"თამადამ სანამ ყანწი არ დაცალა, ცეცხლწაკიდებულ ჯიბეს ყურადღება არ მიაქცია" - დამწვარი თამადა, შვილიშვილის ოინი ბაბუას და... - კვირის პალიტრა

"თამადამ სანამ ყანწი არ დაცალა, ცეცხლწაკიდებულ ჯიბეს ყურადღება არ მიაქცია" - დამწვარი თამადა, შვილიშვილის ოინი ბაბუას და...

მართალია, ექიმები მუდმივად მოუწოდებენ მოსახლეობას, ბავშვები ახლოს არ გაეკარონ "ასაფეთქებლებს", მაგრამ სამწუხაროდ, ყოველ ახალ წელს ერთი და იგივე მეორდება. 2019 წლის პირველი იანვრიდან ახალი კანონი ამოქმედდა და გამყიდველებს ბავშვებისთვის ასაფეთქებლების მიყიდვა აეკრძალათ. მუნიციპალიტეტების შესაბამის სამსახურებს უკვე დაევალათ, გააკონტროლონ ეს პროცესი, თუმცა ყველა ამბობს, რომ უფრო ხშირად თავად მშობლები ყიდულობენ შვილებისთვის ასაფეთქებლებს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, წელს უმნიშვნელოდ იკლო მომართვიანობამ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან:

"ბავშვის მტევანი ნაზია, "ასაფეთქებელს" თავისი მუხტი აქვს, გამოსცემს წნევას და ბავშვის თითები და მტევანი ვერ უძლებს და სავალალო შემთხვევით მთავრდება. ექიმი ბუნებრივია, ყველას მკურნალობს, მაგრამ ძალიან დასანანია, როცა იღებ ისეთ პაციენტს, რომელსაც გაუფრთხილებლობით აქვს ტრავმა მიღებული..."

"ბავშვმა მძინარე ბაბუას პირში ჩაუგდო "ასაფეთქებელი". ამ დროს ბაბუა ტელევიზორთან იჯდა და ჩამოეძინა. საწყალი მოხუცი დამწვარი ენითა და ტუჩებით მოიყვანეს. როგორ უნდა გაგეცინოს ასეთ დროს, მაგრამ სიცილს ძლივს ვიკავებდით. საბედნიეროდ, ბაბუა გადარჩა, ვუმკურნალეთ..."

"მახსოვს, ერთ-ერთი სუფრიდან თამადა მოგვიყვანეს დამწვარი. განსაკუთრებულ სადღეგრძელოს სვამდა ყანწით და ძმაკაცებმა ჯიბეში ჩაუგდეს "ასაფეთქებელი", რომელიც აფეთქდა, ჯიბეს ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ თამადამ სანამ ყანწი არ დაცალა, არ მიაქცია ამას ყურადღება. იმის ნაცვლად, რომ ჩაექრო ან გაეხადა პიჯაკი, სმა განაგრძო. მიიღო სერიოზული დამწვრობა. რაც მთავარია, მერე ვერავინ გაიხსენა, ასეთს რა სადღეგრძელოს სვამდა დამწვარი თამადა..."

ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 10 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა