ქვეცნობიერში "გადანახული" კომპლექსები - კვირის პალიტრა

ქვეცნობიერში "გადანახული" კომპლექსები

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც კომპლექსი არ აწუხებს. ზოგი ამას მოხერხებულად მალავს, თუმცა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ უკომპლექსობის ნიღბის მიღმა ხშირად სერიოზული პრობლემები იმალება... ჩვენი სტუმარი, ფსიქოთერაპევტი მანანა სოლოღაშვილი, ყველაზე უჩვეულო კომპლექსებსა და მათი გადალახვის გზებზე გვესაუბრება:

- კომპლექსები იმ წარმოდგენების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანს ნაწილობრივ ან მთლიანად არაცნობიერში აქვს გადანახული. კომპლექსები უმეტესად ბავშვობაში ყალიბდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას, მერე ქვეცნობიერში ილექება და სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე, მის აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე. ეს კომპლექსები ჩნდება მანამ, სანამ მოზარდს ლოგიკური აზროვნება ჩამოუყალიბდება, მაგრამ ფსიქიკაში ყოველთვის არსებობს და მთავარია, პათოლოგიურ მდგომარეობამდე არ მიიყვანოს, თორემ განვითარების სხვადასხვა სტადიაზე სხვადასხვა კომპლექსი იხსნება. ზოგჯერ ეს გაუცნობიერებლად ხდება. დღეს ყველაზე უჩვეულო კომპლექსებზე გავამახვილებ ყურადღებას:

ოტელოს სინდრომი

- ოტელოს სინდრომი პათოლოგიური ეჭვიანობით გამოიხატება. ის არა მხოლოდ მამაკაცებისთვის არის დამახასიათებელი, არამედ ქალებისთვისაც. ოტელოს სინდრომით შეპყრობილ ადამიანს ყოველ ნაბიჯზე ღალატი ეჩვენება - პარტნიორის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს, მუდმივად ჩასაფრებულია. ამით თავსაც აზიანებს და გარშემო მყოფებსაც ტანჯავს.

კონკიას სინდრომი

ეს კომპლექსი ადამიანის ცხოვრებას ძალიან ართულებს: "კონკია" მუდმივად ზღაპრული უფლისწულის მოლოდინშია, რომელიც არ მოდის. ასეთი ადამიანი წინასწარ შეადგენს ხოლმე ურთიერთობის განვითარების იდეალურ სცენარს და ვერ ხვდება, რომ ამ "სცენარში" რეალური ადამიანებისთვის ადგილი არ არის.

არანაკლებ რთულია დონ-კიხოტის სინდრომი, რომლის დროსაც მამაკაცს მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს გაიდეალებული და მის გარდა ვერავის ხედავს. შეიძლება ეს ქალი მისთვის მიუწვდომელი იყოს, მაგრამ მაინც აიდეალებს. კაენის სინდრომი

გავრცელებული კომპლექსია, რომელმაც შეიძლება რთული ფორმა მიიღოს. კაენის სინდრომი არის უფროსი ძმის (ან დის) შური უმცროსის მიმართ. უფროს ბავშვებს ხშირად ჰგონიათ, რომ მშობლებს პატარები მათზე მეტად უყვართ, რადგან უმცროსებს უფრო ხშირად ეფერებიან. ამან შეიძლება სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს, ამიტომ მშობლებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული: მათ უნდა დაანახონ ბავშვებს, რომ ყურადღებას თანაბრად ანაწილებენ.

ნაპოლეონის სინდრომი

ნაპოლეონის სინდრომი ტანდაბალ მამაკაცებს უყალიბდებათ. ნაპოლეონი ხომ 169 სმ სიმაღლისა იყო და ეს სახელწოდებაც მისგან მოდის. ზოგიერთ ტანდაბალ ადამიანს კომპლექსი აქვს თავისი გარეგნობის გამო, ამიტომ ტანდაბალი მამაკაცები უფრო ამბიციურები ხდებიან და მაქსიმუმს მოითხოვენ როგორც სიყვარულში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ისინი ხშირად აღწევენ წარმატებას და ამის მიზეზი სწორედ ნაპოლეონის სინდრომია.

არასრულფასოვნების კომპლექსი

ყველაზე ხშირია არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელიც დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებში გვხვდება. ამის მიზეზი ან ზედმეტად მკაცრი აღზრდაა, ან პირიქით, მეტისმეტად ლიბერალური მიდგომა. ასეთ ადამიანს შეიძლება გონებაში ძალიან კარგი იდეა უტრიალებდეს, მაგრამ ეს ვერც გაამხილოს მარცხის შიშით.

როგორ მოვერიოთ კომპლექსებს

კომპლექსები რომ დავამარცხოთ, ჯერ მათი გაცნობიერება უნდა შევძლოთ, მერე კი უცხო თვალით შევხედოთ ჩვენს თავს და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ზოგჯერ ადამიანი თვითონ ახერხებს კომპლექსების დაძლევას. მაგალითად, თუ დახშული სივრცის შიში გვაქვს, ხშირად უნდა შევიდეთ ასეთ სივრცეში, თუ სიმაღლის შიში გვაქვს, სიმაღლეს შევეჩვიოთ, მაგრამ ზოგჯერ კომპლექსები იმდენად დამთრგუნველია ადამიანისთვის, რომ პიროვნულ დესტრუქციას იწვევს. ასეთ დროს საქმეში ფსიქოთერაპევტი უნდა ჩაერთოს, რადგან კომპლექსები ადამიანის თვითდამკვიდრებას და პიროვნულ ზრდას უშლის ხელს.

ხათუნა ჩიგოგიძე