"თავს მომღერლად არასდროს მივიჩნევ. "თეთრი რელსები" მოვიხდინე - ეგ არის და ეგ" - ორი ქალაქის კოლორიტის, უჩა კორძაიას ცხოვრების ბოლო აკორდი - კვირის პალიტრა

"თავს მომღერლად არასდროს მივიჩნევ. "თეთრი რელსები" მოვიხდინე - ეგ არის და ეგ" - ორი ქალაქის კოლორიტის, უჩა კორძაიას ცხოვრების ბოლო აკორდი

2019 წელს კიდევ ერთი უსაყვარლესი და უნიჭიერესი კაცი გამოაკლდა საქართველოს, ქართველ საზოგადოებასა და ქართულ ხელოვნებას - მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მუსიკოსი, საქსოფონისტი, ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ "75"-ის წევრი უჩა კორძაია გარდაიცვალა. უჩასა და მის ოჯახსაც ახლოს ვიცნობდი, მის იუმორსაც და ამბებსაც, რაც თავს გადახდენია და ბევრი ვერც წარმოიდგენს, ასეთი პოპულარული და თანაც - ენაკვიმატი ქუთაისელი, რა მოკრძალებულ-მორიდებული ადამიანი იყო.

1970-იანი წლების საქართველოში ფლეიტაზე დამკვრელს, თურმე, იშვიათად შეხვდებოდი, საესტრადო ანსამბლში კი პირველს სწორედ უჩას დაუკრავს. ალბათ, რეჟისორმა გიორგი დადიანმაც ამიტომ გადაიღო ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის მთავარ როლში.

ეს უკვე 1976 წელიწადს მოხდა, მანამდე კი ფლეიტით, საქსოფონითა და სიმღერებით უჩამ ბევრი გულშემატკივარი შეიძინა.

ამბობდა, "კარენოი" ქუთაისელი ვარ - ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი, და ყველამ მინდა იცოდეს, რომ დღემდე ქუთაისელად დავრჩიო. საბოლოოდ, ქუთაისზე მეტხანს მაინც თბილისში მოუწია ცხოვრებამ. ერთხელ მითხრა, - ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. მამიდები, მამიდაშვილები, ბავშვობაში კი - შეყვარებულებიც მყავდნენ დედაქალაქში. ხშირად მეუბნებიან, ბევრ თბილისელს სჯობიხარო. უჩა კორძაია

თბილისი ისე მიყვარს, ნახევარი მსოფლიო მოვიარე, ბევრჯერ დარჩენაც შემოუთავაზებიათ საზღვარგარეთ, მაგრამ წამითაც არ მიფიქრია სხვაგან ცხოვრებაზე, რადგან აქაურობა ქვეყანას მირჩევნია - აქ ზღვაც მაქვს, მთაც, ბარიც და ჩემი ველოსიპედიც, მაგრამ მაინც "მე ჩემს ქუთაისს ვერ შეველევი". წუხდა, იშვიათად ჩავდივარ ქუთაისში, მაგრამ ბავშვობის მეგობრებიც უკვე თბილისში ცხოვრობენ, ჩემი შემოქმედებითი განვითარებისთვისაც აქ ჯობდა ყოფნა და იმიტომაც შემოვრჩი თბილისსო. არადა, მუსიკალური ტექნიკუმი უჩამ ქუთაისში დაამთავრა, ესტრადაზე დაკვრაც იქ დაიწყო, კონსერვატორიაშიც სანახევროდ იქ ისწავლა და მხოლოდ ბოლოს გადმოვიდა თბილისში.

კარგად იცოდა, რომ მეტი გასაქანი სწორედ თბილისში ექნებოდა. ერთხანს დასარტყამ ინსტრუმენტზეც უკრავდა, რასაკვირველია - ფლეიტაზეც, ქუთაისის ოპერას თეატრშიც იმუშავა, ანსამბლ "სხივშიც" უკრავდა და ბორის შხიანთან - "ფაზისში", სავალდებულო სამხედრო სამსახურიც მოასწრო, შემდეგ კი, 1974 წელს რობერტ ბარძიმაშვილმა "ორერაში" მიიყვანა, რასაც ერთ წელიწადში "75"-ის შექმნა მოჰყვა.

მახსოვს, ეს თავისი შემოქმედებითი ცხოვრების გზის ამ მონაკვეთის მოყოლისას, სიცილით დააყოლა: ხედავ, რამდენი რამ მოვასწარიო? ფლეიტაზე დაკვრა უჩასთვის ქუთაისელ ებრაელს შალვა ბინიაურიშვილს უსწავლებია, საქსოფონზე დაკვრა კი რობერტ ბარძიმაშვილს "ორერაში" მისვლისთანავე უთხოვია და უჩასაც ორ თვეში თავისით, პედაგოგის გარეშე შეუსწავლია. უკანასკნელად ფართო აუდიტორიის წინაშე ერთი წლის წინ, 2018 წლის 5 იანვარს დაუკრა და იმღერა კიდეც ცნობილი ჰიტის ,,თეთრი რელსების" ახალი ვერსია ბესო კალანდაძესთან, ზურა დოიჯაშვილთან, ნინა წკრიალაშვილთან, თამუნა ამონაშვილთან და ნინო ძოწენიძესთან ერთად. ერთხელ მითხრა, ვუკრავ და, ფაქტია, რაღაც გამომდის, რაკი მისმენენო. უჩა კორძაია,

წლების განმავლობაში თითო-ოროლა ადამიანს თუ ნახავდით, თბილისის ქუჩებში ველოსიპედით მოსიარულეს. ერთ-ერთი მათგანი უჩა კორძაია იყო.

- უველოსიპედოთ არც შემიძლია ცხოვრება. აბა, მანქანა არასდროს მაინტერესებდა, თორემ განა ვერ ვიყიდდი. ერთხელ, ჯერ კიდევ "კომუნისტების დროს" კულტურის მინისტრმა - ვალერი ასათიანმა "75"-ის წევრებს საჩუქრად დაგვირიგა კიდეც, მაგრამ მე მაინც ვერ ვიგუე. ყოველთვის სპორტულად ვცხოვრობდი - ბავშვობიდან კრივში ვვარჯიშობდი. ვძველბიჭობდი კიდეც, გვარიანი "ხულიგანიც" ვიყავი, ერთხელ სკოლიდანაც გამრიცხესო, - მიყვებოდა. გავიკვირვე, კი მაგრამ, ძველბიჭობა და ფლეიტა ერთმანეთში როგორ თავსდებოდა-მეთქი? - ყველამ იცოდა, მუსიკა უზომოდ რომ მიყვარდა. დედის გენმა იმძლავრა - ბებია პოლონელი მყავდა და მისი მხრიდან ყველა მუსიკოსი იყო, გურული ბაბუის მხრიდანაც ყველა მღეროდა. მეც 4 წლიდან სმენით ვუკრავდი პიანინოზე, მერე დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ფლეიტაზე, პროფესიული შესწავლა კი მხოლოდ მერვე კლასიდან დავიწყე. ამიტომ მუსიკის გამო ამრეზით არავინ შემომხედავდა. პირიქით, ჩემმა მუსიკალურობამ და განსაკუთრებულმა ზრდილობიანობამ, უფროსებისადმი პატივისცემით მოპყრობამ, ბევრჯერაც გადამარჩინა. სკოლის დირექტორი ქეთო ნადირაძე ამბობდა ხოლმე, - კორძაიას იმიტომ ვუწერთ ნიშნებს, რომ ოჯახში გაზრდა ეტყობა, ზრდილობიანიაო. თუმცა 4 მეგობართან ერთად სკოლიდან გარიცხვისგან ამანაც ვერ მიხსნაო... თურმე, ერთ ადგილას ვერასდროს ჩერდებოდა, იცინოდა, - ვერ გეტყვი, ქუთაისის შემოგარენი რამდენჯერ მაქვს შემოვლილი. დიდ დროს ეგრეთ წოდებულ თეთრ ქვებზე ვატარებდით. ცნობილი "პიკასოს ბიჭი", მერე თეთრ ხიდზე ქანდაკებაც რომ დაუდგეს, ჩემი მეგობარი რეზო შარაშენიძეა. ერთად ვხტებოდით ხოლმე იმ ხიდიდანო...

უჩა კორძაია

უხაროდა, ანსამბლ "75"-ის სიმღერებმა თაობებს რომ გაუძლო, ხალხს რომ ახსოვდა და ახალგაზრდა თაობაც, ასე თუ ისე, იცნობდა: თაობებს რომ გაუძლო "75"-მა, რობერტ ბარძიმაშვილის დამსახურებაა. ჩემი სიმღერაც რობერტის დამსახურებაა, თორემ საკუთარ თავს მომღერლად არასდროს მივიჩნევ. "თეთრი რელსები" და უნიჭიერესი კაცის, ოთარ რამიშვილის "ბულბულის სტვენა" მოვიხდინე - ეგ არის და ეგო. თავად წლების განმავლობაში რესტორანში უკრავდა. - თავიდან დამცინოდნენ და კოლეგებს "ვამშვიდებდი", დრო მოვა, თქვენც ასე მოგიწევთ და შეიძლება გარეთაც კი დარჩეთ - რესტორანში ადგილი ვერ ნახოთ-თქო, - ჩვეული იუმორით ამბობდა.

მერე კი... ავად გახდა, მძიმე დაავადება აღმოაჩნდა - ლიმფომა. სწორედ მისი კარგი კაცობის დამსახურება იყო, მას და მის ოჯახს ყველა რომ დაუდგა გვერდით. თითქოს დასძლია კიდეც დაავადება, მაგრამ... 4 წლის შემდეგ სენმა კვლავ იჩინა თავი. უკანასკნელ დღეებში საკმაოდ მძიმედ იყო, საავადმყოფოში ყველაფერს უკეთებდნენ, მაგრამ, ყველას სამწუხაროდ, ამ სიყვარულით, სიკეთითა და მუსიკით სავსე კაცმა მაინც დაგვტოვა... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

"კვირის პალიტრის" რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს უჩა კორძაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო - ყველასთვის საყვარელი "თეთრი რელსები" უჩა კორძაიას შესრულებით