"ბომჟი არ ვარ, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ბომჟი არ ვარ, მაგრამ..."

ზურა ყიფშიძესთან ინტერვიუ შობა-ახალი წლის მოლოცვით დაიწყო. ისიც მითხრა, ღორის წელს ღორის გრიპით შევხვდიო. უამრავ თემას შევეხეთ. ისე გავერთეთ საუბარში, კინაღამ სპექტაკლზეც დავაგვიანე ცნობილი მსახიობი...

ფოტოგალერეა

- თუ არა გყავს პატრონი ამ ქვეყანაზე, დაღუპულხარ და ეგ არის. ყველა უცხოელს შეიძლება მოეფერონ, საკუთარ ხალხს კი სისულელეებს უკეთებენ. დღეს ცოცხები აღარ არის, მაგრამ ისეთებს შვრებიან... გავგიჟდით, ეტყობა... ერთხელ ვცხოვრობთ და ჯანდაბას, სახელი დაგვრჩება-არდაგვრჩება, ფეხებზე გვკიდია - ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

შემოქმედებას რაც შეეხება, დღეს და ხვალ "მეფე ლირი" მაქვს. მერე გადაღება, ჩაწერები, ყველაფერი ზედიზედ...

- რა კარგია, ასე დატვირთული რომ ხართ. - კი, ცოტა ფულსაც რომ გვიხდიდნენ, გადასარევი იქნებოდა.

გრიპის გამო ისე ცუდად ვიყავი, სპექტაკლი მომიხსნეს. გიორგიმ გადმომდო. ექიმები მყავდა, წამოდი, დაგაწვენთო... სად დამაწვენთ... ამ თვეში ჩემი თავისთვის ვერ მოვიცლი და ამ გრიპს თუ მოვწყინდები, თავისით გამანებებს თავს-მეთქი. ორი დღის წინ ჩემს რძალს დაურეკავს შვილიშვილის ასაცრელად, უთხრეს, 35 ლარი ღირსო. მოკლედ, ღორის წელს ღორის გრიპით შევხვდი.

თბილად, წყნარად, სახლში ვიჯექი, აღარ ვარ იმ ასაკში, ღამის კლუბებში რომ მინდოდეს სიარული.

- ადრე დადიოდით? - არ იყო ჩემს დროს, ამიტომ სახლებში ვიწყობდით ღამის კლუბებსაც და კონცერტებსაც. ტრადიციული მოლხენაც ვიცოდით, შინ შევხვდებოდით ახალ წელს, მერე ვიწყებდით ბორიალს... დილით ბახუსი, ხაში... სადღეგრძელოები, თამადები... თუ უფროს თაობასთან მოვხვდებოდით, რამაზ ჩხიკვაძე თამადობდა, ხან თემო ჩირგაძე, ოთარ ლითანიშვილი, კომპოზიტორებზე აღარაფერს ვამბობ. ექიმები და კომპოზიტორები ყველაზე მაგარი თამადები არიან, არქიტექტორები და მსახიობებიც არ ჩამორჩებიან...

- თქვენ როგორი თამადა ხართ? - არ მიყვარს თამადობა, თუ ხასიათზე ვარ, ვიწრო წრეში ვითამადებ, თუ არადა, შეკვეთით არ შემიძლია. სულ ვეკითხებოდი ამ საქმეში მხეცებს, როგორ უნდა თამადობა, რა რის შემდეგ უნდა ვთქვა-მეთქი. ყველაფერი სისულელეაო, მთავარია, ღმერთი არ დაგავიწყდეს, მშვიდობა და მერე ყველა სადღეგრძელო სუფრაზე ჩამოვარდნილი თემების გარშემო იბადებაო.

კარგი იყო, როცა გამოგვდიოდა სუფრაზე მოლხენა, ახლა ხოშიც აღარ მაქვს. მარტო მე არა, ბევრმა დაკარგა, ნევროზული სიტუაციაა, გაცრუებული იმედი...

ბანკები, ეს ონლაინკაზინოები, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვჭამს. ბევრი დაზარალებულია გინდა გონებრივად, გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად. ბავშვები კი მოდიან კარგები, მაგრამ აბნეულ-დაბნეულ სიტუაციაში არიან. ვიღაცა მოტვინავს, როგორ მოიქცეს, ვიღაც კი შეიძლება აჰყვეს რაღაც სისულელეს და აზარტული თამაშებით თავი დაიღუპოს. მე არ გამომიცდია, მაგრამ ამბობენ, რომ არაყსა და ნარკოტიკზე უარესიაო.

- არჩევნებისწინა პერიოდში ვისაუბრეთ. მახსოვს თქვენი პოზიციაც, "ნაციონალების" მობრუნება დაუშვებლად მიგაჩნდათ. - მათი დაბრუნება როგორ შეიძლებოდა. საერთოდ საზოგადოება არ მომწონს, როგორ ვიქცევით "ნაცებიც", შმაცებიც, ან როგორ ვსაუბრობთ, ბოღმა და სიძულვილის ენაა დასადგურებული.

- არჩევნების შემდეგ რა მოლოდინი გაქვთ?

- მგონია, ნელ-ნელა სიტუაცია გამოსწორდება, ამისთვის პირველ რიგში, გოიმურად, მოკლედ და უბრალოდ რომ ვთქვა, მდიდრები უნდა დაეხმარონ ღარიბებს. ამის სურვილი და მოლოდინი მაქვს.

ზურა ყიფშიძე ქალიშვილთან ერთად

- მდიდრები და ღარიბებიო - თქვენ საით ხართ? - შეიძლება ბომჟი არა, მაგრამ ღარიბი ვარ, აბა, რა ვარ? საშინელი მდგომარეობა მაქვს.

რუსებთან გზა გადაკეტილი მაქვს, არასასურველი ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენთანაც არ ხდება არაფერი, რომ გამოიმუშაო, არადა, ამხელა ოჯახი, წამლები, დასვენება... ეს ყველაფერი რთულია. ბინები აღარ მაქვს, რაც მქონდა, გავყიდე და ერთ დიდ ბინაში რამდენიმე ოჯახი ვცხოვრობთ. ჯერჯერობით არ ვჭამთ ერთმანეთს, მაგრამ... გიორგის სამუშაო ჰქონდა, ეგონა, ყოველთვის ექნებოდა, ისიც დეპრესიულ მდგომარეობაშია, აქეთ ლენუკას არა აქვს სამსახური.

- პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ გიწვევენ?

- შარშან ვიყავი უკრაინაში რაღაც სისულელეზე.

- ყოფითმა პრობლემებმა გადაწონა დიდი ხელოვნება და არჩევანსაც ამის მიხედვით აკეთებთ?.. - სამწუხაროა, რომ ამორჩევის ფუფუნება არა გვაქვს. ცუდია... მე ასე სიბერეში დამემართა, ხელი ჩავიქნიე, თუმცა კომპრომისებზე მივდივარ მხოლოდ სერიალებში, თეატრში - არა!

- როგორი ადამიანი ხართ? - ცვალებადი ხასიათის... ჯიჯღინაც ვარ, ძალიან ბევრს ვუკეთებ სხვებს, თან ეგოისტიც ვარ. შეიძლება უცბად ავფეთქდე და ბევრი რამე გავაფუჭო.

ახლა აღარ ვთვრები, თუ რამე სისულელე გამიკეთებია, ალბათ, ალკოჰოლთანაა დაკავშირებული...

კაცები როგორები ვართ, არ იცი?

- ბევრნაირი ჭორი გამიგია ზურა ყიფშიძეზე, მაგრამ ყოველთვის ამბობდნენ, რომ მყარი ოჯახი გაქვთ. - იყო ოჯახშიც რაღაცები, მაგრამ დღევანდლამდე მოვედით. არ მიყვარს მანქანების და ცოლების ცვლა... ტყუილად ხომ არ ვენდე ჩემს გრძნობას, არა მგონია, რომ შევცდი არჩევანში.

- არადა, როგორი პოპულარული იყავით და რამდენი წერას აყოლილი ქალი გამოჩნდებოდა... - პოპულარობა ცოტა ყანყალა რამეა, ადვილად შეიძლება ამოყირავდე. მიშა თუმანიშვილი და დეიდები სულ მეუბნებოდნენ, ეს ისეთი პროფესიაა, ძალიან მოვლილი უნდა დადიოდე, ყველა უნდა გიჟდებოდეს შენზე, სამაგალითო უნდა იყოო. სამაგალითო ნამდვილად არ ვიყავი, თუმცა ზოგი ამბობდა, პირიქით, სამართლიანი ტიპი ხარო... რა ვიცი...

- საუბარი სხვაგან გაგვექცა... მეგონა, მიპასუხებდით, დღეს რომ ასე შეხმატკბილებული ოჯახი მაქვს, ჩემი მეუღლის დამსახურებააო... - რაც ცუდია, ჩემი დამსახურებაა, რაც კარგია, ცოლის. მე ბევრი რამ აღარც მახსოვს, მას კი ყველაფერი ახსოვს."სულ ვჯაჯღანებთ, ბავშვებს უკვირთ, როგორ უძლებთ ერთმანეთსო, არადა, უერთმანეთოდ ჩვენი ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. ცოლქმრობა ისეთი რამეა, დამალულიც უნდა იყოს და თან დასამალიც არაფერი უნდა იყოს.

ზურა ყიფშიძე დედასთან, ელენე ყიფშიძესთან ერთად

- ამას წინათ მითხარით, ხარისხიანი იუმორი მომენატრაო. - დედაჩემ-მამაჩემის ამბავი მომიყოლია? ერთ სპექტაკლში დედა კინტოს თამაშობდა... მღერის, ცეკვავს... მამაჩემი უნდა შემოვიდეს და უთხრას, საით მიდიხარო? ამ კითხვაზე ლენას აგებული აქვს: "მოვდივარ დარიბანდებით, ბანდი-ბუნდები"... უცბად შემოვიდა მამაჩემი და ეკითხება: "სადა მუშაობ?" წარმოგიდგენია, კინტოს ეუბნება, სადა მუშაობო. დედაჩემს პაუზაც არ გაუკეთებია, ლიხაჩოვის ქარხანაში, ერთი შენიცო, მიაძახა და გააგრძელა სპექტაკლი... თურმე მსახიობებიც და მაყურებელიც ცუდად გახდნენ სიცილისგან.

- როდის დაახლოვდით მამასთან? - მას შემდეგ, რაც დედაჩემს გავუწყალე გული, ეროსის ბიჭს მეძახიან და გამაგებინე, ვინაა მამაჩემი-მეთქი. მერე გავიგე, რომ ძმა მყოლია 10 წლით უფროსი, ისიც ზურა იყო, ახლა გარდაცვლილია. ძალიან დავახლოვდი მამაჩემის, ავთანდილ ვერულეიშვილის ოჯახთან. ზოგჯერ ჩემი ძმის დედამ უფრო მეტი იცოდა ჩემზე, სად დავეხეტებოდი და რა თავგადასავლები გადამხდა, ვიდრე დედაჩემმა. მამას ხშირად ველაპარაკები ხოლმე ფიქრებში.

რაღაცნაირი ძალიან კეთილი ტიპი იყო, მორიდებული... კარგი მოგონებები მაქვს. დედაც ჩემს ფიქრებში ცხოვრობს დღემდე...

იხილეთ ფოტოგალერეა