რატომ დახვდათ მცხეთის ჯვრის მონასტერი მომლოცველებს და ტურისტებს დაკეტილი? - კვირის პალიტრა

რატომ დახვდათ მცხეთის ჯვრის მონასტერი მომლოცველებს და ტურისტებს დაკეტილი?

მცხეთის ჯვრის მონასტერი დღეს დილიდან მომლოცველებს და ტურისტებს დაკეტილი დახვდათ. ჩაკეტილია როგორც მონასტერის ეზოში შესასვლელი, ასევე ტაძრის კარიც.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილზე მყოფმა გარემოვაჭრეებმა განუცხადეს, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ბერებმა მიიღეს. მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ ბერებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც სავაჭრო ჯიხურებია ჩადგმული, სურთ კელიის აშენება, რისი საშუალებაც მათ ამ დრომდე არ მიეცათ და პროტესტის ნიშნად მიიღეს ტაძრის დახურვის გადაწყვეტილება.

აღნიშნულმა ფაქტმა ასევე უკმაყოფილება გამოიწვია მომლოცველებსა და ტურისტების ნაწილში, რომლებიც ტაძარში შესვლას დილიდან ვერ ახერხებენ, თუმცა ნაწილი ტაძრის ეზოში კლდოვანი ფერდობიდან გადასვლას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფერდობი შემოსაზღვრულია ღობით, ხოლო იქ გადასვლა აკრძალულია.

მონასტრის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე არ იმყოფებიან სასულიერო პირები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მცხეთის ჯვრის მონასტრის ჩაკეტვისა და მასში მლოცველებისა და ტურისტების არშეშვების მიზეზი, ტაძრის ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ შექმნილი ვითარება გახდა.

"ინტერპრესნიუსი"