"აი კაცს არავის დავაჩაგვრინებთ" - კვირის პალიტრა

"აი კაცს არავის დავაჩაგვრინებთ"

"გადარეული გურულის" მოხსნა იმიტომ უნდოდათ, რომ მის მახლობლად პოლიციის შენობის აშენებას უშლიდა ხელს. ქანდაკებას ლანჩხუთელებმა ხელი არ მოჰკიდეს და ხალხი ფოთიდან ჩამოიყვანეს მის ასაღებად, სულ ცოტა ხანში კი ისევ უკან დააბრუნეს"

მოგეხსენებათ, გურია სამი პატარა რაიონისაგან შედგება, მათ შორის ლანჩხუთი ყველაზე პატარაა, მაგრამ ყველაზე კოლორიტული. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, რადგან ცუდ ხასიათზე მყოფი ლანჩხუთელი ჯერ არ მინახავს. აქ ოდესღაც აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ევროპის დამაკავშირებელი გზა გადიოდა, რომელზეც რომაელი მხედრებიდან მოყოლებული, მთელი მსოფლიო მიდი-მოდიოდა. აქ რომაელის მუზარადიც აღმოჩნდა, რომელიც მუზეუმშია დაცული. რაც შეეხება ამერიკელებს, თავის დროზე სწორედ ლანჩხუთელმა მოჯირითეებმა "დააღებიეს ამერიკელებს პირი". ხალხი ცხოვრებას ჩვეული გულმოდგინებითა და იუმორით აგრძელებს, თან დღეს უკვე მთელ მსოფლიოს არიან მოდებული, იქ ნაშოვნ ფულს კი საქართველოში გზავნიან, რომ ოჯახის წევრები შეინახონ და დღეს თუ ხვალ წელგამართული დაბრუნდნენ, ისევე როგორც ლანჩხუთის მშვენება - "გადარეული გურულის" ქანდაკება დაუბრუნდა დიდი მოგზაურობის შემდეგ თავის პიედესტალს.

აგერ, ქალაქის ცნობილი კოლორიტი, ოთხმოცს მიღწეული გოგია ღლონტი თავის ველოსიპედით მოქრის. ჩემს კითხვაზე, როგორ ბრძანდებით-მეთქი, ველოსიპედიდან სხარტად ჩამოქვეითებული მპასუხობს: - მტრის ჯინაზე ცოცხალი ვარ, რაცხას კი ვშველი ჩემს თავს!

- თავს რომ შველით, კი გეტყობათ, ველოსიპედით ქარიშხალივით დაქრიხართ, მითხრეს, თურმე სამტრედიიდან ლანჩხუთში ველოსიპედით ისე ამოსულხართ, თვალიც არ დაგიხამხამებიათ! - კი, მასე იყო ნამდვილად, მარა სამტრედიიდან ლანჩხუთში ველოსიპედით წამოსვლა მარტო მაშვინ დამჭირდა, მეზობელმა ძველი ველოსიპედი რომ დამიკარგა და სამტრედიაში ახლის საყიდლად წევედი, თვარა სამტრედიაში რა მინდოდა, ლანჩხუთში საქმის მეტი რა მაქ!

- ველოსიპედი როგორღა დაგიკარგათ მეზობელმა? - ჩემზე ვარესი ბერიკაცი რომაა, ისთე დამიკარგა. დამიჩემა, ელანძე, ველოსიპედი მათხუე, ჩემი გამიფუჭდაო. კი ვიცოდი, რომ ველოსიპედი ისთე არ განათხოვრდება, რაფერც ცოლი და ცხენი, მაგრამ მაინც ვათხუე. ქალმა მითხრა, მეზობლის განაწყენება ველოსიპედიზა არ შეიძლება, ათხუეო! ვათხუე, მან კი ორი დღე რომ არ მომიყვანა, გულმა რეჩხი მიქნა და მივაკითხე, სა წეიღე ჩემი ველოსიპედი-მეთქი. თუ გინდა, მომკალი, დავთვერი და შენი ველოსიპედი საცხა ქუჩაში დამრჩაო! ჩემს ველოსიპედს გაჩუქებო და გამომიყვანა მისი სახიჩარი ველოსიპედი, გადვირიე, მარა რა გადვირიე, შენ აბდალა ხომ არ გგონივარ-მეთქი! მერე ისევლე ქალმა ამიჩემა, ველოსიპედის გულიზა მეზობელს ნუ ეეშლებიო. მეც რა უნდა მექნა, წევედი სამტრედიაში, ვიყიდე ველოსიპედი, გადავჯექი და ჩამოვიყვანე ლანჩხუთში! - მეუბნება გოგია და ამ დროს ლაპარაკში "გეიხარეც" გვერთვება. "გეიხარეს" ლანჩხუთში ყველა იცნობს. ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ დიდსა და პატარას "გეიხარეო" ეუბნება, თან მაღაზიიდან მაღაზიაში ტვირთი ზურგით გროშებად დააქვს. "გეიხარე" ის კაცია, რომელმაც "გადარეულ გურულს" დიდი ფულის ფასადაც არ მოჰკიდა ხელი, როცა მთავრობამ მისი გადატანა მოინდომა. როგორც გოგია ბიძია ამბობს, "გადარეული გურულის" მოხსნა იმიტომ უნდოდათ, რომ მის მახლობლად პოლიციის შენობის აშენებას უშლიდა ხელს. ქანდაკებას არც სხვა ლანჩხუთელებმა მოჰკიდეს ხელი და ხალხი ფოთიდან ჩამოიყვანეს მის ასაღებად, სულ ცოტა ხანში კი ისევ უკან დააბრუნეს.

- გინდა გითხრა მართალი? - მეუბნება გოგია ბიძია და თან სიამაყით შეჰყურებს "გადარეულ გურულს", რომელიც გოგი ოჩიაურის ნამუშევარია და მგონი, მართლაც ყველა მეამბოხე გურულის ხასიათს გამოხატავს, - აი კაცი ჩვენი კაცია და მაგის თავს არავის დავაჩაგვრინებთ. ხომ მკტარია, მარა მაინც ჯობია ბარე ორ ცოცხალს.

- ლანჩხუთში, როგორც მთელ გურიაში, ხალხი თხილით ირჩენდა თავს, ახლა გაჭირდა, უცხოეთში წასული ქალების იმედზე დარჩა ხალხი? - მაი ხალხი იმფერს წვალობს, ბიძია, იქანე ნაშოვნი ფული ნამეტანი ძნელი საჭმელია და სხვისი რა ვიცი. თუ იწვალებ, აქანეც კი გამოვა რამე. აგერ კაცმა "ვანა" მეიტანა ბაზარში, გოუშვა თევზი შით და ყიდის.

- მაგ "ვანაში" ნამყოფ თევზს მართლა ყიდულობს ვინმე? როგორც გურულები იტყვიან, "რაცხა ლამაზად" არ გამოდის ეგ საქმე. - ისთე ყიდულობს, რაფერც დაგიბარებია. მაგის მეტი თუ ულამაზო არაფერი გინახავს, შენ აგაშენა ღმერთმა! ქალი არ იყოს ულამაზო, თვარა თევზს რა უჭირს?! - სერიოზული სახით მეხუმრება გოგია ბიძია და მერე მართლა სერიოზულად ამბობს, - მაინცდამაინც "ვანაზე" რომ არ გავჩიჩინდე და ვინერვიულო, რაცხა წლები დამრჩა, იგიც რომ არ გამიშპეს, კაი ამბებზე ფიქრი მიყვარს, - მერე ქუჩაში მიმავალ თონის პურით პირგამოტენილ პატარა ლანჩხუთელ ბიჭებს მაჩვენებს, - რომ ვუყურებ, ნამეტანი კაი ბაღნები მოდიან მომავლიზა, მაგენი კი იზამენ რაცხა სასიკეთოს, - და ისევ ველოსიპედზე ამხედრებული მემშვიდობება.

მეც ვემშვიდობები და გულში მადლობას ვეუბნები ამ იმედიანი ლანჩხუთური "პაუზისთვის", რომელსაც შემთხვევით გადავეყარე და გული იმედით ამივსო. ამ დროს უკვე "გადარეული გურულის" ფეხებთან ვიღაც ლანჩხუთელი ბიჭი დგას, რომელიც, კაცმა არ იცის, რატომ იცინის. ალბათ, იმიტომ, რომ გოგია ღლონტივით ისიც კარგ ამბავზე ფიქრობს, რომელიც ამ პატარა ქალაქში მუდამ ხდება.