"21 სექტემბერს დაგვირეკეს, რომ ტასო დაიღუპა. მაშინ ვჭამე პირველად ის მიწა, რომელმაც ასე გაგვამწარა" - კვირის პალიტრა

"21 სექტემბერს დაგვირეკეს, რომ ტასო დაიღუპა. მაშინ ვჭამე პირველად ის მიწა, რომელმაც ასე გაგვამწარა"

"მე სიკვდილის გარდაუვალობის დანახვამ შემმატა ძალა. სამშობლოს სიყვარული უფრო მეტი იყო, ვიდრე ამ კაცუნების ზიზღი ჩვენდამი", - ეს ქალბატონ მარინა ნაჭყებიას სიტყვებია. ის ახლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილიშვილს, 14 წლის ლევანიკოს ზრდის, სოხუმში საკუთარი ხელით დაკრძალულ ძმას, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერს, აქვსენტის, იგივე ტასო ნაჭყებიას, სანთელს ჩვენი გმირების მემორიალთან უნთებს, თბილისში მისი სახელობის პატარა

ქუჩაზე ამაყად დადის და აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებას ელოდება.

ომის მინიშნებები

- 1977 წელია, სოხუმში მაშინდელ ლენინის მოედანთან ჩემს შვილს, დათოს, ეტლით ვასეირნებ. მთავრობის სახლთან ავტობუსები გაჩერდნენ და იქიდან ფაფახიანი კაცები ჩამოვიდნენ. ცოტა ხანში რამდენიმე ათეულმა კაცმა მოიყარა თავი. ამ სურათმა რატომღაც ძალიან შემძრა და სკამზე ჩამოვჯექი. გვერდით მოხუცი კაცი მომიჯდა, "ბაბა, ქართველი ხარ?" - მკითხა. როცა დარწმუნდა, რომ ქართველი ვარ, განაგრძო, - ამათ ხომ უყურებ? ეს ომის სუნია, იცოდე! ეგენი ჩვენს ენას ძაღლის ენას უწოდებენ, ეგენი ჩვენი მტრები არიან, დაიმახსოვრე"... რა უნდა მეთქვა, აფხაზებმა ქართულიც მშვენივრად იცოდნენ და მეგრულიც, მაგრამ არასდროს გველაპარაკებოდნენ ჩვენს ენაზე... ისინი ჩვენს ენას "საბაჩი იაზიკს" უწოდებდნენ. შინ მისულს, ბაბუაჩემის ნათქვამი სიტყვები ამომიტივტივდა. მაშინ ბავშვი ვიყავი და ბებია-ბაბუასთან ოჩამჩირეში ვისვენებდი - "აბრაგებ მურსია, ბაბა"... ("აბრაგები მოვლენ, ბაბუ").

ომის დაწყებამდე სოხუმის პურის ქარხანაში, "კოლოსში", ვმუშაობდი ეკონომისტად. ქართველების გარდა, აფხაზები, სომხები, რუსები, ბერძნები მუშაობდნენ. მე და ანია არშბას საერთო სამუშაო ოთახი გვქონდა. ერთხელაც ანია მეკითხება, "მარინა, ესლი ნაჩნიოტსია ვაინა, ტი სკემ ბუდეშ, ს აბხაზცამი ილი ს გრუზინამი?" დაბნეულობისგან ჯერ გამეცინა, მერე კი, ანია, რას ამბობ, ვერ წარმომიდგენია ომი ჩვენ შორის-მეთქი, ვუპასუხე. ის ხომ ჩემი მეგობარი იყო - ერთმანეთთან სტუმრად დავდიოდით... არავინ იცის, რა მოხდებაო, მიპასუხა ცივად. შინ მისულმა მეუღლეს, თენგოს ვუამბე ჩვენი დიალოგის შესახებ, ეგ იყო და ეგ. მივივიწყეთ ეს ინციდენტი, მაშინ ვერ მივხვდი, რომ ბედისწერამ მინიშნება მომცა, მე კი თვალი დავხუჭე.

ომის პირველი დღე

1992 წლის 14 აგვისტოს სამსახურამდე ბანკში შევიარე, ბანკის უფროსისგან, სვეტლანა არშბასგან ხელმოწერა მჭირდებოდა, მისი კაბინეტის კარი ჩაკეტილი დამხვდა, თუმცა ოთახიდან საუბრის ხმა მესმოდა. ამ დროს ქუჩიდან ყვირილი გავიგონეთ, "ვაინა ნაჩალას!" წამში მშვიდი, სრულიად ჩვეულებრივი ქუჩა ქაოსმა მოიცვა. ინსტინქტურად ტაქსის დავუწყე ძებნა, რომ შინ რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებულიყავი, ერთხანს უიმედოდ ვიდექი იმ შეშლილ ქუჩაზე, მერე გავიგონე, "მარინა ტი კუდა, დავაი, სადის". ჩემი კარის მეზობელი იყო, ვალერა დელბამ მანქანის კარი გამიღო. გზაში ხმა არ ამოგვიღია, მერე უცებ: "მარინა, ვსიო ეტო ტვაი გრუზინი დელაიუტ!", მითხრა. არ გრცხვენია, ჩემად და შენად როდის აქეთ გავიყავით-მეთქი... ეს იყო მე და ჩემი კარის კარგ მეზობელს შორის ბოლო საუბარი.

ომის ხმა

ჩემმა ძმამ ტასომ მე და ჩვენს დას გვითხრა, რომ დედაჩვენი და ჩვენი შვილები წაგვეყვანა და გავხიზნულიყავით. სოხუმიდან გახიზვნაზე ლაპარაკიც არ მსურდა. ყველა ჩემს აზრს იზიარებდა, ამიტომ დავრჩით. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რას ნიშნავს ომი... ჩემს მეზობლად ელერდაშვილების ოჯახი ცხოვრობდა. მსახიობების ოჯახი სოხუმში თბილისიდან განაწილებით ჩამოვიდა და დაფუძნდა. მათი ვაჟი, ვახტანგი, ოჩამჩირეში იბრძოდა. ერთ დღესაც შევიტყვეთ, რომ მისი ტანკი ააფეთქეს და ვახტანგი ტანკში ჩაიწვა. მამამ, ბატონმა ომარმა, იმ დღეს უთხრა ჩემს მეუღლეს, ბიჭს ჩამოვასვენებ და ჩემი სიცოცხლეც დასრულდებაო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ქმარს ის არც ერთი წუთით არ დაუტოვებია, მისი გადარჩენა მაინც ვერ მოახერხა, ვახტანგის ნეშტის გადმოსვენებამდე ომარი მეცხრე სართულიდან გადახტა. იმ დღეს გავიგონეთ ომის ხმაც და მისი საშინელებაც გავიაზრეთ. იმ უშავეს დღეს ვნახე პირველად ჩვენი სამხედროებიც, რომლებიც სამძიმარზე მოდიოდნენ, მაშინ ვნახე პირველად გენო ადამიაც. როცა მამა-შვილი ელერდაშვილები თბილისში გადმოასვენეს და ისევ წავედი სამსახურში, ანია არშბა იქ აღარ დამხვდა. გაგრძელება