"გიოს ბიბლუსი", ანუ ყველას ქოხი გომბორზე - კვირის პალიტრა

"გიოს ბიბლუსი", ანუ ყველას ქოხი გომბორზე

შობა-ახალი წლის ერთ დღეს სახლში ვატარებდი. ინტერნეტსივრცის უზარმაზარ სამყაროში ჩემი კოლეგის, ჟურნალისტ ირმა ხარშილაძის ჩანაწერს წავაწყდი უჩვეულო კაფე-ქოხის შესახებ. ისე საინტერესოდ წერდა, თითქოს მასთან ერთად გომბორის უღელტეხილზე, თოვლში ჩაფლულ ქოხში მცენარეულ ჩაის მეც შევექცეოდი. იმის გამო, რომ სტუმარს კაფე-ქოხში ბევრი საინტერესო წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა ეძლევა, ვიზიტორებმა "გიოს ბიბლუსად" მონათლეს. მეც ბევრი აღარ მიფიქრია, ნამდვილი "ბიბლუსის" ქსელიდან რამდენიმე ათეული წიგნით "გიოს ბიბლუსIისკენ" გავეშურე... რამდენიმე წლის წინ ხანძარმა შთანთქა კაფე-ქოხი და გიორგის ყველაფრის ახლიდან შექმნამ მოუწია... ამ ქოხს თავისი წესები და დაუწერელი კანონები აქვს, ვინც შედის, პირველად სუფრასთან ხვდება... აქ სტუმარმასპინძლობის უძველეს წესებს მკაცრად იცავს ფშავიდან გადმოსახლებული და კახეთის მკვიდრი გიორგი პატარაშვილი. ქოხში ყველაფერი ხარობს და ყველაფერი ცოცხალია. მასალად მოტანილი ხე ავეჯის დანიშნულებასაც ასრულებს და ნამდვილი ხისაც, ახლაც ფოთლები აქვს... გიოს არასოდეს უფიქრია, რომ ერთ დღესაც ბართან მჯდომი ფოთლებს შორის აღმოჩნდებოდა, მცენარემ უბრალოდ იხარა...

"ახალ ქოხს ყველას ქოხი ჰქვია"

- აქ, უღელტეხილზე ბევრი გამვლელი ჩერდება და ისვენებს, აქვეა წყაროც. ქოხი ჩალით გადავხურე. დედა ნამცხვრებს აცხობდა და სტუმრებს ვუმასპინძლდებოდით. ეს ყველაფერი 2013 წელს დაიწყო. წამოწყებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ საქმეს მაინც შევუდექით და სამი თვე ვიმუშავეთ. მერე დედაქალაქში წავედი და სადისტრიბუციო საქმეში ჩავერთე. ერთი წლის შემდეგ უკან დავბრუნდი. აქ მეტის კეთების უნარი მაქვს, თავისუფლების დიდი შეგრძნება და წინსვლის შესაძლებლობა. უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ქოხი განვაახლე, ახლიდან გადავხურე და საკუჭნაოც დავამატე... მერე ხანძარმა დამიწვა ქოხი. როცა სოციალურ ქსელში დავდე ფოტოები, ბევრი უცხოელი დამეხმარა აღდგენაში, ისინი, ვინც უკვე ნამყოფი იყვნენ აქ და მიცნობდნენ. ახალ ქოხს უკვე ყველას ქოხი ჰქვია, ყველას წვლილია აღდგენაში შეტანილი. ზოგმა თანასოფლელმა ფიცარი მაჩუქა, ზოგმა ხე, ზოგიც ქოხის აშენებაში დამეხმარა. ახლობლებმა ნივთებიც მისახსოვრეს. ჩემი ძმა მშენებელია და მისი შემოქმედებაა ეს ქოხი.

"სამხედროებსა და პოლიციელებს უფასოდ ვუმასპინძლდებით"

გიო წარმოშობით ფშაველია. მისი წინაპრები სოფელ გომბორში გადმოსახლდნენ და გიორგი პატარაშვილიც კახეთში დაიბადა. გიორგი თავის ქოხში განსაკუთრებული მოწიწებით ჯარისკაცებს მასპინძლობს. აქ მათთვის ყველაფერი უფასოა.

- 31 წლის ვარ, საშუალო განათლებით. დედამ შემაყვარა კითხვა. უკვე დიდი ვიყავი, როცა ცხვარში მწყემსად წავედი და თან დიუმას წიგნი წავიღე. საოცრება იყო. მერე ბულგაკოვს, დოსტოევსკის, თომას მანს ვკითხულობდი და სულ სხვაგვარად დავინახე სამყარო. ჯარშიც ვიმსახურე, 2006 წელს კოსოვოში ვიმუშავე ნატოს ბაზაში... მჯერა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ. არ არსებობს დღე, როცა ერთი სტუმარი მაინც არ შემოივლის. არის დღეები, სტუმარს ვერ ავუდივარ. ვინც აქეთ მოდის, მირეკავენ და მეკითხებიან, რა გჭირდებაო... ძირითადად, ადგილობრივ პროდუქტს ვიყენებ, აქაურ ჭაჭას და მცენარეული ჩაისთვის დეკას, ცაცხვსა და მთის ქონდარს. გარდა ამისა, ყავა, სახლში გამომცხვარი ნამცხვრები და ფრეში გვაქვს. აქ დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა აქვთ გამვლელებს. მე აქ ვცხოვრობ, საკუჭნაოში საძინებელი მოვაწყვე. ელექტროენერგია არა მაქვს. როცა გარეთ თოვლია, ქოხში ღუმელი გიზგიზებს, სანთლის შუქზე ვკითხულობ და ამას სულ სხვა ხიბლი აქვს.

სამხედრო პირებსა და პოლიციელებს უფასოდ ვუმასპინძლდებით. ცოტა ხნის წინ ამერიკელი სამხედროები გვესტუმრნენ. ავუხსენი, რომ ჯარისკაცების პატივისცემა ჩვენი ტრადიციაა, თანაც ამერიკა ხომ ჩვენი პარტნიორია? მეც წვრთნები ამერიკელ სამხედროებთან გავიარე. საჩუქრად თავიანთი ქვეყნის დროშა და გერბი დამიტოვეს.

ძაღლი "გუგლი" და ჭაჭა "აიქიუ"

იუმორისტული წარწერები ინგლისურ ენაზე ხშირად ხვდება ტურისტების ფოტოკადრებში. პოპულარულია მუყაოს ყულაბა, წარწერით: "გროვდება ფული საქორწინო ბეჭდისთვის, გიორგი ჯერ დაუოჯახებელია". ტერიტორიას ერთგულად იცავს ძაღლი "გუგლი". აქ კახურ ჭაჭასაც თავისი სახელები აქვს: "აიქიუ" და "აიქიუ-პლუსი". გიორგი ამბობს, რომ ცოტა სასმელი ინტელექტს აუმჯობესებს.

- ყველაფერ ქართულს ვინარჩუნებ და ამასთანავე, ვცდილობ, ფეხი ავუწყო თანამედროვეობას. მოდერნისტულ ტენდენციებს იუმორით ვუდგები. მყავს ძაღლი, რომელსაც "გუგლი" დავარქვი.

ერთხელ არაბი სტუმრები მყავდა და ცხვრის ხორცის მწვადით გავუმასპინძლდი. თავიდან ჭაჭაზე უარი თქვეს, მერე გასინჯეს და მკითხეს, ამას რა ჰქვიაო, სპონტანურად ვუპასუხე, "აიქიუ"-მეთქი, ეს 40-გრადუსიანი არაყი იყო. 70-გრადუსიანს "აიქიუ-პლუსი" დავარქვი.

როცა უცხოელი სტუმრები თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებიან, ხშირად ბლოგებს წერენ. სტუმრებს ყველაზე მეტად მოსწონთ და აოცებთ ქოხში ბარის საყრდენად გამოყენებული ხე, რომელმაც გაიხარა და ზამთარშიც კი გაფოთლილია. კედლებს ქართველი კლასიკოსებისა და სხვა ისტორიული პირების ფოტოები ამშვენებს. სტუმრები მეკითხებიან, ვინ არიანო. ვუხსნი, რომ ეს ვაჟა-ფშაველაა, მიხა ხელაშვილი, ილია ჭავჭავაძე, თამარ მეფე... ვესაუბრები მათ შემოქმედებასა და ღვაწლზე.

კალენდარი ფოტოკადრებით...

ქოხის ბინადარს ხშირად მობილური ტელეფონი მომარჯვებული აქვს გომბორის თვალწარმტაცი პანორამების აღსაბეჭდად. ყოველდღიურად იცვლება ბუნება, ფერები, ხედები და ცდილობს ეს ყველაფერი კადრში შეაჩეროს. ჩანაწერებს აკეთებს, კაფიებსაც წერს. გიორგის გადაღებული ფოტო ჩეხი მწერლის წიგნში მოხვდა. ვლადისლავ სიბურა თანამემამულეებს ურჩევს, იმოგზაურონ საქართველოში და აუცილებლად ესტუმრონ ამ საინტერესო ადამიანსა და მის კაფე-ქოხს.

- ჩეხი მწერალი ვლადისლავ სიბურა მესტუმრა და დიდხანს ვისაუბრეთ. მაშინ არ ვიცოდი, რომ მწერალი იყო, საინტერესო ადამიანებსა და მოგზაურობებზე წერს. ორი წლის წინ გამოსცა წიგნი, სადაც ჩეხებს ურჩევს, ესტუმრონ საქართველოს, იმავე წიგნში შეიტანა ჩემი გადაღებული ფოტო, სადაც გამოსახულია ჩემი ქოხი. ჩეხეთის ელჩმა გადმომცა სიბურას წიგნი.

ახლა 2019 წლის კალენდარი მაქვს აქაური გარემოს ფოტოკადრებით, თითო თვეში გადაღებული თითო კადრით ავაწყვე. ეს იდეა პოეტ მარიამ ხუცურაულს ეკუთვნის. კალენდარშივეა შეტანილი თვალსაჩინოებისთვის მცირე ექსკურსი.

პოეზიის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ბავშვობაში აღმოვაჩინე გალაკტიონი. ახლა, ვკითხულობ ხშირად. ძალიან გამახარა წიგნის მაღაზიათა ქსელის "ბიბლუსის" მოულოდნელმა საჩუქარმა. გადავხედე და ბევრი კლასიკოსის შედევრი წაკითხული არ მქონია. ახლა ჩავუჯდები და სანთლის შუქზე დიდი სიამოვნებით წავიკითხავ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ბიბლუსს". ახლა ნამდვილი "ბიბლუსის" წიგნები გომბორის "ბიბლუსშიცაა".

P.S. ახლა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, გიორგი ისევ თავის ქოხშია. შეშის მოგიზგიზე ღუმელზე შემომდგარი სხვადასხვა მცენარეული და საოცრად არომატული ჩაი დუღს და უკვე გამდიდრებული ბიბლიოთეკით სტუმარს ელის. ახლა იქ ნამდვილი ზამთარია, თოვლში ჩაძირული ქოხი ნაცრისფერი საკვამურით იცნობა. ეს ზღაპრის დასასრული არ არის, ეს რეალობაა და კაფე-ქოხის ზღაპრული ცხოვრება ყველას გელოდებათ.