ოზურგეთელი ნიკალა - კვირის პალიტრა

ოზურგეთელი ნიკალა

ამბავი ობოლ ბიჭზე, რომელსაც ბავშვობის მოგონებებმა ჩვენთვის ზღაპარივით "ზამთრები" დაატოვებინა

შეიძლება ზოგიერთი არც დაჰკვირვებია, მაგრამ ყველა ხელოვანს თავისი საყვარელი თემა აქვს. სწორედ ასეთი თემებიდან იქმნება ის, რაც ჩვენ ისევე გვჭირდება სულის საკვებად, როგორც პური - საარსებოდ.

გურიის ერთ პატარა და ძალიან ლამაზ სოფელ ბოხვაურში ისეთი მხატვარი ვიპოვე - გერონტი ღლონტი, რომელსაც ყველაზე ძალიან ზამთრის ხატვა ჰყვარებია. უფრო სწორად, ვიპოვე მხოლოდ ნახატები - თვითონ ამქვეყნად აღარ არის. თოვლით დაფარულ ტილოებს უცნაური სითბო აქვს - აი, ისეთი, ოდესმე ყელამდე თოვლში რომ გაგივლიათ და ძალიან მოგნდომებიათ, პალტო გაგეხადათ, თოვლზე გულაღმა დაწოლილიყავით და ფიფქებისთვის დიდხანს გეცქირათ.

როცა სოფელში ვიკითხე, ეს მხატვარი ვინ იყო-მეთქი, გაიკვირვეს, როგორ არ იცი, ეგ ხომ ოზურგეთელი ნიკალა იყო, ძალიან ლამაზი ნახატები აქვს, მაგრამ ყველაზე ლამაზად მაინც ზამთარს ხატავდაო. მერე დაამატეს, მთელ საქართველოში ყველაზე მეტი ზამთარი მაგას აქვს დახატული, თანაც აბა, კარგად დააკვირდი, თუ მისი ნახატები შობის ღამის ზღაპრებს არ ჰგავსო.

უსათუოდ დავაკვირდები, რადგან ზამთარი და შობა მეც ძალიან მიყვარს-მეთქი, ვთქვი და მხატვრის სახლის კარი შევაღე. იქ მისი მეუღლე - ზოია ბებო და მხატვრის შვილიშვილები დამხვდნენ. ზოია ბებოს ვთხოვე, მინდა, იმ მხატვარზე მიამბოთ, ვინც ასეთ თბილ ზამთრებს ხატავდა-მეთქი. მოხუცმა გურული ჯორკო გამომიწია, მხატვრის შვილიშვილებიც გარს შემომისხდნენ და ზამთრის ზღაპარივით ამბავი მოვისმინე ობოლ ბიჭზე, რომელსაც ბავშვობის მოგონებებმა ჩვენთვის ზღაპარივით "ზამთრები" დაატოვებინა.

ზოია ბებო დინჯად მიამბობდა:

- ჩემი მეუღლე მთიან სოფელში დაიბადა, სადაც ზამთრობით ხელისგულისოდენა ფანტელებით თოვს. როცა ძალიან დიდი თოვლი მოვიდოდა და გარეთ გასვლა აღარ შეიძლებოდა, თურმე დედა მუხლებზე დაისვამდა და ზამთრის ღამეებში თავის შეთხზულ ზღაპრებს უყვებოდა. მერე დედაც მოუკვდა და მამაც და მხოლოდ ზამთრები დარჩა თავისი ბავშვობიდან. როცა თოვლი მოდიოდა, ბავშვივით ხარობდა, როცა თოვლი აღარ იყო, ზამთრებს ხატავდა. დამიძახებდა და მკითხავდა, აბა, როგორ მოგწონსო? მისი ყველა "ზამთარი" სულს ისე მითბობდა, აბა, როგორ დავიწუნებდი?! - მერე კი მეუღლის დახატული ყველა ზამთარი დამათვალიერებინა.

მინდა, ამქვეყნად ობლები აღარ იყვნენ და თუ იქნებიან, ბედნიერი მომავალი ჰქონდეთ, ისე ლამაზად იცხოვრონ, როგორც ეს კეთილი მხატვარი ცხოვრობდა გურიაში.