საბარგულით უკეთესი მომავლის საძიებლად... - კვირის პალიტრა

საბარგულით უკეთესი მომავლის საძიებლად...

ხელისუფლება უცხოეთში მიმოფანტულ ქართველობას სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, მაგრამ ქვეყნიდან გაქცევის მსურველი ისევ ათასობით ქართველია. ისინი უცხოეთში სამშობლოდან ნებისმიერი რისკის ფასად მიდიან, რადგან სჯერათ, რომ უკეთესი მომავალი ელოდებათ.

სამწუხაროდ, იმედგაცრუება დიდია, ხშირად დამღუპველიც. რამდენიმე დღის წინ ისრაელ-ეგვიპტის საზღვრის გადაკვეთისას რვა ქართველი ბედუინებმა დაატყვევეს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქართველები ბედუინებს გაექცნენ და პოლიციას ჩაჰბარდნენ. მას შემდეგ მათი კვალი დაიკარგა და ინფორმაცია მათ შესახებ არც დაკარგულების ოჯახის წევრებს აქვთ და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ არალეგარულად გადასვლაში ერთობ მომრავლებული ეგრეთ წოდებული ტურისტული ფირმები ეხმარებიან.

ცოტა ხნის წინ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მორიგი ჯგუფი დააკავეს. თბილისიდან მიმავალი ავტობუსი სასაზღვრო ქალაქ თესალონიკში გააჩერა საბერძნეთის პოლიციამ. ავტობუსის სალონში ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერძენ პოლიციელებს სხვა ინფორმაცია ჰქონდათ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბერძნებმა ავტობუსის საბარგულში მხუთავი გაზი გაუშვეს.

ამის გამო ისედაც მძიმე პირობებში მყოფი ქართველები ლამის გაგუდულან და ყვირილი აუტეხიათ. საბარგულში 11 ქართველი აღმოაჩინეს. დაკავებული არიან ავტობუსის მძღოლები, მათ ედებათ ბრალად ადამიანების საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა. მართალია, ქართველების დაკავებას ადასტურებს საბერძნეთში საქართველოს კონსული, მაგრამ საკონსულო კატეგორიულად უარყოფს ბერძენი სამართალდამცველების მიერ საბარგულში მხუთავი გაზის გაშვების ფაქტს.

ჩვენ საბერძნეთში დავუკავშირდით ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლის თქმითაც, იმავე ავტობუსით მისი 10 წლის შვილი მგზავრობდა.

- არ ვიცი, რა მიზანი აქვს იმის უარყოფას, რომ საბარგულში მხუთავი გაზი გაუშვეს. მძღოლებთან ერთად ჩემი შვილიც დააკავეს.

- თქვენი შვილიც საბარგულით მგზავრობდა?

- არა, ბავშვი თბილისიდან ერთ-ერთი ტურისტული სააგენტო "ელას ტურის" დახმარებით გამოემგზავრა. მძღოლს ჰყავდა ჩაბარებული. მძღოლები რომ დაიჭირეს, ბავშვს ქუჩაში ხომ არ დატოვებდნენ, ამიტომ ისიც დააკავეს. 10 წლის ბავშვი ადვოკატის დახმარებით გამოვიხსენით. სხვა ქართველებს რა ბედი ეწია, არ ვიცით. ვერც ვკითხულობთ ამბავს, რადგან ჩვენ თვითონ არალეგალურად ვცხოვრობთ საბერძნეთში და ზედმეტი ცნობისმოყვარეობა და კითხვები შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს.

საზღვრის არალეგალურად გადაკვეთა რომ დანაშაულია, ამაზე არავინ დავობს, ჩვენ უფრო საქართველოს დიპლომატიური სამსახურის გულგრილობა გვაოცებს. საბარგულში მხუთავი გაზის გაშვება გაეროს სპეციალური მუხლებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებს არღვევს და ამის გამო ოფიციალურ ათენთან ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს აუცილებლად უნდა გასჩენოდა კითხვები. ამის ნაცვლად დაჟინებით იმეორებენ, რომ მხუთავი გაზის გაშვებაზე ოფიციალური ინფორმაცია არ მიუწოდებია ბერძნულ მხარეს (რომელი ჭკუათამყოფელი აღიარებს, შენი მოქალაქეები დავწამლეო?).

თამარ მღვიმაძე, კონსული: - ავტობუსი სასაზღვრო ქალაქ თესალონიკში დააკავეს. მხოლოდ მძღოლები დააპატიმრეს ადამიანების არალეგალურად გადაყვანის ბრალდებით. სასამართლო პროცესი წელიწად-ნახევრის შემდეგ შედგება. საბარგულში აღმოჩენილმა ხალხმა პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

- საბარგულში მხუთავი გაზის გაშვების გამო ბერძნულ მხარესთან პრეტენზია არ გქონიათ?

- ეს ინფორმაცია არ დასტურდება, გაზვიადებულია. არ ვიცი, საიდან მოიტანეს.

- ეს ორმა კაცმა დამიმოწმა. დამიდასტურეს, რომ ბერძენმა პოლიციელებმა საბარგულში მხუთავი გაზი ნამდვილად გაუშვეს.

- ამის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია და ვიღაც თუ რაღაცას ადასტურებს, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ ჩვენს მოქალაქეს აქვს ამის დამტკიცების თავი, უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოს და აუწყოს, რომ მისი უფლებები დაირღვა.

- ვის მიმართოს, ბერძნულ პოლიციას?

- რა თქმა უნდა, პოლიტიკური თავშესაფარი რომ მოითხოვეს, იქვე შეეძლოთ ამ საკითხზეც განეცხადებინათ პრეტენზია.

ლია მუხაშავრია, იურისტი: - მართალია ქართველები კანონს არღვევდნენ, უკანონოდ კვეთდნენ საზღვარს, მაგრამ  მხუთავი გაზის გამოყენებას გამართლება არა აქვს, თანაც დახურულ სივრცეში. ეს აშკარა უკანონობაა, რადგან საფრთხე შეექმნა მგზავრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. რაც შეეხება საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების პოზიციას, გულგრილობის კლასიკურ მაგალითთან გვაქვს საქმე. კი, ბატონო, შეიძლება არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. ადამიანი, რომელიც საზღვარზე დაიჭირეს, გაბედავს და საკუთარი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე პრეტენზიას განუცხადებს უცხო ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოს?

ჩვენ შევეცადეთ იმ სააგენტოს დავკავშირებოდით, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში გაამგზავრა. "ელას ტურის"  ერთ-ერთი ფილიალი დიდუბის ავტოსადგურში დაკეტილი დაგვხვდა. როგორც გავარკვიეთ, "ელას ტურს" ჰყავს ბერძენი პარტნიორიც, რომლის სათავო ოფისი თურმე საბერძნეთშია. კომენტარი ამ საკითხზე "ელას ტურისგან" ვერ მივიღეთ, პასუხის გამცემი არავინ აღმოჩნდა.

ასეთი ტურისტული სააგენტოების მუშაობით რატომღაც სამართალდამცველები არ ინტერესდებიან. სხვათა შორის, ერთი ადამიანის არალეგალურად საზღვარზე გადაყვანა საქართველოში 3.500-დან 4.000 ევრომდე ღირს. ვერაფერს იტყვი, სარფიანი საქმე ყოფილა!