"ამბობს ხოლმე: აღარ შემიძლია, სიკვდილი მირჩევნიაო..." - როგორ გრძელდება, კომიდან გამოსული ახალგაზრდა ქალის ცხოვრება - კვირის პალიტრა

"ამბობს ხოლმე: აღარ შემიძლია, სიკვდილი მირჩევნიაო..." - როგორ გრძელდება, კომიდან გამოსული ახალგაზრდა ქალის ცხოვრება

28 წლის ინგა ბალანჩივაძის ცხოვრება მეორე შვილზე ორსულობამ ტრაგიკულად შეცვალა. 2018 წლის მაისში ექიმთან ვიზიტისას გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალს გარე ორსულობა ჰქონდა, რის გამოც ოპერაცია დაინიშნა.

ქუთაისში, ხონელიძის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ინგა ბალანჩივაძე ორი თვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მერვე თვეა რეაბილიტაციას გადის. გადატანილი ოპერაციების და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს ინგას მეუღლე, გაგა ბალანჩივაძე ესაუბრა. თავად ახალგაზრდა დედას, სხვა სირთულეებთან ერთად ამ დრომდე მეტყველების პრობლემაც აქვს.

"ვიფიქრეთ, რომ ფეხმძიმედ იყო და კონსულტაციაზე წავედით ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკაში. ჩავატარეთ ანალიზები, აღმოჩნდა საშვილოსნოს გარე ორსულობა, რომლის შეწყვეტის ოპერაცია საღამოს ცხრა საათზე დაინიშნა. კლინიკაში ექიმები დავით ჟორჟოლიანი და ჯანინა აბულაძე დაგვხვდნენ. ხანმოკლე ოპერაციაა და რომ დააგვიანდა ერთი საათი, მოვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს რომ ყველაფერი კარგად იყო და ოპერაცია გაგრძელდა. მეორედ რომ მოვიკითხე, დაცვამ ზემოთ არ ამიშვა. აღმოჩნდა, რომ მიმალავდნენ ოპერაციის შემდგომ გართულებებს.

ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ, ძალით ავედი საოპერაციოში. მეანგინეკოლოგმა თქვა, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ ნარკოზიდან ვერ გამოჰყავდათ. რეალურად, ამ დაგვიანებამ შეგვიქმნა პრობლემები, რადგან დამალეს, თავად არ ჰქონდათ რეანიმაციული განყოფილება, არ ჩაუტარდა სწორი მკურნალობა და არც გადაიყვანეს. რომ არ დაემალათ, ამხელა გართულება არ მოყვებოდა. გამოვიძახეთ მეგობარი ანესთეზიოლოგი, რომელმაც გვითხრა, რომ აუცილებელი იყო რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. დაახლოებით ღამის ორ საათზე გადავიყვანეთ დიაგნოსტიკურში, სადაც გვითხრეს, რომ თითქმის მკვდარი შევიდა ინგა.

ჩემი მეუღლე უმძიმესი დაზიანებით იყო - აღენიშნებოდა თავის ტვინის ჰიპოქსია, კეფის ნაწილში იყო ტვინი დაზიანებული, განვითარდა თრომბოლიზი და შეიქმნა გულის პრობლემა. სამი დღე ვიყავით კლინიკაში. გვითხრეს, რომ ორშაბათ დილას გამოაღვიძებდნენ და კარგად იქნებოდა. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ პრობლემას პრობლემა დაემატა. წავიდა შეშუპება და აუცილებელი იყო თავის გახვრეტა და „დაჩიკის“ ჩასმა. როდესაც ვკითხე, თუ რა მოხდებოდა წნევის აწევის დროს, გვითხრეს, მოხდიდდნენ თავს და დაელოდებოდნენ წნევის დაწევას. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გადმოგვეყვანა თბილისში. ამაზე უარს ამბობდნენ, რეკავდნენ კლინიკებში და აიძულებდნენ უარი ეთქვათ მიღებაზე, ვიდრე ახლობლები არ ჩავრიეთ, არ დაგვთანხმდნენ.  იხილეთ სრულად