"პოლიტიკოსები ორცხობილასავით გამომხმარი ხალხია" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკოსები ორცხობილასავით გამომხმარი ხალხია"

"როდესაც მხოლოდ ძალაუფლებას ემსახურები და არა იდეალებს, არაფერი ხარ"

პოეტ რატი ამაღლობელთან საუბარი გასული წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენით - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობით დავიწყეთ.

- რატი, კულტურული თვალსაზრისით, როგორ შეაფასებთ გასულ 2018 წელს? ამ მხრივ, ალბათ, უმნიშვნელოვანესი მოვლენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო.

- ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს სწორედ ჩვენი კულტურის, ლიტერატურული, ინტელექტუალური წარმოჩენა. კულტურა, უპირველეს ყოვლისა, ლიტერატურასთან, წიგნსა და წიგნიერებასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ეს სრულყოფილად მოხდა ფრანკფურტში და ამის დასტურია გერმანული და მსოფლიო მედიის არნახული გამოხმაურება, გაყიდული ქართული წიგნების რაოდენობა, რომელმაც, ბოლო მონაცემებით, მოლოდინს გადააჭარბა. ეს მოვლენა ჩვენს ქვეყანაშიც მნიშვნელოვანი ინდიკატორი და იმპულსი უნდა იყოს სწორედ ჩვენი ლიტერატურის გარშემო კონცენტრაციისთვის. დიახ, ჩვენ ყველაზე მეტად წარმოვჩნდებით არა მარტო ექსპორტზე გატანილი სხვადასხვა ქართული ნაწარმით, მთავარი მაინც ლიტერატურა და კულტურაა, ვინაიდან ადამიანი როცა კითხულობს, მის მეხსიერებაში, მის ხსოვნასა და ინტელექტუალურ გამოცდილებაში ხვდები.

ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტი იყო, რომლის ბადალიც ბოლო წლებში არ მახსენდება. ვფიქრობ, ეს ყველაზე მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენი ქვეყნის ცნობადობას. ამ თვალსაზრისით, 2018 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო.

- "საბას" ლიტერატურული კონკურსის იდეის ავტორი ხართ. რას იტყვით მის როლსა და ფუნქციაზე, ემსახურება ის ლიტერატურული პროცესის გამოცოცხლებას? - გულწრფელად გეტყვით, ის, რაც 2018 წელს მოხდა ფრანკფურტში, "საბა" რომ არ ყოფილიყო 2002 წელს დაფუძნებული, ეს ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა. "საბა" სრულად ასახავს ჩვენს ლიტერატურულ რეალობას და მისი მიზანი იყო ჩვენს სოციალურ გარემოში გამოგვეცოცხლებინა თავისუფალი სიტყვა, არა სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა მედლით და ორდენით შეფასებული, არამედ თვითონ თავისუფალ საზოგადოებას - მწერლებს, პოეტებს, იდეოლოგიური კონიუნქტურის გარეშე მოეხდინათ მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე ყურადღების კონცენტრაცია. ეს იყო "საბას" მიზანი, ეს მოხდა ამ 16-17 წლის განმავლობაში და ფრანკფურტიც სწორედ ამისი შედეგი იყო. საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარდგენილი - თავისუფალი სიტყვა ახსენეთ... რა მნიშვნელობა აქვს სიტყვის თავისუფლებას საზოგადოებისთვის? პატრიარქმაც ბრძანა საშობაო ეპისტოლეში, რომ სიტყვის თავისუფლებით ადამიანები ხშირად ბოროტად სარგებლობენ. - არ ვაპირებ პატრიარქის სიტყვების ინტერპრეტაციას, ჩემი პოზიცია მაქვს: თავისუფლება ან არის, ან არა, განსაკუთრებით, სიტყვისა და გამოხატვის. ვფიქრობ, ადამიანი სწორედ სიტყვის თავისუფლებაში გამოხატავს საკუთარ თავს, საკუთარ არსებასა და რაობას. ამას, რასაკვირველია, ერთადერთი რამ აწონასწორებს და ეს არის პასუხისმგებლობა.

არა მგონია, ჩვენი აზრები, ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მსოფლგანცდა რაიმე კანონით იყოს შეზღუდული. ამ თვალსაზრისით თავისუფლების მომხრე ვარ თავიდან ბოლომდე.

- თქვენი აზრით, აქვს დღეს თანამედროვე მწერალს ერის მესაყვირის ფუნქცია და შეუძლია თუ არა მისი გამოფხიზლება? - ვფიქრობ, მწერალიც და პოეტიც, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი, საკუთარ აზრსა და პოზიციას გამოხატავდეს. ადამიანი საკუთარ თავთან არ უნდა ტყუოდეს. ხანდახან ჩვენ გვესმის, რომ ქვეყანა და ადამიანი საკუთარ ფიქრში, მოქმედებაში გახლეჩილია, ყველა ერისა და ქვეყნის სახელით გველაპარაკება. მგონია, ყველამ საკუთარი თავით, ფიქრითა და ქმედებებით უნდა დაადასტუროს მართალი პოზიცია.

- მწერლისა და მკითხველის ურთიერთობაზე რა აზრის ხართ? თანამედროვე მწერლობა იძლევა იმ საზრდოს, შემოქმედებით პროდუქციას, რაც მკითხველს და მის სულიერ განვითარებას სჭირდება? - რაც ლიტერატურა არსებობს, მუდმივად, ჰომეროსის და შექსპირის დროსაც იყო და ახლაც არის ეს პრობლემა - რომ თანამედროვე ლიტერატურა არ აძლევს მკითხველს საზრდოს.

თავისუფლება და ლიტერატურა ყოველთვის აშინებს იმ ხალხს, რომელსაც არ უყვარს თავისუფლება და ეშინია აზროვნების.

წელს განსაკუთრებით გამოჩნდა ფრანკფურტში, რომ საქართველოს, რითაც შეუძლია იამაყოს, ეს მისი ახალი და ძველი ლიტერატურაა. რასაკვირველია, დიდი მომზადება სჭირდება მკითხველს და კიდევ უფრო მეტი - მწერალს, რადგან თამასა, ანუ მოთხოვნები, რომელთაც საზოგადოება უყენებს ავტორს, ძალიან მაღალია.

- ერთხელ თქვით, არა გვაქვს ქვეყანა, მაგრამ გვყავს პოეტებიო. - დღეს მძაფრად დგას ქვეყანაში კანონის აღსრულებისა და თანასწორობის პრობლემა. კანონთან ყველანი თანასწორი ვართ, ხომ? მიმდინარე პროცესებს შევხედოთ და მივხვდებით, რომ ჩვენი მუდმივი სახელმწიფოებრივი პრობლემა სწორედ კანონთან პრობლემა, კანონის საკუთარ თავზე მორგება, კანონის მუშაობის სელექციურობაა, ვიღაც კანონთან თანასწორია, ვიღაც კიდევ უფრო თანასწორი და ა.შ.

- უახლეს პოლიტიკურ პროცესებს როგორ შეაფასებთ? - ვფიქრობ, საქმე გვაქვს სრულ უღირებულებობებსა და მიტოვებულ იდეალებთან. შევხედოთ, აბა, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, თუნდაც უმრავლესობას. რა იდეალები მუშაობს აქ, რა ღირებულებებთან გვაქვს საქმე? როდესაც ადამიანი მიატოვებს ღირებულებებსა და იდეალებს, ისინიც მიატოვებენ მას. ეს ადამიანები ორცხობილასავით გამომხმარი ხალხია. მე მათ ინდივიდუალურად არ ვეხები... როდესაც მხოლოდ ძალაუფლებას ემსახურები და არა იდეალებს, არაფერი ხარ. რამდენი ადამიანი გვახსოვს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომელიც არა იდეალების, არა ღირებულებების, არამედ ძალაუფლებისა და პირადი ინტერესების სამსახურში იყო. გავიხსენოთ უახლოესი წარსული - საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ჩინოვნიკები, რომელთა უმრავლესობაც სწორედ ამ პრინციპით, იდეალებისა და ღირებულებების გარეშე ემსახურებოდა ძალაუფლებას. რა უქნა მათ ისტორიამ, სად არიან ისინი? ამ მანკიერი წრიდან ვერც ჩვენი თანამედროვე და ძალაუფლებაში მყოფი ხალხი გამოდის. ეს მათ ყოველთვის უნდა ვუთხრათ.

ადამიანი ძალიან ცოდოა, როდესაც მიტოვებული აქვს იდეალები და ღირებულებები, მისი ცნობიერება და მთელი ქვეყანაც მიტოვებულ და დანაგვიანებულ სახლს ემსგავსება.

მთავარია სამართლიანობის, თავისუფლებისა და განვითარების პრინციპი. როცა ხელისუფლებაში მსგავსი არაფერი ხდება, ყველაფერი ჭაობდება. სამწუხაროდ, ამ ზღვართან მივდივართ, მაგრამ მაინც ოპტიმისტი ვარ და მგონია, რომ ნებისმიერ უძრაობას მოჰყვება მოძრაობა და აუცილებლად მივალთ განვითარებისა და პროგრესისკენ მიმავალ მოძრაობაში. თუმცა ეს მალე არ მოხდება.

- დღეს ყველაზე აქტუალურია მოსამართლეთა ე.წ. შავი სია, რაც თითქმის განხეთქილების ვაშლად იქცა სახელისუფლებო გუნდში. - გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი ეს შიდა ჭაობი, მაგრამ როგორც გარეშე მაყურებელი, ვიტყვი, რომ გარედან ჩანს ისევ ის მართვის პრინციპი - რაც შეიძლება სუსტი, რაც შეიძლება კომპრომეტირებული, რაც შეიძლება ღირებულებადაკარგული ადამიანები იყვნენ პოსტებზე, რათა მათი მართვა მარტივი იყოს და მათ იმგვარი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც "ერთ კაცს" ესიამოვნება.

- იმ "ერთმა კაცმა", "ოცნების" შექმნამდე თქვენ და ბასა ჯანიკაშვილი მრჩეველთა საბჭოში მიგიწვიათ. მას შემდეგ ივანიშვილთან კომუნიკაცია ან აზრთა გაცვლა-გამოცვლა თუ გქონიათ? - არა, ჩვენი ურთიერთობა მანამდე გაგრძელდა, სანამ "ოცნება" ჩამოყალიბდებოდა. ეს ურთიერთობა დაახლოებით 2012 წლის 1-ლ ოქტომბრამდე გაგრძელდა. დღესაც ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი იმ სისტემის მსხვერპლი იყო, რომლის არანაირი დემონტაჟიც შემდგომში არ მოუხდენია, პირიქით, თავის თავზე მოირგო. მაშინ, რასაკვირველია, მის შემოთავაზებულ სტატუსს დავთანხმდი. ესაა და ეს. მას მერე აღარ შევხვედრივარ. მგონია, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანზე არ უნდა იდგეს ქვეყანა. ის უნდა მიდიოდეს და იმართებოდეს პრინციპებით, რაზეც ადამიანები, საზოგადოება შეთანხმდება და არა რასაც ერთი ადამიანი შეითანხმებს.

2012 წლის მერე ქვეყანაში არსებობს პრობლემები, რომელთაც სჭირდება გადაჭრა, მაგრამ გადაჭრის ნაცვლად უფრო და უფრო გროვდება მათი ჩამონათვალი. საუბარია იმ მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე, რომლებიც ამ პოლიტიკურმა ძალამ აიღო და რომლებიც დღემდე არ გადაწყვეტილა.

სალომე ზურაბიშვილი

- სულ ახლახან საქართველოს მოსახლეობამ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. - არ მახასიათებს ინდივიდუალურად ვინმეზე ლაპარაკი. წეღან პრინციპებსა და ღირებულებებზე მოგახსენებდით. ვფიქრობ, ამ პრინციპისგან ძალიან შორს დგას ის პოლიტიკური პროცესი, რომლის მიხედვითაც დღევანდელი პრეზიდენტი დასახელდა და ამ პროცესში გახდა პრეზიდენტი.

- "ვწერ, ნიშნავს უკვე რაღაცას ვბედავ, უმჯობესია, მეტს რომ ვბედავდე"... რას გულისხმობთ "მეტად გაბედვაში"? - მგონი, ცოტა აბსტრაქტულად გამომივა, მაგრამ ვფიქრობ, ადამიანიც და ქვეყანაც მომავალს თვითონ ქმნიან შრომით, იდეალებითა თუ ღირებულებებით და მათ თავიანთ მოქმედებას შეუსაბამებენ. მომავალი ყოველთვის არის ისეთი, როგორსაც ჩვენ მოვინდომებთ, გავბედავთ და გავაცოცხლებთ."მეტად გაბედვაში" იგულისხმება პასუხისმგებლობა, თავისუფლებაც, შრომაც, აზროვნებაც, არა შიში რაღაცების. სამწუხაროდ, რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ამ მხრივ დიდი გარღვევა ვერ მოვახდინეთ. საზოგადოებამ თვითონ უნდა მართოს საკუთარი თავი, ეს არის ნამდვილი თვითმმართველობა. ჩვენი საზოგადოება საკუთარ თავს არ და ვერ მართავს, არის "ვიღაც სხვა" და ის მართავს. ასე რომ, ფართო გაგებით ჯერ კიდევ წინ არის სახელმწიფოებრივი თვითმმართველობა. ჩვენ თვითონ უნდა ვმართოთ საკუთარი თავი და მომავალი. ეს უნდა დაიბრუნოს საზოგადოებამ და ყველაფერი შესანიშნავად იქნება.