"ვიღაცას უნდა აქციების ფასის დაგდება" - რას ამბობს გია ხუხაშვილი "თიბისი" ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე? - კვირის პალიტრა

"ვიღაცას უნდა აქციების ფასის დაგდება" - რას ამბობს გია ხუხაშვილი "თიბისი" ბანკის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?

მნიშვნელოვანია, „თიბისის“ კლიენტებს და მეანაბრეებს ავუხსნათ და განვუმარტოთ, რომ რასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, უნდა გვესმოდეს, რომ ბანკს, როგორც ფინანსურ ინსტიტუტს არაფერი ემუქრება. შესაბამისად, მათ ბანკთან ურთიერთობას არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „თიბისი ბანკის“ თემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება იმის გამოც მიმდინარებოდეს, რომ აქციების ფასი დავარდეს.

„მაქსიმუმ, ეს შეიძლება იყოს პერსონალიებზე ძიების საკითხი. ვისაც ედავებიან, კონკრეტული გვარები სახელდება. ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ჯაფარიძე და ხაზარაძე არ უდრის ბანკს, ბანკი არის ცალკე ინსტიტუტი, რა თქმა უნდა, ისინი მნიშვნელოვანი აქციონერები არიან და მათი უფლებებიც ბოლომდე უნდა იყოს დაცული, მაგრამ მეშინია სხვა პროცესების. ერთია სამართლებრივი საკითხი და ამ კონკრეტული ამბის გარკვევა და მეორეა, სოციალური აფეთქება, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. რამდენადაც ვიცი, ჩვენი მოსახლეობის მესამედზე მეტის ანაბრები „თიბისი ბანკში“ ინახება. წარმოიდგინეთ, რა პროცესებს შეიძლება დასაბამი მიეცეს. ვერც იმას გამოვრიცხავ, ვიღაცას უნდა აქციების ფასის დაგდება და მერე ლონდონში იაფად რაღაცის ყიდვა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"