"ქალისთვის კარგი გარეგნობა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ შენი კარგი გარეგნობა, თვით სილამაზის კონკურსზეც არ სჭირდებათ"
"ქალისთვის კარგი გარეგნობა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ შენი კარგი გარეგნობა, თვით სილამაზის კონკურსზეც არ სჭირდებათ"
ფოტო:მაია ამაშუკელი
26 წლის მოდელმა, მაია ამაშუკელმა არაერთხელ გვასახელა, მაგრამ ამჯერად კამბოჯაში გამართულ კონკურსში, სადაც 25 ლამაზმანი მონაწილეობდა, პირველი ადგილი დაიმსახურა და თავზე გამარჯვებულის გვირგვინი მოირგო.

- Miss and Mrs World noble Queen international 2018-ზე მოწვევა სწორედ აფრიკაში გაცნობილი ინდოელი Peagent Coach-ისგან მივიღე... კონკურსი ჩატარდა კამბოჯაში და მასში მონაწილეობას 25 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. მოგეხსენებათ, პირველი ადგილის მფლობელი გავხდი... კონკურსი მიმდინარეობდა ერთი კვირის განმავლობაში. საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გვქონდა, დილის 6 საათიდან იწყებოდა გადაღებები,
სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობა, რეპეტიციები, მოვინახულეთ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები, რაც საკმაოდ საინტერესო იყო ჩემთვის... ერთ-ერთი სპონსორის სახე გავხდი და დამატებით გადაღებები მიწევდა თავის მოვლის საშუალებების რეკლამირებისთვის... ასევე, გავედი ტოპ-8 ტალანტში და გალა-შოუზეც შევასრულე ცეკვა მთიულური... კონკურსი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა. ჟიურიში მოწვეული იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის პრეზიდენტები,
რამდენიმესგან მოწვევაც მივიღე, რათა საქართველოს სახელით მონაწილეობა მივიღო მათ მიერ გამართულ კონკურსშიც...

- კონკურსანტებზე რას გვეტყვი? როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ამ კონკურსზე ძალიან გამიმართლა და არაჩვეულებრივი გოგონები იყვნენ, ასევე გამოცდილები და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე ნომინირებულნი... როდესაც კონკურსზე ჩავედი, აღმოჩნდა, რომ ჩემი ბარგი აეროპორტში დაიკარგა. რადგან 6 ფრენა მქონდა და 2 დღე გზაში ვიყავი, ეს ძალიან გვიან გავიგე, 3 დღე ვერ პოულობდნენ ჩემს ჩემოდანს... 6-დღიანი კონკურსიდან მხოლოდ მეოთხე დღეს მივიღე ბარგი, სადაც საკონკურსო კოსტიუმები, კაბები და ყველა საჭირო აქსესუარი მქონდა... ამის გამო, რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ რამდენიმე კონკურსანტი და მათ შორის "მის უკრაინა", ვისთან ერთადაც ოთახში ვიყავი, მაძლევდნენ კოსმეტიკას, თავიანთ კაბებს. ამ გოგონების მადლობელი ვარ და ვფიქრობ, გამიმართლა, რომ ასეთი კარგი ადამიანები გავიცანი... კონკურსს 100-მდე მედიასაშუალება აშუქებდა, მათ შორის Misossology-ს წარმომადგენლებიც... ჟიურისთან გასაუბრება ფინალამდე ორი დღით ადრე გვქონდა. ფინალზე წარმოვადგინეთ ნაციონალური კოსტუმები, Victoria secrete-ს კოსტიუმი, ტალანტ შოუ და მალაიზიელი დიზაინერის საღამოს კაბები... ტოპ-3 კონკურსანტს გვქონდა კითხვებზე პასუხის ტურიც, სადაც პასუხის გასაცემად 1 წუთი მოგვცეს... კონკურსზე პირველი ადგილი ავიღე და ძალიან გამახარა იმან, რომ კონკურსანტების უმრავლესობა მოდიოდა, მილოცავდა და მეუბნებოდა, რომ ამ ტიტულს ნამდვილად ვიმსახურებდი...

- გარდა მოდელობისა, კიდევ რით ხარ დაკავებული?
- დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტი... ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ კომპანიაში ივენთ მენეჯერად. შემოთავაზება მაქვს, ვიყო Peagent coach Miss Universal 2019-ზე და World Noble Queen 2019-ზე... ვფიქრობ, მომავალში ამ კუთხით გავაგრძელებ მუშაობას და ჩემს გამოცდილებას სხვებს გავუზიარებ.

- როდის დაიწყო შენი სამოდელო კარიერა და ამ სფეროში რა მიღწევები გაქვს?
- სამოდელო კარიერა საკმაოდ ადრე, 12 წლის ასაკში დავიწყე, როდესაც ვმონაწილეობდი "პატარა მის საქართველოზე", სადაც გავიმარჯვე... შემდეგ 23 წლისამ გადავწყვიტე, კვლავ მეცადა ბედი ამ სფეროში და მონაწილეობა მივიღე "მის საქართველოზე", სადაც მერგო "მის მეგობრობის" ტიტული... ამ კონკურსის შემდეგ კომპანია "უნივერსალ პროდაქშენის" პრეზიდენტმა, ქალბატონმა მაია თავაძემ, რომელიც არის მსოფლიო საერთაშორისო კონკურსების კომიტეტის წევრი, შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო 27th world miss university-ზე, რომელიც ტარდებოდა ჩინეთში და მასში მონაწილეობდა 80 ქვეყნის წარმომადგენელი... ამ კონკურსზე გავედი ტოპ-12-ში და "მის ფოტოგენურობის" ტიტული მოვიპოვე... შემდეგ ამავე კომპანიამ გამგზავნა Miss Leisure World 2016-ზე, ასევე ჩინეთში და გავედი ტოპ-5-ში (მე-4 ადგილი)... ამის შემდეგ წავედი ბაქოში ასევე საერთაშორისო კონკურზე Miss Union. 2016 წელს ეს კონკურსი ტარდებოდა პირველად და გავხდი ამ კონკურსის პირველი გამარჯვებული... წესების თანახმად, ერთი წელი არ მქონდა სხვა რომელიმე სილამაზის კონკურსში მონაწილეობის უფლება და გადავინაცვლე სხვა სფეროში - რეკლამირებას ვუწევდი იტალიელი დიზაინერის ერთ-ერთი ტანსაცმლის ხაზს...

2017 წელს კვლავ მივიღე მონაწილეობა სილამაზის კონკურსში Miss Universal 2017, სადაც ავიღე პირველი ადგილი... ამავე წელს ამ სფეროში მოღვაწე საკმაოდ ცნობილი ამერიკელი Peagent coach (კონკურსანტების ტრენერი) დამიკავშირდა და შემომთავაზა მონაწილეობა მიმეღო Exquisite Face Of the Universe 2017-ში, რომელიც ტარდებოდა განაში, ქვეყნის 60 წლის დამოუკიდებელობის დღის აღსანიშნავად, პირველი ლედის პატრონაჟით და მასში მონაწილეობდა 60 ქვეყნის წარმომადგენელი... ამ კონკურსზე გავხდი კონტინენტალური გამარჯვებული Miss Europe 2017 (Exquisite face of the Europe)...

- ცოტა რამ შენს ოჯახზეც მიამბე...
- დიდი ოჯახი მყავს: დედა, მამა, და-ძმა... ჩემი დაც სამოდელო სფეროშია ჩართული. ძმა მუსიკოსია, დედა - პედაგოგი, მამას კი მცირე ბიზნესი აქვს... ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები ოჯახის წევრები არიან. ისინი მუდამ მხარში მიდგანან და მამხნევებენ...

- რას ნიშნავს ქალისთვის კარგი გარეგნობა?
- ქალისთვის კარგი გარეგნობა, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ შენი კარგი გარეგნობა, თვით სილამაზის კონკურსზეც არ სჭირდებათ, იქ ყველა თავისებურად ლამაზია და ყველა ქვეყანაში სილამაზის სხვადასხვა სტანდარტია... კონკურსზე გარეგნობის გარდა, დიდი ყურადღება ექცევა შენი მუშაობის ხარისხს, რამდენად სწრაფად ითვისებ ყველაფერს, რამდენად კარგად გამოგაქვს კოსტიუმი, საუბრის, ჯდომის მანერასაც კი... აინტერესებთ, რამდენად კომუნიკაბელური ხარ და რაც მთავარია, როგორ უძლებ ამ დატვირთვას, რადგან როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურადაც საკმაოდ რთულია იყო კონკურსანტი... აქ არავის აღელვებს, სიცხიანი ხარ, მაღალქუსლიანი ფეხებს გტკენს თუ კაბა გიჭერს, მაინც უნდა შეძლო და საკუთარი თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინო. აქ შენ მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, საკუთარ ქვეყანას წარმოადგენ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია... ყველას, შენც და შენი ქცევებიც ქვეყნის სახელით დაამახსოვრდება, რადგან იმ დროს შენ სამშობლოს სახე ხარ...

- შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდე? რა რჩევებს მისცემდი გოგონებს?
- გოგონებს ვურჩევ, რომ სწორ კვებასა და ვარჯიშთან ერთად, იყვნენ უფრო პოზიტიურები და თავდაჯერებულნი. მე ძირითადად, ვვარჯიშობ და ვცდილობ, სწორად ვიკვებო. თუმცა, ტკბილეულზე უარის თქმა არ გამომდის. ასევე მნიშვნელოვანია კარგად გამოძინება.

- თაყვანისმცემლებზე, პირად ცხოვრებაზე რა შეგიძლია მითხრა?
- პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება... შეყვარებული არ მყავს.

- რომ გითხრან, თოვლის ბაბუს წერილი მისწერე და აგიხდებაო, რას მისწერდი?
- როგორც სილამაზის კონკურსის გამარჯვებული, ვთხოვდი ჭორლდ პეაცე-ს (იღიმის). ასევე ვთხოვდი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელად და ბედნიერად ყოფნას, მეტ პოზიტიურ და საინტერესო დღეებს.

- შენ ვის უმზადებ საახალწლო საჩუქრებს? ალბათ ვიღაცისთვის ხარ დღეს ასე მოდური სეკრეტ სანტა.
- ცხადია, ოჯახის წევრების გახარებაზე ვიზრუნებ. ასევე, მეც ვარ სეკრეტ სანტა და იმედი მაქვს, ის ადამიანი, ვის სახელსაც ჯერ ვერ დავასახელებ, გაახარა ჩემმა საჩუქარმა. წარმატებულ ახალ წელს გისურვებთ ყველას!

ლიკა ქაჯაია
ჟურნალი "გზა"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
25-03-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები