"ბობოქარი ვნებებით სავსე შეხვედრას სწორედ საწოლის ქვეშ გატრუნული დაესწრო... მრისხანე ბერიამ ყველაფერი გაიგო" - კვირის პალიტრა

"ბობოქარი ვნებებით სავსე შეხვედრას სწორედ საწოლის ქვეშ გატრუნული დაესწრო... მრისხანე ბერიამ ყველაფერი გაიგო"

ვერიკო ანჯაფარიძე მზეს ჰგავდა. არა მარტო იმიტომ, რომ კაშკაშა ვარსკვლავი იყო და მისი ნიჭიერების "ორბიტაზე" სპეციალურად იქმნებოდა და იდგმებოდა სპექტაკლები... არც მხოლოდ იმის გამო, რომ დიდი სახლის ზღურბლთან იდგა, როგორც დიდი მასპინძელი და თავისი თანამედროვე ეპოქის ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ადამიანს მასპინძლობდა... მისი სახლი ისეთივე ცენტრი იყო კულტურის მოყვარულთათვის, როგორიც მზის სისტემისთვის მზეა... ის ერთდროულად აცოცხლებდა და წვავდა არა მარტო სცენაზე, ცხოვრებაშიც და აბა, როგორ არ შეადარებ მზეს...

რაღას არ ამბობდნენ მასზე: "თუ ვერიკოს არ უნდოდა, ნებისმიერ მსახიობს მოახსნევინებდა სპექტაკლიდან"... "ვერიკოს რომ აწყენინებდა, რაც უნდა დიდი მსახიობი ყოფილიყო, თეატრს დაატოვებინებდნენ"...

და ამასთანავე: "ვერიკოს შეეძლო დიდი ვაჟკაცივით დამდგარიყო და პოლიტიკურად მიუღებელი კაცი, "საშიში" - როგორც მაშინ ეძახდნენ, შინ მიეღო."

"ვერიკო დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდა"...

ვერიკო ანჯაფარიძე ტრაგიკულ სახეებს ქმნიდა სცენაზე და სპექტაკლების შემდეგ, როცა აღფრთოვანებული საზოგადოება ჩურჩულით არჩევდა ჭორ-მართალს მისი თეატრში და თეატრს მიღმა განვლილი ცხოვრების შესახებ, არავინ ამბობდა ერთადერთ ყველაზე მართალ ფრაზას, რომ ვერიკო ტრაგიკული ადამიანი იყო. მერე რა, რომ მის "სიკაშკაშეში" ეს ნაკლებად იკითხებოდა...

დიდი არტისტის გარდაცვალებიდან ლამის ოცი წლის მერე ჭაბუა ამირეჯიბის რომანი დაიბეჭდა, "გორა მბორგალი", სადაც ერთი მონაკვეთი ვერიკო ანჯაფარიძისა და ჭაბუას ბიძის - შალვა ამირეჯიბის სიყვარულს ეხებოდა.

"ტრაგედია იწყება იმით, რომ მწერალს მსახიობი ქალიშვილის გარდარეული სიყვარული შეეყარა და კარგა ხნის დაჟინებული ტრფიალის შემდეგ ქორწინება შესდგა. იქორწინეს, ცხოვრობდნენ, მოღვაწეობდნენ, საზოგადოების გამახვილებული ყურადღება არ მოჰკლებიათ, პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდნენ, სანამ... საქართველო გასაბჭოვდებოდა!

ერთი სოციალისტები მეორე სოციალისტებმა შესცვალეს. მწერალი იმ სოციალისტებსაც კი ედგა ოპოზიციაში, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს დროშით აპირებდა სამართლიანი საზოგადოების შექმნას და საქართველოს მომავალს რუსეთის მრავალეროვანი სახელმწიფოს ფარგლებში გულისხმობდა? ორიოდე დღე დასჭირდა იმას, რომ მწერალი დევნილ პირად ქცეულიყო, ხოლო ახალგაზრდა, ცნობილი მსახიობი ქალი - არსებული ხელისუფლების "მოსისხლე მტრის" მეუღლედ და თანამგზავრად. ასეთ ვითარებაში ორთავეს თავისი ადგილი უნდა ეძებნა და ასეც მოხდა. მწერალმა აჯანყების მზადების ერთ-ერთი ხელმძღვანელის როლი იკისრა.

ცოლს არ აპატიმრებდნენ, სატყუარად ჰყავდათ, - ქმარი, როცა იქნება, ცოლისა და შვილის სანახავად მოვა და ავიყვანთო... მის ბინაში დღედაღამ ჩეკისტები მორიგეობდნენ. ქალმა მწერალი მიატოვა, მოქანდაკეს გაჰყვა და ამით თავი იხსნა. სხვა რა უნდა ექნა?.."

და როცა ვერიკომ მიხეილ ჭიაურელთან ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა, როცა შეყვარებულმა ნიჭიერმა მოქანდაკემ, მსახიობმა (მაშინ ჯერ რეჟისორი არ იყო), პირველი ამბორის ადგილას სახლის აგება აღუთქვა სატრფოს, ერთბაშად ალაპარაკდა სამყარო. ჰყვებოდნენ, როგორ თავდავიწყებით უყვარდა ვაჟს ქალი, როგორ რომანტიკულად ხვდებოდნენ ერთმანეთს ფიქრის გორაზე...

რა ბედნიერი იყო ერთიცა და მეორეც... ერთი-ორი კაცის გარდა არავინ ახსენებდა, რომ ამ დროისათვის ვერიკო უკვე ღრმად ტრაგიკული ქალი იყო, გაშორებული იყო მეუღლესთან, რომელსაც წრფელი გულით სცემდა პატივს და გარდაცვლილი ჰყავდა პატარა შვილი...

ვერიკოს "მზის მცხუნვარებაში" მისივე ტრაგიზმიც ჩაინთქა... ბედნიერი მიხეილ ჭიაურელი ჰყვებოდა დაუოკებელ გრძნობაზე, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა:

"ვიღაცამ დაიძახა, - აგერ, მგონი, ვერიკო მოდისო. რამ ამაღელვა მაშინ, ვერ ავხსნი... მე თვითონ გაკვირვებული ვარ... ალბათ არსებობს რაღაც აუხსნელი წინასწარი გრძნობა, რომლის დაძლევა ძნელი ხდება. ვცდილობდი, ოდნავადაც არ შემმჩნეოდა მღელვარება. შეუმჩნევლად გადავიხედე და... მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯით.

ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. უკან მოსდევდა რამდენიმე კაცი. სიჩუმე ჩამოვარდა. არაჩვეულებრივი მაღალი ყელი. ვერ გაიგებდი, ვის უყურებდა. ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა. ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას!

მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა!.."

ლექსის წაკითხვას სთხოვენ, ვერიკო უარზეა... მერე მიხეილ ჭიაურელიც სთხოვს... და უცებ ის ლექსის წაკითხვას იწყებს! აღფრთოვანებული მსმენელი ტაშს უკრავს.

"მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე. ადამიანის წონასწორობის დასაკარგავად განა ბევრია საჭირო? და ჩემში დაიწყო ახალი დიდი სამყარო, ის არ ჰგავდა ჩვეულებრივს..."

მალე ყველაფერი შეიცვალა: დიდი ოჯახი, შვილები, საქმე, რომელსაც აკეთებდა მთელი გულითა და დიდი წარმატებით, მეუღლე, რომელიც სტალინს მოსწონდა არა მარტო როგორც რეჟისორი, არამედ როგორც მეგობარი... ჰოდა, ცხოვრება თითქოს ბორბლებზე შედგა და აღმა აგორდა...

სოფიკო ჭიაურელი ღიმილით ჰყვებოდა, - დედა ხულიგანი იყოო... ეგრე რომ არ ყოფილიყო, როგორ გაბედავდა, რომ ერთხელ, როცა ლავრენტი ბერიას მისი მეგობარი მსახიობი მოეწონა და შინ ეწვია, ვერიკო საწოლის ქვეშ დაიმალა... ბობოქარი ვნებებით სავსე შეხვედრას დაესწრო სწორედ საწოლის ქვეშ გატრუნული... მერე როგორ მოხდა, არ ვიცი, მაგრამ მრისხანე ბერიამ ყველაფერი გაიგო. საქმე იმდენად გართულდა, რომ არა მიხეილ ჭიაურელის სახელი და გავლენა, ციმბირს უკან დაატოვებინებდნენ...

ეს მართლაც უმართავი არსება, რომელსაც შეეძლო თამამად ეთქვა თავისი სიტყვა, მეორე მხრივ, შეიძლებოდა უნაზესი ქალიც ყოფილიყო, რომელსაც დედობრივი გრძნობა მარტო შვილების მიმართ კი არა, უცხოებისადმიც ჰქონოდა.

დუხჭირი წლები იდგა, ხალხს უჭირდა საჭმლის ყიდვაც კი. ვერიკო ანჯაფარიძემ ახალგაზრდა მსახიობები თავისთან მიიწვია და მარწყვით გაუმასპინძლდა. სიამოვნებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდებს, რომლებსაც, რომ არა მისი მასპინძლობა, შეიძლებოდა დიდხანს მონატრებოდათ მარწყვი, ამდენი კი არა, სულ ერთი პეშვიც არ ჰქონოდათ...

წარმოგიდგენიათ, რომ მცხუნვარე მზე დაბერდეს? ჰოდა, ვერიკოც ვერ ბერდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კანი ძველებური აღარ ჰქონდა, თმაც გაუჭაღარავდა, მაგრამ მაინც "ახალგაზრდობდა".

საქართველოში ჩამოვიდა ტორემანი - შვეიცარიელი მსახიობი, ტანადი და თვალადი, ნიჭიერი... თეატრის დირექტორმა, - გოგონებო, რიგში ჩადექით, ტორემანი ყველას ცალ-ცალკე მოგესალმებათ და გაკოცებთ კიდეცო. ფოიეში რიგი დადგა. მხიარული უცხოელი არტისტი მშვენიერ ქართველ მსახიობებს პირადად ესალმებოდა. ისმოდა სიცილი. დერეფანში ვერიკო ანჯაფარიძე გამოვიდა. ასაკოვანმა არტისტმა ღიმილით უყურა ფოიეში დატრიალებულ ამბებს.

მერე რამდენიმე წუთით გაუჩინარდა... და გამოვიდა სრულიად ახალგაზრდა, მგზნებარე, მზესავით მწველი ქალი ფოიეში. ტორემანმა ყველას თავი ანება და მისკენ გაემართა. ჯერ ემთხვია, მერე კი ხელში აიტაცა მშვენიერება, რომელსაც ვერაფერი შეედრებოდა...

ასეთი იყო... და იყო სხვანაირიც - მდუმარე, თავის ფიქრებში ჩაძირული, ტრაგიკული...

"მსახიობი ქალი სიცოცხლის ბოლო წლებში ზაფხულობით ქვიშხეთში ისვენებდა ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო უფრო მოხერხებულ და პრესტიჟულ კურორტებს სწვეოდა. საქმე ის არის, რომ მან და მწერალმა აქაურ პატარა ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. ეკლესია მწერალთა დასასვენებელი სახლის გვერდით დგას - ძველისძველი, მოუვლელი, მიტოვებული. მსახიობი დიდხნობით იდგა ხოლმე ზურგით სამყაროსაგან. იდგა კედელზე შუბლმიდებული და გარინდებული.

რისა უნდა ყოფილიყო ის გარინდება? ცხოვრების სიმუხთლეთაგან ნაბოძები ცოდვების მონანიებისა, პირველი ქმრის უკუღმართი იღბლის დატირებისა თუ სიბერის გლოვისა" ("გორა მბორგალი", ჭაბუა ამირეჯიბი)?