ქალაქის მერს ასე უნდა - კვირის პალიტრა

ქალაქის მერს ასე უნდა

ერთი წუთიც თუ მქონდა თავისუფალი, მათ დახლებთან ყოველთვის ვჩერდებოდი,  მართალია, ეს დრო ყველაფრის დასათვალიერებლად არ მყოფნიდა, მაგრამ საკმარისი იყო საიმისოდ, რომ თვალი შემევლო და მივმხვდარიყავი, რამდენად საინტერესო "საქონელი" ჰქონდათ.

ამ ერთ წინადადებაში, რომელიც ახლა დავწერე, ერთდროულად ორი რამ მეჩოთირა: - სიტყვა "საქონელი", რომელიც ამის გამო ბრჭყალებში ჩავსვი და წარსული დრო, რომელშიც, იძულებული გავხდი, ეს წინადადება დამეწერა. სიტყვა "საქონელი" ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ წიგნებით მოვაჭრეებზე ვსაუბრობ. უკვე გასაგებია, წარსული დრო რატომაც გამოვიყენე. ვისაც არ გაუგია, ვეტყვი: ქალაქის მთავრობამ ბუკინისტებს ქალაქის სხვადასხვა ადგილას ვაჭრობა აუკრძალა და ყველას დედაენის ძეგლთან მოუყარა თავი.

არადა, დღემდე მათი დახლები ქალაქის სხვადასხვა კუთხეში იყო. რამდენი საინტერესო წიგნი მიყიდია ასეთი "შემთხვევითი გაჩერებების" დროს. მახსოვს, თბილისში როცა ჩამოვედი, ფაქტობრივად, არაფერი მებადა, მაგრამ ჩემი ნაქირავები ნახევარსარდაფი ნელ-ნელა წიგნებით ივსებოდა. იმ რამდენიმე წელიწადში ორ-სამ ლარად ნაყიდი წიგნებით საკმაოდ საინტერესო მცირე ბიბლიოთეკაც შევადგინე. მაშინ წიგნის მაღაზიებში შესვლას ვერც გავბედავდი.

მართალია, ბოლო დროს ბუკინისტებთან წიგნებს ასე ინტენსიურად აღარ ვყიდულობდი, მაგრამ გაჩერებით ყოველთვის ვჩერდებოდი და ვათვალიერებდი. ეს უკვე ჩემი ჩვეულება იყო. შეიძლება, არც არაფერი მეყიდა, მაგრამ მთელ დახლს საფუძვლიანად ვსწავლობდი, ზოგ წიგნს ხელშიც ვიღებდი,  გამოცემის წელსა და ადგილს ვნახულობდი, სარჩევს გადავშლიდი. ვნახავდი, იყო თუ არა რაიმე სამახსოვრო წარწერა გაკეთებული.

დღეს ეს ყველაფერი, წიგნთან შემთხვევითი შეხვედრები წარსულს ჩაჰბარდა. დღეს, როდესაც ყველა წიგნით მოვაჭრეს ერთ ადგილზე მოუყარეს თავი, გამოდის, რომ საქმეზე მოჩქარე მათ ვერსად გადავეყრები. მხოლოდ სპეციალურად თუ წავალ... რატომ? იმიტომ, რომ ქალაქის მერს ასე უნდა.

და რადგან მერს უნდა, საკრებულოს თავმჯდომარეც კი, რომელიც, ამავე დროს, მწერალია და რომელმაც, შეუძლებელია, არ იცოდეს ბუკინისტების სხვადასხვა ადგილზე ყოფნის ფასი, დღეს ამ ახალ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თავად წიგნებით მოვაჭრეები რომ ზარალდებიან, რადგან მათი კლიენტების უმეტესობა სწორედ ასე შემთხვევით წიგნსგადაყრილი ადამიანია. მაგრამ ვერაფერს გავხდებით, იმიტომ, რომ მერს ასე უნდა!

KvirisPalitra.Ge"უკვდავი ოქრუაშვილი"

პრეზიდენტი ყოველთვის უკბილოდ კი არ ხუმრობს, ზოგჯერ ათიანშიც "გაარტყამს" ხოლმე! ასეთი ათიანში გარტყმული ხუმრობა იყო "უკვდავი ოქრუაშვილი". ოქრუაშვილს "უკვდავი" პრეზიდენტმა კახეთში სტუმრობისას უწოდა. მე არ ვიცი, სააკაშვილი რას გულისხმობდა, როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, მაგრამ ის, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ქართულ პოლიტიკაში ისევ აქტუალურია, ნამდვილად არის "საღადაო" თემა.

განა სასაცილო არ არის, როდესაც შემოდგომის დადგომასთან ერთად ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და მისი წარმომადგენლები ოქრუაშვილთან გაერთიანებაზე ალაპარაკდნენ და მასთან პარიზში სიარული დაიწყეს?! რითი შეიძლება იზიდავდეს ოქრუაშვილი ოპოზიციურ პარტიებს? რეიტინგით, რომელიც ნულის ტოლია, ან - ოდნავ მაღალი? თუ ფულით, რომელიც რეიტინგზე გაცილებით მეტი აქვს, მაგრამ არა მგონია იმდენი ჰქონდეს, რომ ოპოზიციური მოძრაობა დააფინანსოს. ოქრუაშვილი არის ადამიანი, ვის სახელსაც "ვარდების ხელისუფლების" პირველი წლების ყველაზე ცუდი საქმეები უკავშირდება.

ბევრ მათგანს დაავიწყდა, როგორ აკრიტიკებდნენ მას. ყველაზე მეტად მაინც სოზარ სუბარის გამკვირვებია, რომელიც ხმალამოღებული ებრძოდა ოქრუაშვილს სახალხო დამცველობის დროს. დღეს, მართალია, მის წარსულ ცოდვებს არ ივიწყებს, მაგრამ მასთან თანამშრომლობისთვის მაინც მზად არის. ზოგიერთი ამბობს, 2007 წლის 7 ნოემბერს ოქრუაშვილი გახდა ასიათასობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი და თუ ერთხელ შეძლო ხალხის გამოყვანა, მეორედაც მოახერხებსო.

არ ვიცი, მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მაშინ ხალხი ქუჩაში ოქრუაშვილის გამო გამოვიდა. მაშინ ხალხი სულ სხვა პრობლემებმა გამოიყვანა; შეიძლება, ოქრუაშვილის დაკავებამ კატალიზატორის როლი შეასრულა, მაგრამ მას შემდეგ ხომ ბევრმა წყალმა ჩაიარა, კიდევ გამოჩნდა ოქრუაშვილის ნამდვილი სახე, როდესაც ციხიდან გამოსასვლელად ყველაფერი გადათქვა, რაც მანამდე ჰქონდა ნათქვამი!

ოქრუაშვილს შეეძლო, ხალხის ფავორიტობის პრეტენზია კიდევ ჰქონოდა, მაგრად რომ დამდგარიყო, ციხეში დარჩენილიყო და პარიზის ფეშენებელურ უბანში არ  ენებივრა. სააკაშვილის ხელისუფლება ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც იგი ციხეში არ დატოვა და გაუშვა. ის რომ ციხეში დაეტოვებინათ, დღეს გმირად გამოაცხადებდნენ.

KvirisPalitra.Geპოლიციელია თუ ცოლი?

ცოტა ეჭვიანი ცოლი მყავს და როდესაც გავიგე, პოლიციის შესახებ კანონში ცვლილება შეაქვთ და პოლიციელს უფლება ექნება, "გონივრული ეჭვის" საფუძველზე მოქალაქე გაჩხრიკოს, გულმა რეჩხი მიყო. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს "გონივრული ეჭვი". ზოგისთვის რა არის გონივრული და ზოგისთვის - რა.

როგორც ყველა ცოლი არ არის ერთნაირი, ისე, ყველა პოლიციელიც ვერ იქნება ერთი აზრის. ზოგი მეტად ეჭვიანია, ზოგიც - ნაკლებად. თუ ძალიან ეჭვიან პოლიციელს გადავეყარე, მერე რა ვქნა? ეჭვიან ცოლს რაღაცას მოუხერხებ კაცი და პოლიციელს რა უნდა უქნა? ცოლს მოეფერები, აკოცებ და დაამშვიდებ.

პოლიციელს რა ვუყო? კოცნას ხომ არ დავუპირებ? ან გაჭრის კი საალერსო სიტყვები: - ჩემო ანგელოზო, ჩემო ფისუნია, ეს ჩემზე როგორ იფიქრე! ხომ მომხვდა თავში ხელკეტი. მოკლედ, თუ აქამდე კაცი ნატრობდა, ეჭვიანი ცოლი არ შემხვდესო, ახლა ისიც უნდა ინატროს, ეჭვიან პოლიციელს არსად გადავეყაროო.

პ. ს.  ჩემი ცოლის ლოგიკა: თუ უდანაშაულო ხარ, გაგჩხრიკოს პოლიციელმა, რა პრობლემაა.