მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა - კვირის პალიტრა

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. როგორც მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის გუშინ ესაუბრა საპატრიარქოს წარმომადგენლებს ტელეფონით და მიიღო დაპირება, რომ დღეს გაიხსნებოდა მონასტერი.

მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

კერძოდ საპატრიარქოს პოზიციით, გარემოვაჭრეების ქმედება მოუწესრიგებელი იყო და არღვევდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს.

"ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებს მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყიათ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა დასაქმებულმა პირმა მევლუდ ღარიბაშვილმა განუცხადა, ისინი ელოდებიან კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს და მათგან შეთავაზებას ალტერნატიულ ფართზე.

"ჩვენ ახლა დახლებს იმიტომ არ ვხსნიდით, რომ ველოდებით კულტურის სამინისტროდან წარმომადგენელს და მზად ვართ იქ დავიწყოთ მუშაობა, სადაც შემოგვთავაზებენ და შეგვიქმნიან პირობებს", - განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა.

ამასთან, გარემოვაჭრეები ეხმაურებიან საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ აუცილებელია გარევაჭრობის მოწესრიგება.

"მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოს განცხადებას, სადაც ანტისანიტარიაზე საუბრობენ. ჩვენ არაფერ შუაში ვართ. თვითონ სასულიერო პირების მხრიდან ხდება ტერიტორიის დაბინძურება. ისინი ყრიან ნარჩენ სანთლებს და სხვადასხვა ნივთებს ღია სივრცეში", - განაცხადა მევლუდ ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"