26 წლის ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

26 წლის ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით გარდაიცვალა

სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა, ახალგაზრდა ქალს გრიპის ნიშნები კლინიკურად ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სინჯი აღებული არ არის, დადასტურებულად შეუძლებელია ითქვას, რომ ის ე.წ. ღორის გრიპით არის გარდაცვლილი.

"სინჯი აღებული არ არის, როგორც ამბობენ, კლინიკურად იყო გრიპის ნიშნები, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ არის, რადგან სინჯი არ არის აღებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალს რამდენიმე კვირის წინ სამშობიარო კლინიკაში "ბაიები" საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. კლინიკიდან გაწერის შემდეგ მან კვლავ მიმართა სამშობიაროს, საიდან ღუდუშაურის საავადმყოფოში გაწერეს.

"ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა. მას ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა კლინიკა "ბაიებში" ჩაუტარდა. გაწერილი პაციენტი შემდეგ მიბრუნდა დამძიმებულ მდგომარეობაში, დაბალი ჰემოგლობინით და გამოკვლევებზე გამოუშვეს ღუდუშაურში. თუმცა, ძალიან მძიმედ იყო და სამწუხაროდ, შემოყვანიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში არც იწვა, მიმღებში გარდაიცვალა", - განაცხადეს პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი" სამშობიაროს კლინიკის "ბაიები" დირექტორს, ნია ონიაშვილს დაუკავშირდა.

"მე, როგორც გავიგე, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, თუმცა ლაბორატორიულად არის თუ არა ეს დადასტურებული, არ ვიცი. ჩემი პაციენტი არ იყო და დაზუსტებით ვერ გეტყვით", - განაცხადა ნია ონიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"