუსის 160-ზე მეტი შემთხვევა, დედაქალაქში სასწრაფო დახმარების გამოძახებამ ფაქტობრივად დაკარგა აზრი, რადგან მინიმუმ რამდენიმე საათს აგვიანებს კონკრეტული მისამართზე მისვლისას, ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი არის ქალაქის მერი. მის დაქვემდებარებაშია სასწრაფო დახმარება. ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობა საგანგებო რეჟიმზე იყოს გადასული, მერი შვეიცარიაში პოზირებს და დღემდე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია. მოვითხოვ, მერმა შეწყვიტოს შვებულება და მისმა ჩინოვნიკებმაც, რომლებსაც ჯერ საცივიდან არ ამოუღიათ თავი და მიხედონ მოქალაქეებს. შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა", – განაცხადა ხაბეიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"