"რა შეგიძლია გააკეთო ჩემთვის - მეთქი", - ყველაფერიო, - მითხრა ღიმილით" - როგორ გაგრძელდა ქართველი გოგოსა და აფხაზი ბიჭის სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"რა შეგიძლია გააკეთო ჩემთვის - მეთქი", - ყველაფერიო, - მითხრა ღიმილით" - როგორ გაგრძელდა ქართველი გოგოსა და აფხაზი ბიჭის სიყვარულის ამბავი

"ახალი წლის შემოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ინტერნეტით დამიკავშირდა, ხმაურია, გარეთ გამოდიო. გავედი თუ არა, ჩემ წინ ტაქსიდან მაღალი ბიჭი გადმოვიდა და ჩემკენ წამოვიდა. მოულოდნელობისგან ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა. ეს ირაკლი იყო, აფხაზი ირაკლი, რომელმაც დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცია"

გაზეთის ნოემბრის ნომერში ვწერდით აფხაზ ბიჭსა და ქართველ გოგონაზე. ნათია აფხაზეთში სამუშაოდ წავიდა და სწორედ იქ გაიცნო ირაკლი. სეზონის დასრულების შემდეგ ქართველი გოგონა ენგურს აქეთ საქართველოში დაბრუნდა, თუმცა მათი ურთიერთობა გაგრძელდა - 31 დეკემბერს ირაკლი სოხუმიდან ბათუმში ჩამოვიდა.

სიყვარული დისტანციურად...

"მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან დავბრუნდი, ირაკლიმ სოცქსელში მომწერა: "ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი დაუგეგმავად ხდება, ისე, როგორც ქართველი გოგოს შეყვარებაო". მოკლედ, ერთი სული მქონდა, სამუშაო საათები დამთავრებულიყო და სოციალურ ქსელში ირაკლის წერილები წამეკითხა. ეს უხეში, ჩაკეტილ რეგიონში გაზრდილი, მხოლოდ სლენგზე მოსაუბრე ბიჭი თანდათან იცვლებოდა. ღამეებს ინტერნეტზარებსა და მესიჯების გზავნაში ვატარებდი. თითქმის მთელი ღამის უძილოს ძალიან მიჭირდა მუშაობა. ირაკლიმ მირჩია, თავისუფალი გრაფიკით მემუშავა ან საუბრისთვის კვირაში რამდენიმე დღე დაგვეწესებინა. შემდეგ გადაიფიქრა, ურთიერთობა ისედაც შეზღუდული გვაქვს და გრაფიკით სიყვარულს ვერ შევძლებო. დრო გადიოდა... შემდეგ ირაკლი ოჯახური ძალადობის თემაზე არსებულ პროექტში ჩაერთო და ქალების უფლებების დაცვაზე მუშაობდა, რითაც ძალიან გამაოცა.

პოლიტიკაზე არასდროს ვსაუბრობდით. ჯერ ერთი, ეს თემა სოციალურ ქსელებში ძალიან მკაცრად კონტროლდება და არ მინდოდა მისთვის პრობლემები შემექმნა, თანაც არ ვიცი, რა იქნება ხვალ ჩემს ცხოვრებაში.

ირაკლი იმ რესტორნის ამბებს მიყვებოდა, სადაც ვმუშაობდი. მომსახურე პერსონალისგან მოკითხვებს ვიღებდი.

ჩემი სიყვარულის ამბავს ვერავის ვუმხელდი. თავისუფალ დროს მთლიანად ირაკლის ვუთმობდი. ფილმებსაც ერთად ვუყურებდით, ონლაინში, თან განვიხილავდით, ვმსჯელობდით. ეს მონატრებას ცოტათი მიმსუბუქებდა...

ირაკლის მამამ თბილისის ერთ საავადმყოფოში იმკურნალა, მაგრამ ღვიძლი უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჰქონდა, ვერ გადარჩა. თბილისში მკურნალობისას თურმე ირაკლის დედა ქმარს თავზე ადგა. რამდენჯერმე მეც მქონდა თბილისში ჩასვლის შანსი, მაგრამ თავი შევიკავე, არადა, იქ დედაჩემს ნათესავები ჰყავს, სოხუმელები, დევნილობის შემდეგ თბილისში ცხოვრობენ და კარგი ურთიერთობა გვაქვსო, - მეუბნებოდა ირაკლი.

ერთ დღესაც, მეგობრის დაბადების დღის სუფრაზე ყოფნისას მომწერა, ჩემთან მინდა იყო, ახლა და სამუდამოდო. ვიფიქრე, სასმელი ალაპარაკებს-მეთქი და აღარ ჩავძიებივარ. თუმცა ამ თემაზე საუბარი განაგრძო, ორივემ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა ერთმანეთისგან. აფხაზი ბიჭები ქართველ გოგონებზე ხშირად ქორწინდებიანო. ეს უკვე სიგნალი იყო...

"რა შეგიძლია გააკეთო ჩემთვის", - ვკითხე ერთ დღეს. "ყველაფერი", - მითხრა ღიმილით...

შეხვედრა ბათუმში...

"რა გეგმები გაქვს ახალი წლისთვის?" - მკითხა ირაკლიმ. არაფერი, გავაკეთებ საცივს და გოზინაყს-მეთქი. ამბობენ, ბათუმი ძალიან ლამაზიაო, მითხრა. კი, ძალიან-მეთქი. ჰოდა, წადი, მეგობრებთან ერთადო... არ ვიცი, არა მაქვს განწყობა-მეთქი, - შევიშმუშნე და გონებაში ჩემს ფინანსებს გადავხედე, ორი-სამი დღით კი გავწვდები-მეთქი, გავიფიქრე...

მართლაც შევუდექი თადარიგს და სამი მეგობარი 31 დეკემბრის საღამოს ბათუმში ჩავედით. მანამდე მთელი დღე არ გამოჩენილა. მეც წასვლამდე საახალწლო სამზადისში დედას ვეხმარებოდი. უკვე ბათუმში ვიყავით, როცა ირაკლი ონლაინში გამოჩნდა, ახალ წელს სად უნდა შეხვდეთო. "ალის და ნინოს" ქანდაკება დგას ბათუმში, სიყვარულის ქანდაკება, და სიმბოლურად იქ შევხვდებით-მეთქი. მსმენია მასზეო, მითხრა და გაქრა...

ბათუმში მთელი დღე და ღამე გადაუღებლად წვიმდა. კაფეში გადავწყვიტეთ წასვლა. ირაკლისაც მივწერე, შეგვეცვალა გეგმა, გადაუღებლად წვიმს და კაფეში ვაპირებთ შეხვედრას-მეთქი, წაიკითხა, მაგრამ არაფერი მოუწერია.

ახალი წლის შემოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ინტერნეტით დამიკავშირდა, ხმაურია, გარეთ გამოდიო. გავედი თუ არა, ჩემ წინ ტაქსიდან მაღალი ბიჭი გადმოვიდა და ჩემკენ წამოვიდა. მოულოდნელობისგან ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა. ეს ირაკლი იყო, აფხაზი ირაკლი, რომელმაც დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცია.

სიხარულისა და მოულოდნელობისგან დამავიწყდა, რომ ქურთუკი და ჩანთა კაფეში დავტოვე. მეგობრები მირეკავდნენ, მე კი იმ წვიმასა და ქარში ბათუმის ქუჩებში ტაქსით დავდიოდი. ირაკლის იქაურობას დეტალურად ვაცნობდი.

რამდენიმე ადგილას პატრულმა არ შეგვიშვა, გრიგალმა დააზიანა და შესვლა სახიფათოაო. "ამ თავსხმაში გარეთ დგანან?" - მკითხა გაოცებულმა. "ჰო, ეგ არის მათი საქმე", - ავუხსენი მე. მძღოლი მიხვდა, რომ ჩემი მეგზური სტუმრად იყო. სოჭიდან არის-მეთქი, ვუთხარი. მერე კაფეში შევირბინე და ჩემი ნივთები გამოვიტანე, მეგობრებს არც დავუნახავვართ, ახალ ნაცნობებში ერთობოდნენ.

ირაკლი აღტაცებას ვერ მალავდა, აუ, რა მაგარია, აქაურობა ზღაპარს ჰგავს, "გუგლში" ნანახ ევროპის ქალაქებს მახსენებსო. ზუგდიდიც ძალიან მოსწონებია და სხვა ქალაქების ნახვაც აინტერესებდა. თითქოს ჯიბრზე, მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ მაინც ბევრი რამ ვნახეთ. ბოლოს კაფეში შევედით.

"რა იქნება ხვალ?" - ვკითხე მისი ნახვით გაბრუებულმა. შემდეგი გაჩერება ჩვენი სახლი იქნება, - მითხრა მან და ვიგრძენი, რომ ყელში უზარმაზარი ბურთი მომაწვა და გულისცემა შემიჩერდა, - ახლა მთავარია, ბარიერები გადავლახოთ, მე - ჩემს ოჯახში, შენ - შენებთან... დანარჩენს დრო გვიჩვენებს, - დასძინა და მაგიდაზე პატარა ყუთი დამიდო.

ორი დღის შემდეგ თბილისისკენ მომავალი ირაკლის ნაჩუქარ ბეჭედს ხელს არ ვუშვებდი და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი: "როგორ ვუთხრა დედას, როგორ გავუმხილო მამას, რას იტყვიან მეგობრები?"

იხილეთ ასევე: "ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა - ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა" - სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი