"დროა, მოსახლეობამ გაიგოს, რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა!" - კვირის პალიტრა

"დროა, მოსახლეობამ გაიგოს, რომ გრიპი სერიოზული დაავადებაა!"

რეკომენდაციები გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

როგორც ცნობილია, გრიპის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და აპრილამდე გრძელდება. ამ სეზონზე ე.წ. ღორის გრიპის გააქტიურების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე გარდაცვლილია 15 კაცი, რამდენიმე ასეული კი სტაციონარში მკურნალობს. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ არაოფიციალური სტატისტიკა ბევრად მძიმეა. მოკლედ, ამ საშიში ვირუსის შესახებ მითი და რეალობა ერთმანეთშია არეული.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელებამ იკლო, თუმცა თებერვალ-მარტში გრიპის გააქტიურების მეორე ტალღას ელოდებიან.

ქვეყანაში არსებული რეალური სურათის ასახვისთვის "კვირის პალიტრა" ესაუბრა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს, ექიმ-ეპიდემიოლოგ ხათუნა ზახაშვილს, რომელმაც საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვებს უპასუხა:

  • რა არის "ღორის გრიპი", რატომ ჰქვია ეს სახელი? ან რას წარმოადგენს, მაგალითად, "ქათმის გრიპი"?
- ე.წ. ღორის გრიპის ოფიციალური სახელწოდებაა A(H1N1)pdm09, "ღორის გრიპი" სახალხო, შერქმეული სახელია. ასე იმიტომ დაერქვა, რომ ღორს ემართება... ტერმინი "ქათმის გრიპი" კი არ არსებობს, მხოლოდ ქართული "ფენომენია". სინამდვილეში, ეს ფრინველთა სამყაროში გავრცელებული გრიპის კრებსითი სახელია. ის მრავალ ქვეტიპს მოიცავს და ფრინველისთვის ზოგი უფრო საშიშია, ზოგიც ნაკლებად. ფრინველის გრიპი ადამიანს შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ პირობებში დაემართოს, მაგალითად, დაავადებულ/მკვდარ ფრინველთან ხანგრძლივი კონტაქტისას, ადამიანიდან ადამიანს არ გადაეცემა. საქართველოში ფრინველის გრიპის ვირუსით ადამიანის ინფიცირების შემთხვევა არასდროს გამოვლენილა, მხოლოდ მკვდარ გედში გამოვლინდა, თუმცა 2006 წელს დაფიქსირდა თურქეთსა და აზერბაიჯანში. მაშინ სასიგნალო სისტემა ამუშავდა და ფრინველის გრიპთან დაკავშირებული საფრთხეების გამო მოსახლეობისთვის რეკომენდაციები გაიცა.

  • რატომ არის დღეს ასეთი პანიკა, "ღორის გრიპი" სხვა დროსაც ხომ გამოვლენილა საქართველოში? ჩვენ მოვიძიეთ სტატისტიკა და აღმოჩნდა, რომ გასულ წლებში უფრო მეტი მსხვერპლი ყოფილა, თუმცა ამ ინფორმაციას, ალბათ, საგანგებოდ არ ავრცელებდნენ. საზოგადოება ეჭვობს, რომ არც ახლა სახელდება ზუსტი მონაცემები - ნაცნობები ყველას გვყავს და ამ ვირუსით დაღუპულებისა თუ დაინფიცირებულების ამბავი სწრაფად ვრცელდება. თუ ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, სწავლა რატომ გადაიდო? როგორც ვიცი, საქართველოში ასეთი ფაქტი გრიპის ვირუსის გამო არ ყოფილა.
- დროა, მოსახლეობამ გაიგოს - გრიპი სერიოზული დაავადებაა, ის ერთდროულად ძალიან ბევრ ადამიანს აავადებს. დღეს მოცირკულირე A(H1N1) გრიპი საქართველოშიც და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშიც ვრცელდება. უმრავლესობა დაავადებას გადაიტანს და მე-7 დღეს გამოჯანმრთელდება, მაგრამ ერთი ნაწილი იმდენად მძიმედ ავადდება, რომ ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ზოგიერთს ინტენსიური თერაპია, ზოგიერთისთვის კი, სამწუხაროდ, საბედისწერო ხდება...

გრიპთან ასოცირებული სიკვდილიანობისთვის გამოიყენება ე.წ. შეფასებითი მეთოდები. თუ გადახედავთ მსოფლიო მასალებს, ზუსტი მონაცემი არსად სახელდება. სიდიდე ყველგან შეფასებითი და მიახლოებითია, თანაც შეფასება არ უნდა გაკეთდეს შუა პროცესში, ყველაფერს თავისი დრო აქვს. გარდა ამისა, პირადი ინფორმაციის გასაჯაროება კანონის დარღვევაა. რაც შეეხება სწავლის გადადებას, 2016 წელსაც შეჩერდა სასწავლო პროცესი. ასეთი ქმედების ეფექტი ავადობის ტალღის შენელებაა, ანუ დაავადებულთა რაოდენობა ზვავურად აღარ მოიმატებს.

  • ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარდაცვლილთა უმრავლესობას ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ფატალური დასასრულის მიზეზიც ეს გახდა. თუმცა, როგორც ამბობენ, ამ ვირუსმა სრულიად ჯანმრთელი მოქალაქეებიც იმსხვერპლა. რა არის გარდაცვალების მთავარი მიზეზი?
- ვიმეორებ: გრიპს ბევრი მშვიდობიანად გადაიტანს, თუმცა ზოგიერთისთვის გართულდება და მცირე ნაწილისთვის შეიძლება მომაკვდინებელიც იყოს. როდის გასაჯაროვდება სტატისტიკა, შეფასებითი მაჩვენებელი, როდის გახმაურდება პირადი ინფორმაცია და ა.შ., ამ საკითხებზე უკვე მოგახსენეთ.

  • რა განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებს ამ ვირუსს და რა განაპირობებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას?
- ეს ვირუსი პირველად მსოფლიოში 2009 წელს გამოჩნდა. ეს იყო XXI საუკუნეში პირველი პანდემია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) მონაცემებით, მხოლოდ ამ წელს მსოფლიოში გარდაცვლილთა რიცხვმა 600 000 კაცს მიაღწია. ისევ გავიმეორებ - გრიპი არ არის სახუმარო დაავადება! გართულება უმთავრესად ფილტვების ანთებაა, რომელიც შეიძლება იყოს პირველადად ვირუსული, ანუ გრიპის ვირუსით გამოწვეული, და მეორადი, ანუ ბაქტერიული. ამიტომაც ამის დადგენა და მართვა პროფესიონალებს უნდა მიანდოთ.

  • დავით სერგეენკოს თქმით, დაავადების ინტენსივობამ იკლო, თუმცა ერთ დღეში ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა 616-დან 845-მდე, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტთა რიცხვი კი 39-დან 44-მდე გაიზარდა. სიმართლე გითხრათ, ჯანდაცვის მინისტრის ეს "მათემატიკა" ვერ გავიგე - დაავადების ინტენსივობა შემცირდა, მაგრამ ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა გაიზარდა?
- ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი კუმულაციურად ითვლება და გრიპის გამო საავადმყოფოში მოხვედრილ პირს მეორე დღეს რომ ვერ გამოწერენ, ცხადია. მინისტრმა ეს მექანიზმი ახსნა.

  • რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის? ხელები რომ უნდა დავიბანოთ და ნიორი ვჭამოთ, ეს ისედაც ვიცით ბებიებისგან, მაგრამ პროფესიონალებისგან სხვა რეკომენდაციებს ველით.
- არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება გრიპის პრევენციის შესახებ არ არსებობს. ხელების დაბანა მართლაც შველის ინფიცირების შემცირებას. გრიპის გავრცელებისას ხელები ისედაც კი არ უნდა დავიბანოთ, ძალიან ხშირად უნდა დავიბანოთ! ნივრის რა გითხრათ და, გრიპის პირდაპირი პრევენციის ერთადერთი ეფექტიანი საშუალება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, არაპირდაპირი პრევენცია კი ჯანსაღი ცხოვრების წესი! უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ანუ ავადმყოფები სრულ გამოჯანმრთელებამდე შინ უნდა დარჩნენ. ხშირად გაანიავეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, დაასუფთავეთ შენობა სველი წესით, დაიცავით ხველის, ცემინების ეტიკეტი და თუ გაქვთ გრიპის სიმპტომები, დროულად მიმართეთ ექიმს!

  • როგორ მოვიქცეთ, თუკი აცრა დაგვიანებულია?
- მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური ეფექტიანობისთვის აცრა უმჯობესია გაკეთდეს გრიპის ვირუსის ცირკულაციის დაწყებამდე (გამოჩენამდე), ახლაც არ არის დაგვიანებული. აცრა დაავადების პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა.

  • ვინც უკვე გადაიტანა გრიპი, აცრის გაკეთებას აქვს აზრი?
- გრიპის გადატანის შემდეგ ორგანიზმს უვითარდება იმუნიტეტი, რომელიც საშუალოდ 6 თვე იცავს ადამიანს დაავადებისგან. თუმცა ეს იმუნიტეტი ტიპო- და ქვეტიპოსპეციფიკურია. მაგალითად, თუ გადავიტანეთ გრიპი, რომელიც გამოწვეული იყო A/H1N1 ტიპის ვირუსით, განვითარებული იმუნიტეტი არ დაგვიცავს B ტიპის გრიპისგან. ვაქცინაში 3 ან 4 სხვადასხვა ტიპის ვირუსია გაერთიანებული და ვაქცინით შეძენილი იმუნიტეტი ამ ყველა ტიპისგან გიცავთ!
  • როგორია H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გრიპის სიმპტომები? აუცილებლად სიცხემ უნდა აგვიწიოს თუ უსიცხოდაც მიმდინარეობს? ანტიბიოტიკი უნდა მივიღოთ? როგორ მივხვდეთ, თუ გრიპი რთულდება? ანალიზის გაკეთებას თუ აქვს აზრი? ამბობენ, ისედაც ცხადია, რომ 95% H1N1 ტიპის ვირუსიაო.
- H1N1 ქვეტიპის ვირუსით გამოწვეული სიმპტომები არ განსხვავდება გრიპის სხვა ვირუსებით გამოწვეული სიმპტომებისგან. გრიპისთვის დამახასიათებელი ყველაზე ხშირი სიმპტომებია: ცხელება, ხველა, სისუსტე, ოფლიანობა, სახსრების, თავისა და კუნთების ტკივილი. ექიმისგან დამოუკიდებლად სიცხის დამწევი საშუალებების მიღება შეიძლება, თუმცა დაუშვებელია კონსულტაციის გარეშე ანტიბიოტიკების გამოყენება. ანტიბიოტიკი გამოიყენება გრიპის გართულების სამკურნალოდ, რისი დიაგნოზიც ექიმმა უნდა დასვას.

რაც შეეხება ანალიზს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში დასტურდება გრიპის ვირუსის აქტიური ცირკულაცია, ზემოთ ნახსენები სიმპტომების არსებობისას კლინიცისტს შეუძლია ლაბორატორიული კვლევის გარეშეც დაუყოვნებლივ დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა.

  • რა შემადგენლობა აქვს გრიპის ვაქცინას და შეუძლია თუ არა გართულების გამოწვევა?
- გრიპის ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად ადაპტირდება გასული წლის განმავლობაში გავრცელებული შტამების შესახებ ინფორმაციის გაანალიზებით. ამის მიხედვით ხდება მომდევნო სეზონზე სავარაუდო წამყვანი როლის მქონე გრიპის ტიპების პროგნოზირება. როგორც წესი, გრიპის ვაქცინა სამ და ოთხ შტამს შეიცავს, რომელთა შორის ორი A ტიპისაა, ხოლო ერთი (ან ორი, ოთხკომპონენტიანი ვაქცინის შემთხვევაში) - B ტიპის. ვაქცინაციას შეიძლება მოჰყვეს მცირე გვერდითი მოვლენები, რომელთა შესახებაც ექიმი გაგაფრთხილებთ. ის, რომ გრიპის ვაქცინამ გამოიწვია გრიპით დაავადება, მითია! ეს ფიზიკურად შეუძლებელია!

  • რამდენ ხანს არის ე.წ. ღორის გრიპით დაავადებული ადამიანი საშიში გარშემო მყოფებისთვის?
- დაავადებული გრიპს ავრცელებს სიმპტომების დაწყებამდე 1 დღით ადრე და სიმპტომების დაწყებიდან საშუალოდ 1 კვირის განმავლობაში.

  • რა შემთხვევაში უნდა მიიღოს პაციენტმა "ტამიფლუ"? ამბობენ, რომ ბევრი უკუჩვენება აქვს, 3 წელი ღვიძლში ილექება და ანადგურებს ორგანიზმსო.
- "ტამიფლუთი" თვითმკურნალობა არ არის რეკომენდებული. მისი სარგებელი თუ ზიანი ექიმმა უნდა შეაფასოს. ანტიბიოტიკებსაც ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს, თუმცა მოსახლეობაში ნაკლებად ნეგატიურ განწყობას იწვევს, ვიდრე "ტამიფლუ". "ტამიფლუ" ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატია, რომელსაც დადასტურებულად აქვს გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება. მისი გამოყენებით ტარდება გრიპის ეტიოლოგიური მკურნალობა.

  • პროფესიონალები ამბობენ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში ინიშნება "ტამიფლუ" და რომ ჯერჯერობით მხოლოდ 180-მა კაცმა მოიხმარა. თუ ასეა, აფთიაქებიდან რატომ გაქრა, ყოველი შემთხვევისთვის ყიდულობენ?
- "ტამიფლუ" მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში არ უნდა ინიშნებოდეს, რადგან, როგორც გითხარით, გრიპის ეტიოლოგიური მკურნალობისთვის გამოიყენება და მოგეხსენებათ, გრიპი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არა გვაქვს ინფორმაცია, ვინ და რა მიზნით შეიძინა "ტამიფლუ".

  • თუ "ტამიფლუ" არა, მაშ, რა მივიღოთ?
- არსებობს სხვა ანტივირუსული პრეპარატებიც, მაგალითად, "რელენზა".

- ვირუსის გამოვლენის რომელი დღიდან არის ანტიბიოტიკი რეკომენდებული?

- გრიპით დაავადებულს ანტიბიოტიკი უნდა დაენიშნოს მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდგომ, მეორადი ბაქტერიული ინფექციის მკურნალობის მიზნით. შეგახსენებთ, რომ ანტიბიოტიკი გამოიყენება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ და არა ვირუსული ინფექციებისას, რომელთაც გრიპი განეკუთვნება.

  • უცხოეთში როგორ იქცევიან ამ ვირუსის შემოტევის დროს?
- ჩვენ მიერ მოწოდებული რეკომენდაციები უნივერსალურია მთელი მსოფლიოსთვის და ემყარება საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების გამოცდილებას. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში გრიპის ვაქცინაცია მოსახლეობის ფართო ფენებს აქვთ ჩატარებული და შესაბამისად, დაცული არიან მძიმე და ლეტალური შემთხვევებისგან. იმავდროულად, არსებობენ ქვეყნები, სადაც არავინ იცრება, ზოგიერთი ქვეყანა კი გრიპის შემთხვევების სამკურნალოდ ანტივირუსულ პრეპარატებს იყენებს, ჯერ არც სმენიათ ამ ტიპის პრეპარატების შესახებ.

  • არის თუ არა ეპიდემიის საფრთხე? თებერვალ-მარტში გართულების მეორე ტალღას ელიან...
- ამჟამად საქართველოსა და ჩრდილო ნახევარსფეროს ქვეყნებში გრიპის სეზონური მატებაა, რომელიც საშუალო ინტენსივობის დონეზეა და იმედია, აღარ მოიმატებს. თებერვალში შეიძლება გრიპის სხვა ქვეტიპი გააქტიურდეს. ამიტომ გრიპის მოცირკულირე ვირუსებზე ყოველკვირეულ მონიტორინგს ვატარებთ. რომელი ვირუსია აქტიური, საზოგადოება ცენტრის ვებგვერდის საშუალებით შეიტყობს.

  • თუ წელს გადავრჩით და გრიპის სეზონი გავაცილეთ, მომავალი წლისთვის როგორ მოვიქცეთ?
- გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არასდროს არ არის გვიან. ვაქცინაცია ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს. აიცერით და იყავით დაცული!