მშობელთა კრება - კვირის პალიტრა

მშობელთა კრება

"როდესაც მოსწავლე აკაკი წერეთელსა და კარლ მარქსს ერთმანეთისაგან ვერ არჩევს, როგორ არის მხოლოდ პედაგოგის ბრალი?"

"ეს თაობა ქუჩამ გაზარდა. როდესაც მაღალ მატერიებზე ველაპარაკები, მოსწავლეების თვალებში ცინიზმს ვხედავ"

მახსოვს, ჩემი მოსწავლეობის დროინდელი 1-ელი სექტემბერი, ფორმებში გამოწყობილები თითქმის ცარიელი ჩანთებით (მხოლოდ რვეულები და საწერ-კალამი გვეწყო) მივდიოდით სკოლაში და დღის ბოლოს წიგნებით დატვირთული ვბრუნდებოდით. ახალი წიგნი თუ არ შეგვხვდებოდა, ძველ სახელმძღვანელოს სკოლის ბიბლიოთეკარი გვაძლევდა.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. 1-ელი სექტემბერი 15-ში გადმოიტანეს, ფორმა გინდ ჩაიცვი, გინდ არა და მოსწავლეებს არც  წიგნებს ჩუქნიან (სოციალურად შეჭირვებულების გარდა). ერთი მოსწავლის სასკოლო წიგნებით უზრუნველყოფა ოჯახს დაახლოებით 150 ლარზე მეტი უჯდება. როგორც გავარკვიეთ, სკოლაში შებიჯების შემდეგ პრობლემათა ისეთი ჯაჭვი იწყება, რომლის გა(და)წყვეტას ბევრი მშობელი ვერ ახერხებს. ამ პრობლემებზე "კვირის პალიტრამ" მოწვეულ სტუმრებთან ე.წ. "მშობელთა კრებაზე" იმსჯელა.

ბაბო ხვედელიძე,  სკოლის ყოფილი დირექტორი, 57 წლის: "სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს კი აძლევენ საჩუქრად სახელმძღვანელოებს, მაგრამ ბავშვები, განსაკუთრებით - გარდატეხის ასაკში, ძალიან თავმოყვარენი არიან. კლასში მასწავლებელი რომ შევა და ეტყვის, წიგნს იმიტომ გჩუქნი, რომ ღარიბი და წყალწაღებული ხარო, ეს საშინელი დარტყმაა მოზარდისთვის".

ხათუნა მაღრაძე, ჟურნალისტი, 32 წლის: "ჩემი შვილი მე-6 კლასშია. ცხრა სახელმძღვანელო უნდა ვიყიდო, რაც დაახლოებით 120 ლარი დამიჯდება. ამას ემატება ჩანთა, რვეული, ფანქარი, სახაზავი და 150 ლარამდე ავდივარ. ერთი შვილი მყავს სასკოლო ასაკის და წარმომიდგენია, ახალი სასწავლო წელი როგორი ფინანსური დარტყმა იქნება იმ ოჯახებისთვის, სადაც 2-3 ბავშვი ჰყავთ".

ნანა ახალკაციშვილი, ექიმი, 43 წლის: "ჩემი სამივე შვილი სკოლის მოსწავლეა. ქმარი რომ არ მედგას გვერდით, იმდენად ძვირია წიგნები,  ვერ აუვიდოდი. წიგნები ხარისხითაც არ ვარგა. ინგლისურის მასწავლებელმა შარშან გვითხრა, წიგნის არჩევაში შევცდიო და წლის ბოლოს სხვა სახელმძღვანელო მოითხოვა. სხვადასხვა წიგნმა ისე აურია ბავშვებს თავგზა, ინგლისურად კითხვაც არ იციან".

ნარგიზი წერეთელი, გეოგრაფი, 61 წლის: "გეოგრაფიაში სამი გრიფირებული სახელმძღვანელოა. ავირჩიე ერთ-ერთი და ვასწავლი, მაგრამ თურმე ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებში სხვა სახელმძღვანელოდან შეიტანეს საკითხები. რადგან მოსწავლეს ეს სკოლაში არ უსწავლია, თუ რეპეტიტორთან არ მოემზადა, გაუჭირდება გამოცდის ჩაბარება".

გიგი ლომსაძე, ინჟინერი: "ამას წინათ ტელევიზიით აჩვენეს დიღმის სკოლა, სადაც თურმე 32 ვიდეოკამერა ყოფილა დამონტაჟებული. სკოლაში ფორმიანი და ხელკეტიანი მანდატურები შეიყვანეს. რატომ? რისთვის არის ეს ხალხი საჭირო?"

ელენე ფუტკარაძე, ისტორიკოსი, 43 წლის: "17 წელია სკოლაში ვმუშაობ და  თაობა, რომელიც დღეს სკოლაშია, ნგრევის პერიოდშია გაზრდილი და ძნელად გვიჯერებენ. მასწავლებელი მათთვის ავტორიტეტი არ არის. მშობლები საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ, ბავშვები კი ბებიების, ბიძებისა და მეზობლების ამარა არიან დატოვებული.

ეს თაობა ქუჩამ გაზარდა და სულ სხვა მენტალიტეტი აქვს. როდესაც მაღალ მატერიებზე ველაპარაკები, მოსწავლეების თვალებში ცინიზმს ვხედავ, - ეს ქალი რაზე გველაპარაკება, მე-20 საუკუნეშია ჩარჩენილი, ახლა სულ სხვა დროაო. ამ თაობის ბავშვები დაუნდობლები არიან ერთმანეთთანაც.

მე მოსწავლის გაჩხრეკის უფლება არა მაქვს. სამაგიეროდ, აქვს მანდატურს და ვფიქრობ, ეს სკოლაში დისციპლინას გააუმჯობესებს".

გიგი ლომსაძე: "მოითხოვეთ, რომ თქვენ მოგცენ მოსწავლის გაჩხრეკის უფლება. ჩემი მასწავლებელი მჩხრეკდა, ჯიბიდან რომ ამომიღებდა დანას, დაამტვრევდა და გადააგდებდა ხოლმე. რომ ბრძანეთ, დღევანდელი მოსწავლეები ქუჩაში არიან გაზრდილიო, ქუჩაში ჩემი თაობა უფრო იზრდებოდა, ღამის 12 საათზე ავდიოდით სახლში, მაგრამ, მეტყობა რამე რეციდივისტის?"

ელენე ფუტკარაძე: "ხშირად უფროსკლასელი ვაჟები საპირფარეშოში ეწევიან სიგარეტს. მე ვერ შევდივარ იქ, მანდატური კი შევა".

ნარგიზი წერეთელი: "რას ჰქვია, არ შეხვალთ! მოსწავლე რომ საპირფარეშოში ეწევა, იქ დირექციაც უნდა შევიდეს  და მასწავლებელიც."

გიგი ლომსაძე: "დიღმის სკოლაში მისული პრეზიდენტი მონიტორებს რომ უყურებდა, რამდენჯერმე იკითხა, ე.ი. სკოლაში ბნელი ადგილები აღარ იქნებაო? არ მინდა, ჩემს შვილს ვიღაცამ უყუროს ვიდეოთვალით. მას მასწავლებელმა უნდა მიხედოს და თუ რამეს დააშავებს, დამირეკოს. სკოლა ციხე ხომ არ არის? არ შეიძლება ბავშვის ასე დათრგუნვა!"

ელენე ფუტკარაძე: "იცით, სკოლაში რამდენ პრობლემას ვაწყდებით? რამდენ სკოლაში დაჭრეს ერთმანეთი მოსწავლეებმა და იჩხუბეს? ჩვენი ჯანმრთელობა, ენერგია და ნერვები ეწირება იმას, რომ სკოლაში დისციპლინა იყოს".

გიგი ლომსაძე: "ვისაც გინდა, დაევალოს სკოლაში წესრიგის დაცვა, დირექტორი იქნება, მასწავლებელი თუ ყარაული, მაგრამ ეს არ უნდა დაევალოს "პაგონებიან" და "დუბინკიან" მანდატურს. ვისაც მოსწავლის დამორჩილების  თავი არა აქვს, სკოლიდან მიბრძანდეს. ველოდები პირველ შემთხვევას, როდის გალახავენ მანდატურს და ამას რა მოჰყვება".

- ხშირად განსჯის საგანია პედაგოგის კვალიფიკაცია. კმაყოფილი ხართ პედაგოგების პროფესიონალიზმით, რომლებიც თქვენს შვილებს ასწავლიან?

ნანა ახალკაციშვილი: "სამწუხაროდ, სკოლაში არიან კარგი და სუსტი მასწავლებლებიც. ძალიან მომწონს საპატრიარქოს სკოლები და ჩემი შვილები ერთ-ერთ ასეთ სკოლაში გადავიყვანე. ვიდეოთვალი დერეფანში იქაც დგას, მაგრამ, ვფიქრობ, ზედმეტია. იქ ისეთი გარემოა, ვიდეოთვალის საჭიროება აღარ არის. ჩემი ახლობლის შვილი, რომელიც კარგი მოსწავლე იყო, ისე შეაშინეს ჩხუბითა და დანების ტრიალით, სკოლაში სიარულზე უარი თქვა. თუ ვიდეოთვალი ამ ვითარებას გამოასწორებს, მივესალმები".

ნიკოლოზ კაპანაძე, 53 წლის, ფიზკულტურის ყოფილი მასწავლებელი: "მასწავლებლის პატივისცემა ბავშვს ოჯახში უნდა ასწავლონ, მაგრამ თუ მასწავლებელი თავის დონეზე არ დგას, მას ვერც ვიდეოთვალი უშველის და ვერც მანდატური".

ავთანდილ წერეთელი, 66 წლის, სინოპტიკოსი: "ამ თაობის ფსიქიკაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა ქარტეხილებმა, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა. ეს ომის თაობაა. შვეულმფრენების პოლკში ინჟინერ-სინოპტიკოსად ვმუშაობდი და სამხედრო ფორმით მიწევდა სიარული. ერთხელ 5-6 წლის ბავშვმა მკითხა, ტყვია არ გაქვთო? ბატონო გიგი, თქვენი თაობა ამ ასაკში, ალბათ, კანფეტს მოითხოვდა.

ვიდეოთვალის დამონტაჟებამ და სკოლაში მანდატურების შესვლამ იქნებ რამე შეცვალოს სკოლაში, მაგრამ ვითარებას ვერ გამოასწორებს. კაცი, რომელიც მოსწავლეს მონიტორით უყურებს, ფიქრობს, მოზარდი კი არ აღვზარდო, არამედ როგორ დავსაჯოო. სკოლის გარეთ რომ გავა მოზარდი, მანდატური გაეკიდება თუ ვიდეოთვალი? რისი გაკეთებაც უნდა, სკოლის გარეთ მაინც გააკეთებს.

ამ თაობის აღზრდაზე არავინ იფიქრა, ტელევიზორშიც სისასტიკესა და ძალადობას უყურებენ. როდესაც მოსწავლე აკაკი წერეთელსა და კარლ მარქსს ერთმანეთისაგან ვერ არჩევს, როგორ არის მხოლოდ პედაგოგის ბრალი? ოჯახიც დამნაშავეა.  მოსწავლეს მანდატურმა კი არა, მასწავლებელმა და მშობელმა უნდა მიხედოს".

ბაბო ხვედელიძე: "რა მოხდა, თუ ბავშვი ცელქია. ჩემი შვილი ძალიან მოუსვენარი  იყო და ამის გამო სკოლაში დამიბარეს. ვუთხარი, ლობიო შვილის ყოლას, სულ  რომ არ მყავდეს, მირჩევნია-მეთქი. ბავშვის სიცელქე უფროსის შეურაცხყოფაში არ უნდა გადაიზარდოს და დანა არ დაარტყას თანატოლს, თორემ ბავშვი იცელქებს, აბა, რა იქნება?"

ხათუნა მაღრაძე: "მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეს კონკრეტული საგნის ინტერესი გაუღვიძოს ან დაუკარგოს. სკოლებში ძირითადად ორი კატეგორიის მასწავლებელია: 60 წელს გადაცილებულები, რომელთაც აქვთ კომპეტენცია, მაგრამ უჭირთ ბავშვების დამორჩილება, და 22-23 წლის, რომელთაც ისიც კი დაავიწყეს ჩემს შვილს, რაც დაწყებით კლასებში ისწავლა.

რატომღაც არაფერს ამბობენ სკოლაში არსებულ კორუფციაზე, რომელსაც ხშირად ვაწყდები. კლასის დამრიგებელი მშობლებს გვიბარებს კრებაზე და გვიცხადებს, ეს არ გახმაურდეს, მაგრამ ხომ იცით, მასწავლებლებს პატივისცემა რომ უნდაო. დაწყებით კლასში ერთი მასწავლებელი ჰყავდა ჩემს შვილს და მის  დაბადების დღეს კიდევ ავუდიოდით, მაღალ კლასებში კი ზოგიერთი საგნის მასწავლებელი მეუბნება, თქვენი შვილი სუსტია ჩემს საგანში და შემიძლია დავეხმაროო.

ეს ნიშნავს, რომ მასთან უნდა მოვამზადო. მშობლები, რომლებსაც არ უნდათ ბავშვის მომზადება, იძულებული არიან მასწავლებელს ძვირად ღირებული საყურე ან სხვა სამკაული უყიდონ და ამის შემდეგ იწყებს მოსწავლე ათიანების "მიღებას".  ერთმა მასწავლებელმა გამოაცხადა, სერვიზი და სხვა ჭურჭელი ბევრი მაქვს და არ მომიტანოთო. ე.ი. ოქროს სამკაული უნდა მიუტანონ".

ელენე ფუტკარაძე: "რასაც თქვენ ჰყვებით, ეს დანაშაულია და ამის გამო პასუხისგებაშია მისაცემი მასწავლებელი. ყველაზე სავალალო ის არის, რომ ბავშვებს სწავლა არ უნდათ".

გიგი ლომსაძე: "უმაღლესში ჩაბარებაზე თავს იკლავენ და სწავლა როგორ არ უნდათ?"

ელენე ფუტკარაძე: "მოსწავლეებს ვეუბნები, თუ არ ისწავლით, ვერ დასაქმდებით და ცხოვრება გაგიჭირდებათ. უცხო ენები ისწავლეთ. მხოლოდ ინგლისური კი არა, რუსული და გერმანულიც-მეთქი, მაგრამ ვერ ვატყობ, რომ ამან სწავლის ხალისი გაუღვიძა.

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ პირველი კლასიდანვე დაიწყოს ინგლისურის სწავლა. ბავშვმა ჯერ დედაენა უნდა ისწავლოს, აზროვნება მშობლიურ ენაზე დაიწყოს და მერე ისწავლოს უცხო ენა".

- განათლების მინისტრმა განაცხადა, ვინც ინგლისურის გამოცდას არ ჩააბარებს, დიპლომს  ვერ აიღებსო.

გიგი ლომსაძე: "ასეთი რამ ბოლშევიკებსაც არ მოუთხოვიათ. რომელ ევროპულ ქვეყანაშია ასეთი მოთხოვნა? ახლახან ჩამოვედი საფრანგეთიდან, იქ ძალიან ბევრმა არ იცის ინგლისური. თუ ჩემი შვილი კარგი ინჟინერი იქნება, რატომ არ უნდა მისცენ დიპლომი ინგლისურის გამო? რატომ უნდა იცოდეს დიდუბის რაიონის პოლიციელმა ინგლისური? შეიძლება ისე გავიდეს პენსიაში, ინგლისელთან ან ამერიკელთან საუბარიც არ მოუხდეს.

- რას ფიქრობთ ათასი ინგლისურის მასწავლებლის უცხოეთიდან მოწვევაზე?

გიგი ლომსაძე: "ჩოხატაურში ჩამოიყვანეს ერთი ავსტრალიელი ბიჭი, 2 მ და 5 სანტიმეტრია. სპორტსმენი ყოფილა. პედაგოგი რომ არ არის, ვიცი. რომ მოვუსმინე, რაღაც სხვანაირ ინგლისურს ლაპარაკობს და რა უნდა ასწავლოს მან ჩოხატაურელ ბავშვებს? ჩამოსულა აქ და გადარეულა, რა კარგ ქვეყანაში ცხოვრობთო. ქალმა, ვისთანაც ცხოვრობს, მითხრა,  იცი რა ბიჭია? ქართულ კერძებზე გადაირია, აჯიკა უყვარს განსაკუთრებითო. დარწმუნებული ვარ, ის ავსტრალიელი ბიჭი უფრო ადვილად ისწავლის ქართულს, ვიდრე ჩოხატაურელ  ბავშვებს ასწავლის ინგლისურს".

ბაბო ხვედელიძე: "წელს გამოცდებზე ცუდი შედეგი რომ აჩვენა, სწორედ "ბუჩქების თაობაა". ხვალ კიდევ ვინ იცის, რისი თაობა გვეყოლება. საქართველოში მშობლიური ენის ცოდნა აღარ არის სავალდებულო. ეკონომიკის მინისტრმა ამას წინათ გეოგრაფიის ნაცლად თქვა, ჯეოგრაფიაო და ვითომც არაფერი.

თურმე არ გვივარგა არც პროგრამა, არც სახელმძღვანელო და არც მასწავლებელი (ამათი სტატისტიკით ხომ მხოლოდ 12%-მა ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა). მინდა ხელისუფლებას მივმართო:

ბატონებო, ქუდი მოუხადეთ მასწავლებლებს! სანამ პედაგოგისადმი ასეთი დამოკიდებულება არ იქნება, მანამ გვექნება პრობლემები. სანამ პედაგოგობა ისეთი დაფასებული პროფესია არ იქნება, რომ მოზარდმა ინატროს, ნეტავ მასწავლებელი გავხდეო, მანამ არაფერი გვეშველება".