"ჩემი შვილი ელენე რომ ცოცხალი იყო, თოვლის ბაბუასავით გამოვეწყობოდი და სახლში ასე შევდიოდი"
"ჩემი შვილი ელენე რომ ცოცხალი იყო, თოვლის ბაბუასავით გამოვეწყობოდი და სახლში ასე შევდიოდი"
ფოტო:ელდარ შენგელაია ქალიშვილთან ერთად
85 წლის ელდარ შენგელაიასთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა. "სავარძელის" გადაღების შემდეგ, 85 წლის რეჟისორს კიდევ 2 ფილმის სცენარი აქვს მზად. ის სამუშაოდაა განწყობილი და ვნახოთ, რა გადაწყდება 2019 წლის დასაწყისში ეროვნულ კინოცენტრში. შინ სტუმრობისას, რეჟისორმა ბავშვობიდან რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენა და დღესასწაულებთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულებაც გაგვიზიარა.

- პირველ კლასში, პირველ დღეს, ბებიამ წამიყვანა სკოლაში. დედას რომ წავეყვანე, არ გამოვიდოდა, მას რომ დაინახავდნენ, ატყდებოდა მთელი ამბავი... მოკლედ, ბებიამ დამლოცა და შევედი პირველ კლასში.
8 წლის ვიყავი. დავჯექი მერხთან და გვერდით მომიჯდა პატარა გოგონა. უცებ გავწითლდი და მივხვდი, რომ ის შემიყვარდა (იღიმის). მეორე დღეს დედას მოვპარე მძივები და სკოლაში წავიღე. იმ გოგონას მივეცი.
ელდარ შენგელაია
დახედა და მერხში შეაგდო. მესამე დღეს მივედი სკოლაში და პირდაპირ სამასწავლებლოში შემიყვანეს. მასწავლებელმა მკითხა, ეს მძივები ვისიაო?
ისევ გავწითლდი და ვუთხარი, დედაჩემის-მეთქი. დაურეკეს ჩემს მშობელს და სკოლაში დაიბარეს. დედა მოვიდა და მოუყვნენ, რაც მოხდა. ამაზე დედამ სიცილი დაიწყო და ითხოვა, ის გოგონა მასთან მიეყვანათ. მოვიდა ბავშვი და დედამ მას თავისი მძივები აჩუქა.

- ნეტა სად არის ახლა ის გოგონა?
- არ ვიცი... თავიდან გოგონები და ბიჭები ერთად ვსწავლობდით, მესამე კლასიდან გაგვყვეს - პირველი ვაჟთა სკოლა დავამთავრე.

- ვიცი, ურთულესი დრო იყო, მაგრამ მაინც თუ ახერხებდით დღესასწაულების აღნიშვნას?
- ვერ წარმოიდგენთ, როგორი რთული დრო იყო. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, მე 9 წლის ვიყავი. დედამ სამი შვილი მარტომ გაგვზარდა. შავი პური ბარათებით გაიცემოდა - 400 გრამს ვიღებდით. მაშინ დედაჩემს, თენგიზს და მე ნავთის რიგში დგომა გვიწევდა. დედა საჭმელს რომ გვაჭმევდა, აუცილებლად გვისხამდა 1 ჭიქა წითელ ღვინოს. ჩემი ძმების, გიორგისა და თენგიზისგან განსხვავებით, რთულად აღსაზრდელი ვიყავი, ამიტომ დედამ გადაწყვიტა "სუვოროვის სასწავლებელში" (სუვოროვის სამხედრო სკოლა) ჩავებარებინე. ეს რომ გავიგე, სხვენში ავვარდი. ბიჭებმა მომიტანეს საჭმელი, საბანი და 3 დღე იქ ვიყავი.
ძმებთან - თენგიზთან და გიორგისთან ერთად
მეგონა, როცა ჩამოვიდოდი, დედა გამიბრაზდებოდა. სთხოვა ბიჭებს, გადაეცით, არ გავუბრაზდებიო. მართლაც, როცა სხვენიდან ჩამოვედი, არაფერი მითხრა - ჩვეულებრივად გავაგრძელე სკოლაში სწავლა.
მოსკოვში საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლა რომ გადავწყვიტე, დედა წამომყვა. ასე ყველა არ აკეთებს. დედა მაშინ პოპულარული მსახიობი იყო. არ მინდოდა მოსულიყო ინსტიტუტში. გამოცდების დღეები იყო, 5 საათი იქნებოდა, როცა მომაკითხა. ერთმა ბიჭმა მითხრა, ქვევით ვიღაც ქალი გელოდებაო. ჩავედი და დედა დამხვდა. მშიერი ხარო და კაფეში წამიყვანა. მომიტანეს საჭმელი და 1 ჭიქა არაყი. გამიკვირდა, დედამ რომ მითხრა, - ეს შენთვისაა, ჭამე, დალიე და გამოცდაზე ისე გადიო. მართლაც, ასე მოვიქეცი. წავედი, გავედი გამოცდაზე და ჩამრიცხეს ინსტიტუტში.

- ახალი წლის დღესასწაულს როგორ ხვდებოდით?
- ომამდე ამაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, მაგრამ ომის შემდეგ დედა აუცილებლად მორთავდა ნაძვის ხეს. მაშინ ძირითადად ხელნაკეთი სათამაშოები გვქონდა, რომელსაც დედა ყიდულობდა. მერე ჩემი მეგობრები, სკოლის ამხანაგები, მეზობლები მოდიოდნენ და კარგ დროს ვატარებდით.

- ხშირად მშობლები თოვლის ბაბუას სახელით ახვედრებენ ბავშვებს საჩუქრებს, თქვენს პატარაობაში იყო ეს ტრადიცია?
- არა, მაშინ არ იყო.
ელდარ შენგელაია ქალიშვილ ელენესთან ერთად
ეს უკვე მერე, როცა დოლიძეზე ვცხოვრობდით, ჩემი შვილი ელენე რომ ცოცხალი იყო, მე თოვლის ბაბუასავით გამოვეწყობოდი და სახლში შევდიოდი. რამდენიმე წელი გრძელდებოდა ასე.

- ბოლოს ხომ არ გიცნოთ?
- არა, პატარა იყო მაშინ.

- ახალ წელს საზღვარგარეთ თუ შეხვედრიხართ?
- არა, ყოველთვის სახლში ვხვდები. ბავშვობაში მაშინდელ პიონერთა სასახლეში ნაძვის ხის ზეიმი იმართებოდა, იქვე ვცხოვრობდი და ამ დროს მთელი ჩვენი უბანი იქ მივდიოდით.

- ვფიქრობ, ახალი წელი მაინც ყველაზე მეტად, ბავშვებს უხარიათ...
- კი, თუმცა ყოველი ახალი წლის დადგომას სიახლის მოლოდინი ახლავს თან და ეს კარგია.

- რომელიმე დღესასწაული გიყვართ გამორჩეულად?
- აღდგომა. მე და ჩემი მეუღლე ნელი სიონში დავდივართ. იქ ჩვენი წინამძღვარია, მამა გიორგი ზვიადაძე და აღდგომას ყოველთვის იქ ვატარებთ ხოლმე.


ანა კალანდაძე
ჟურნალი "გზა"
BE
11 იანვარი 2019 17:36
Genialuri rezhisori, didi helovani...
Janmrtelobas da dgegrzelobas gisurvebt batono eldar, tqveni yvela namushevari namdvili kinoshedevria. Kidev bevrs velit tqvengan.
ენი
11 იანვარი 2019 15:50
დიდხანცს იცოცხლეთ ბატონო ელდარ ქარტული კინოს სიმდიდრე ხართ თქვენ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა